ვის უღებენ სინჯს კორონავირუსზე და გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობის ტესტები?
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად საკმარისი რაოდენობის ტესტი არსებობს. პირველი, 2000 ტესტი საქართველოში თებერვლის დასაწყისში, გერმანიიდან ჩამოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მას შემდეგ, დამატებითი ტესტები შეიძინეს დიდი ბრიტანეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ამერიკიდან. საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას ტესტებით მოამარაგებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ ცენტრში უახლოეს მომავალში ელოდებიან ახალი ტიპის ტესტებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, რომ ანალიზების პასუხისათვის საჭირო 5-6 საათიანი ვადა კიდევ უფრო შეამცირონ.

ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის საქართველოს ყველა სახმელეთო საზღვართან და ყველა საერთაშორისო აეროპორტთან საველე კარვები დამონტაჟდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კარვები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.
შსს განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები შემოწმების შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. უწყება განმარტავს, რომ კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.
"სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ", — განმარტებულია შსს-ს განცხადებაში.

ქუათაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ამ დროისთვის, სავარაუდო კორონავირუსის ინფექციით 9 პაციენტია მოთავსებული. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებს სწავლის შეწყვეტის ნაცვლად ონლაინგაკვეთილების ჩატარებას ურჩევს. მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს აქვთ.
"სწავლა და განათლება არის ჩვენთვის მთავარი. ნუ შევწყვეტთ ამას და გადავიდეთ, თუ შესაძლებელია, ონლაინ, ვირტუალურ გაკვეთილებზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. საქართველოში კარანტინში 97 ადამიანია, მათგან 40 სამედიცინო დაწესებულებებშია. გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიაში თბილისიდან, გორიდან და ქუთაისიდან გადასამოწმებლად სულ 14 სინჯია გადაგზავნილი.