Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ის, რაც მარნეულს და ბოლნისს გვაშორებს: „უთანასწორობისა და რასიზმის ღრმა და უჩინარი ხაზები“


მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობის მიმართ ქსენოფობიის ახალი ტალღა ორიოდე დღის წინ, ბოლნისის რაიონის სოფელ დელლერში (მუშევანში) მომხდარი ამბის მერე აგორდა, როცა იქ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სამედიცინო დახმარების სამსახურსა და პოლიციას Covid-19-ით დაავადებული თანასოფლელების ჰოსპიტალში გადაყვანა არ დაანება.

ბოლნისი, სოფელი მუშევანი
ბოლნისი, სოფელი მუშევანი

ფეისბუკი აჭრელდა სტატუსებით, თუ „რა გახდა ეს მარნეული“: განსაკუთრებით აღშფოთებულებში მარნეულთან (და ბოლნისთან) კედლის აშენების და იქაურობის „მე-13 რაიონად“ გამოცხადების იდეაც გაჩნდა, რომელსაც, სხვათა შორის, ბევრმა აუბა მხარი.

მუშევანში მომხდარი ამბავი

პირველ მაისს ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ეპიდემიოლოგებს ხელი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეუშალეს, რომლებიც ნასვამები იყვნენ.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება მაინც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოქმედი დირექტორის, ზაზა აბაშიძის სახელით საჯაროდ ნათქვამმა სიტყვებმა მიიპყრო, რომელიც რეაგირების გარეშე არც სამოქალაქო სექტორს დარჩენია, არც პოლიტიკოსებს და ცხადია, აზერბაიჯანული თემიც ძალიან გაანაწყენა.

„უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ... არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში“... აბაშიძის ამ ფეისბუკპოსტს ადრესატების მიმართ უცენზურო სიტყვებიც ახლდა - რუსულად და ქართულად.

თავად ზაზა აბაშიძეს, სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ გამონათქვამებზე ამ დრომდე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. მას არც დაუდასტურებია და არც უარუყვია საკუთარი პოზიცია. არც ის დაუდასტურებია, ეკუთვნის თუ არა მას უცენზურო გამოთქმები. (განახლება: მოგვიანებით ზ. აბაშიძემ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა შემდეგი განმარტება)

4 მაისს თანამდებობიდან აბაშიძის გადაყენება მოითხოვა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“, თავად აბაშიძის განცხადებები კი, ეთნიკური შუღლისა და ძალადობისაკენ მოწოდებად შეაფასა.

ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნა მთავრობას მოსთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა „არა ფობიამ“ - რვა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ აბაშიძის პოზიცია „აღვივებდა ეთნიკურ შუღლს და გამოხატავდა არაჰუმანურ დამოკიდებულებას ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ“.

სამოქალაქო სექტორმა ხელისუფლებას ასევე მოსთხოვა მკაფიო განცხადებების გაკეთება აზერბაიჯანული თემის მიმართ აგორებული ქსენოფობიური ტალღის წინააღმდეგ.

მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა მისამართით სიძულვილის შემცველი განცხადებები გავრცელდა ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, როცა მარნეულელი ქალის კორონავირუსით დაინფიცირების ამბავი გავრცელდა და მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა.

„არა ფობიას“ განცხადებაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სიტყვებზეც იყო ხაზი გასმული, რომლებიც მან 2 მაისს, მარნეულში გამართულ შეხვედრაზე თქვა და სოფელ მუშევანში შექმნილ ვითარებას „პოლიტიკური საკითხი“ უწოდა, ხოლო ადგილობრივი მოლასა და მუფთის მისამართით კი თქვა, რომ ისინი ამ პროცესში „ცუდ როლს თამაშობენ“.

„როდესაც საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად კრიტიკულად აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვა, ეთნიკური სიძულვილის შემცველი და არაჰუმანური დამოკიდებულებები უფრო მეტად ართულებს ამ პროცესს“, - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

შეხვედრას, სადაც გამყრელიძემ ეს სიტყვები თქვა, მარნეულის ტელევიზია ფეისბუკით პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

სწორედ აქ ილაპარაკა ამირან გამყრელიძემ, რომ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა და ამის მოსაგვარებლად, მოლაპარაკებებში ლიდერების ჩართვა და თერმოსკრინინგისა და გამოკვლევების აუცილებლობაში მათი დარწმუნება იყო საჭირო.

Covid 19-ის შემთხვევების რიცხვი ქვემო ქართლში, 2 მაისის მონაცემებით

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რომელიც მან მარნეულში, 2 მაისს გააკეთა, Covid-19-ით ინფიცირებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის.

იქ სულ 189 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, თეთრიწყაროში - 49, ბოლნისში - 107, ხოლო მარნეულში - 33.

მოგვიანებით, გამყრელიძემ საკმაოდ გრძლად განმარტა, თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვებში და ისიც აღნიშნა, რომ საუბარი მიდიოდა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც, თურმე, მასთან შეუთანხმებლად გავიდა „ფეისბუკლაივში“:

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მუშევანში სერიოზული დაპირისპირება მოხდა... საჭირო იყო მეტი განმარტებითი, მოსამზადებელი მუშაობა, რომ ეს არ მომხდარიყო. სწორედ ეს ვიგულისხმე, რომ ამ ეთნიკურ უმცირესობასთან გვჭირდება მეტი ურთიერთობა და ამაში რელიგიური ლიდერები ჩაგვერთო. მუსლიმ თემთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით, პატივს ვცემ ყველა რელიგიას... სამუშაო თათბირზე საუბარი ამაზე მიდიოდა, იქ ისეთი დეტალებია ჩემი საუბრიდან ამოღებული, ვერ ვიხსენებ, ამ ფორმით ვთქვი თუ არა, რომელმაც ამ თემთან გარკვეულ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. ბოდიშის მოხდა არ მიჭირს არასდროს და შემიძლია მოვიხადო კიდეც, თუ ასეთი რამე წამომცდა იქ. თუ ეს ფრაზა ჩემ მიერ იქნა გამოყენებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აზერბაიჯანული თემისთვის საწყენი აღმოჩნდა როგორც ზაზა აბაშიძის და მისი ფეიბუკმეგობრების რიტორიკა, ისე ამირან გამყრელიძის სიტყვებიც - ეს კარგად გამოჩნდა ისევ სოციალურ ქსელში გავრცელებულ საჯარო რეაქციებში.

წარმოშობით ბოლნისელმა ბლოგერმა და აქტივისტმა, ელლმადინ მამედლიმ თავის ბლოგში დაწერა კიდეც, რომ პანდემიამ და მარნეული/ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ საქართველოს საზოგადოებაში არსებული ორი უჩინარი საკითხი გააშიშვლა: „ქვეყნის შიგნით არსებული უთანასწორობისა და რასიზმის ღრმა და უჩინარი ხაზები და მეორე, ცენტრსა და პერიფერიებს, უმრავლესობასა და უმცირესობას, ელიტებსა და ჩაგრულებს შორის კავშირების ტრივიალური ბუნება“.

ელლმადინ მამედლი რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც შენიშნავს, რომ სოფელსა და ცენტრს შორის არსებობს კომუნიკაციის პრობლემაც, ნდობის პრობლემაც. ინფორმაცია სწორად ვერ მიდის კონკრეტული სოფლიდან ბოლნისამდე და რომ საჭიროა ხელისუფლების წარმომადგენლების ადგილზე მისვლა და ხალხთან ლაპარაკი.

„დელლერში (მუშევანში) მომხდარი ამბავი არ უნდა შეფასდეს ზედაპირულად, რომ ვიღაცამ ვიღაცას უბრალოდ შეურაცხყოფა მიაყენა. არა. ჩვენ ახლა ვდგავართ წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების წინაშე“, - გვითხრა ელლმადინმა.

მისი ბლოგის ბოლოს, რომლის გამოქვეყნების შემდეგ ელლმადინს თურმე რამდენჯერმე დაურეკეს ბოლნისიდან, ლანძღეს და ინტრიგანი ეძახეს, ავტორი დანანებით შენიშნავს, რომ მთელ ამ ამბავში დამნაშავე აღმოჩნდა ისევ ის მოსახლეობა, რომელსაც:

  • სახელწიფომ ვერ მიაწოდა სწორი ინფორმაცია ვირუსის არსებობის შესახებ და ვერ დააჯერა, რომ ეს საფრთხე კოლექტიური და ამავე დროს უნივერსალურია;
  • მოსახლეობა სახელმწიფომ საკუთარი ბედის ანაბარად დატოვა;
  • მოსახლეობა, რომლის ტრადიციებსაც არ იცნობს სახელმწიფო:
  • მოსახლეობა, რომელსაც კარგად ახსოვდა მათი გარიყვის და ქვეყნიდან დევნის ისტორია.
ბოლნისი, სოფელი მუშევანი
ბოლნისი, სოფელი მუშევანი

„დეზინფორმაციაც მუშაობს“, - გვეუბნება კიდევ ერთი აქტიური აზერბაიჯანელი აქტივისტი, პლატფორმა „სალამის“ წევრი ქამრან მამედლი. და ამაში გულისხმობს იმას, რომ მართალია, აზერბაიჯანელებმა იციან კორონავირუსის არსებობის შესახებ, თუმცა მათი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სოფლებში, სკეპტიკურად უყურებს ვირუსისგან მომდინარე საფრთხეს და ხშირად იმ კონსპირაციულ თეორიებსაც უჯერებს, რასაც აქტიურად ავრცელებს, მაგალითად, რუსეთის მედია.

ეს უნდობლობა და სწორი ინფორმაციის უკმარისობა ხალხში იწვევს იმ განწყობებს, რომ ჩაკეტვის და შინ დარჩენისკენ მოწოდების მიზანი მათი დაცვა კი არა, მათი კონტროლია, ან ის, რომ მათ მოსავლის აღებაში ხელი შეეშალოთ, ან ის, რომ ეს მოსავალი ვერ გაყიდონ და ა.შ.

ქამრან მამედლი ამბობს, რომ ხალხი საკუთარი თვალსაწიერიდან აფასებს მოვლენებს და ეს, პირველ რიგში, ან არასწორი კომუნიკაციის, ან, საერთოდ, ამ კომუნიკაციის არარსებობის შედეგია:

„ჩვენ, ვისაც გვესმის ქართული ენა, ანუ დანარჩენი საქართველო, ყოველწამიერად ვიგებთ და ვაახლებთ ინფორმაციას კორონავირუსზე. ისინი ასე არ არიან, ისინი ვერ უსმენენ ქართულენოვან არხებს, ვერ ეცნობიან ინფორმაციას ინტერნეტში და, შესაბამისად, ვითარებასაც სხვანაირად აფასებენ. რას ხედავენ ისინი? რომ მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვიდან დიდი ხანი გავიდა, ელოდნენ დიდ ეპიდაფეთქებას, რაც არ მოხდა და იქ მაინც ყველაფერი მკაცრად ჩაკეტილია. გაჩნდა პროდუქტის გაყიდვის პრობლემა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა მის გადასაჭრელად. ამ ხალხმა დაინახა, რომ ამ ჩაკეტილობამ მათი ყოფა მხოლოდ გააუარესა და ისე სცადა ამის მოგვარება, როგორც ეს მას შეუძლია და წარმოუდგენია. აი, ამ მდგომარეობაში მყოფ ხალხს ლანძღავენ დღეს. ვფიქრობ, ამ ქსენოფობიური განცხადებების საფუძველი ისევ წარსულში უნდა ვეძებოთ. ეს იერარქია ხომ დიდი ხანია აქ არსებობს, რომ „ეთნიკური ქართველი უკეთესია, უფრო ჭკვიანია“. საკმარისია ერთი მიზეზიც, რომ ვინც მართლა ასე ფიქრობს, გამოვიდეს და ასეთი განცხადებები აკეთოს. როგორც ეს ზაზა აბაშიძემ გააკეთა“, - გვეუბნება ქამრან მამედლი.

რა არის მთავარი მიზეზი იმისა, რაც მარნეულსა და ბოლნისში მოხდა და შესაძლოა, კიდევ მოხდეს? იქნებ ის, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა სუსტია? ასე ფიქრობს, მაგალითად, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, რომელიც წლებია მუშაობს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე.

მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ინტეგრაციის და სამოქალაქო თანასწორობის სტრატეგია და გეგმა, ის არ ითვალისწინებს ახალ და რადიკალურად ცვლილებების მომტან მიდგომებს.

ეს ფორმალური და ზედაპირული პოლიტიკაა, - ამბობს თამთა მიქელაძე და ამიტომ არის, რომ, მისი სიტყვებით, „იზოლაციის, ჩაურთველობის, გარიყულობის განცდა და რეალობა ამ თემში არსებობს“.

თამთაც იმ დამკვირვებლებს შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანული თემის ინფორმირება, ვირუსის, მისი საფრთხისა თუ პრევენციული გზების შესახებ, გვიან მოხდა.

„დღეში 8-10 წუთით საზმაუს ტელეეთერიდან მიღებული ინფორმაცია და რამდენიმე სმს და ბუკლეტი საკმარისი არაა, რომ ვირუსის რისკების შესახებ რწმენა რეალურად გაჩნდეს. ცხადია, რომ ინფორმაციის და ენის პოლიტიკა ასევე გადასააზრებელია და ამ კრიზისის დროს ეს კარგად დავინახეთ“.

ამას დაემატა ის, რომ მარნეული და ბოლნისი ყველაზე ადრე და მკაცრად ჩაიკეტა. და უცებ გამოჩნდა, ამბობს თამთა მიქელაძე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტის გამოტანის პროცესი სათანადოდ ორგანიზებული არ იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პოლიტიკა კი სუსტი და ფრაგმენტული აღმოჩნდა, ხოლო ჰუმანიტარული რესურსების მობილიზება - გაჩერებული:

„ცხადია, რომ სოციალური გამოწვევები, უიმედობა და ამ ხალხთან პოლიტიკური დიალოგის არარსებობა დაძაბულობის და უკმაყოფილების საფრთხეს აჩენს. კარგია ის, რომ მთავრობამ სოფელ მუშევანში მომხდარს არ უპასუხა რეპრესიით. მე მგონია, რომ ამ კრიზისის დროს მთავრობა კარგად უნდა ხედავდეს, ინტეგრაციის პოლიტიკის რა ხარისხის ჩავარდნა გვაქვს ამ რეგიონებში. ცხადია, რომ თავისთავად ეს ფაქტი, რაც ბოლნისში მოხდა, კანონსაწინააღმდეგო იყო, მაგრამ ჩვენ, როგორც საზოგადოებას და სახელმწიფოს, მოგვეთხოვება ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ მიზეზებზე და არა მხოლოდ შედეგებზე“.

რაც შეეხება ქსენოფობიურ განცხადებებს, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ეს ამჯერადაც მოსალოდნელი იყო, რადგან 90-იანი წლების აგრესიულმა და პოპულისტურმა ეთნოცენტრიზმმა მხოლოდ მცირედით იცვალა სახე, მაგრამ „ის ჩვენი თვითიდენტიფიკაციის და პოლიტიკურ სუბიექტად გაგების ყველაზე ძლიერ იდეად დარჩა“ - მისი ალტერნატივა პოლიტიკურ ელიტებს არ შეუქმნიათ.

ჩაკეტილი მარნეული
ჩაკეტილი მარნეული

„მოგვისმენია თანასწორობის მხარდამჭერი განცხადება, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის მხრიდან? გაბედული, ძლიერი განცხადება, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს მართლა შეუქმნიდა განცდას, რომ ის ხედავს და გრძნობს მათ წუხილს. ამგვარ რიტორიკაზე და მის პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობაზე მთავრობაში არავინ ფიქრობს. ოპოზიციური ჯგუფების რიტორიკა ასევე არ არის გამორჩეული ამ კუთხით. ამიტომ მოჯადოებულ წრეში ვართ. აქედან გარღვევა იქნებ ისევ სოლიდარობის შენებით და მისი მცირე პრაქტიკების შექმნით მოვახერხოთ?!“ - გვეუბნება თამთა მიქელაძე.

4 მაისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობას მოახსენა, რომ 3 მარტიდან დღემდე კარდაკარ არის დარიგებული ნახევარ მილიონზე მეტი ბეჭდური მასალა. რომ საინფორმაციო კამპანია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

კიდევ თქვა, რომ StopCoV.ge-ზე ყველას შეუძლია ნახოს ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, აფხაზურად, ოსურად, სომხურად და აზერბაიჯანულად. და რომ პრემიერმა გუბერნატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, „საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG