Accessibility links

ლანა ესტემიროვა: „ის გაიტაცეს, როცა მეძინა“


ლანა ესტემიროვა

15 ივლისს 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ნატალია ესტემიროვა, უფლებადამცველთა ცენტრის, „მემორიალის“, თანამშრომელი, ჩეჩნეთში უცნობებმა საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან გაიტაცეს და იმავე დღეს სიცოცხლეს გამოასალმეს. ტყვიებით მოკლული უფლებადამცველი იმავე დღეს იპოვეს ინგუშეთში, ტრასა „კავკაზის“ მახლობლად.

დედის მკვლელობის შემდეგ ნატალია ესტემიროვას ქალიშვილმა, ლანამ, რომელიც ახლა 25 წლისაა, მალევე დატოვა ჩეჩნეთი და უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ნატალია ესტემიროვას მკვლელობის მეათე წლისთავზე ლანა ესტემიროვა მოსკოვში ჩავიდა და ინტერვიუ მისცა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ .

მე ძალიან ხშირად ვფიქრობდი დედას დაღუპვის მეათე წლისთავზე, ჩემთვის ეს იყო რაღაც მნიშვნელოვანი თარიღი. მთელი ეს წლები ვფიქრობიდ მასზე და ყოველთვის ვიცოდი, რომ მეათე წლისთავზე მომინდებოდა ვყოფილიყავი „მემორიალში“, დედას სამსახურში, მისი კოლეგების გარემოცვაში. ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე დღით სპეციალურად ჩამოვსულიყავი, რათა ამ მომენტში ვყოფილიყავი აქ, მის მეგობრებსა და კოლეგებთან ერთად.

მე მეძინა და იმ დროს, როდესაც მეძინა, დედა გაიტაცეს. ჩვენი ოთახის ფანჯრები მოპირისპირე მხარეს გადიოდა და მისი ყვირილი საერთოდ არ გამიგონია. როცა გავიღვიძე, ვაპირებდი დედა რამდენიმე საათის შემდეგ მენახა.
ლანა ესტემიროვა

მე ამჟამად დიდ ბრიტანეთში ვცხოვრობ. დედას მკვლელობის შემდეგ მალევე გასაგები გახდა, რომ რუსეთში ჩემი ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. დედასაც ძალიან უნდოდა, რომ განათლება საზღვარგარეთ მიმეღო. ამიტომ მე-11 კლასამდე რუსეთში ვისწავლე და სწავლის გასაგრძელებლად წავედი ოქსფორდში, დიდ ბრიტანეთში.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“: განათლება პრიორიტეტი იყო, თუ გამგზავრება უკავშირდებოდა იმას, რომ უსიამოვნო იყო აქ დარჩენა, ანდა სახიფათო?

ლანა ესტემიროვა: ცხადია, დედას მეგობრები, პირველ ყოვლისა, ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, მაგრამ არა მგონია, განსაკუთრებით რამე მემუქრებოდეს. გულწრფელად რომ ითქვას, იმ დღის შემდეგ, როდესაც დედა მოკლეს, როდესაც პირდაპირ ჩვენი სახლის წინ გაიტაცეს, მე ჩეჩნეთს საკუთარ სახლად აღარ ვთვლი. ალბათ, ამას, გარკვეულწილად, ღალატად აღვიქვამდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება სადმე სხვაგან უნდა მომეწყო.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“: საერთოდ, გახსოვთ ის დღე?

ლანა ესტემიროვა: კი. ძალიან ძნელია ამის გახსენება. ალბათ, საჭიროა ვისწავლო ამაზე ლაპარაკი. ჩვენ ვცხოვრობდით მრავალსართულიან სახლში. მე მეძინა და იმ დროს, როდესაც მეძინა, დედა გაიტაცეს. ჩვენი ოთახის ფანჯრები მოპირისპირე მხარეს გადიოდა და მისი ყვირილი საერთოდ არ გამიგონია. როცა გავიღვიძე, ვაპირებდი დედა რამდენიმე საათის შემდეგ მენახა, - სოფელში თავის ნათესავებთან უნდა წავეყვანე. ავდექი, ჩავალაგე ჩანთა, რადგან ფრანგულში გაკვეთილი უნდა მქონოდა. ვუგზავნიდი მას ტექსტურ შეტყობინებებს, მაგრამ არ მპასუხობდა. როგორც ყოველთვის, ახლაც ვიფიქრე: რატომაა, რომ ყოველ ჯერზე მუშაობს და არ ამჩნევს ჩემს ესემესებს-მეთქი?! თავადვე არ მთხოვა, რომ მიმეწერა?! ვეცადე დამერეკა, მაგრამ მისი ტელეფონი არ პასუხობდა.

არ გავიშვერ თითს არავისკენ, რადგან ეს ყველაფერი სპეკულაციებია. მაგრამ, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ამაში დამნაშავეა ყველა. ამაში დამნაშავეა პუტინი, კადიროვი და მთელი ის სისტემა, რომელიც მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნეს.
ლანა ესტემიროვა

წავედი „მემორიალის“ გროზნოს ოფისში. ჩანდა, რომ იქ მისი კოლეგები ნერვიულობდნენ, მაგრამ მე დამამშვიდეს: „საშიში არაფერია, ყველაფერი რიგზეაო“. ვფიქრობდი, იქნებ სადმე დააკავეს და რომელიმე მოხელის ოფისში იმყოფება-მეთქი. ადრე არაერთხელ დაუკავებიათ. ეს მე მშიდად აღვიქვი, მაგრამ შემდეგ აღელვება მაინც გადმომედო. გავიდა 5-6 საათი და ღამის გასათევად დედას კოლეგასთან წამიყვანეს. უკვე ძალიან ვღელავდი. ვხედავდი, რომ რაღაც ისე არ მიდიოდა საქმე.

იმ დროს არავინ არაფერს მეუბნებოდა, რადგან იმ მომენტში არც არაფერი იცოდნენ. მერე უცებ ჩემთან ვიღაცამ დარეკა. ერთი ქალი, რომელიც ოჯახის ახლობელიც კი არ იყო, ტელეფონში ქვითინებს და მეუბნება: ‘შენ ჯერ არ იციო“?

რა-მეთქი.

„არავინ გითხრა? დედა მოკლესო“.

მე, უბრალოდ, შოკში ჩავვარდი. ვუყვირე, ყურმილი დავაგდე და მაშინვე გავიქეცი. მახსოვს, რომ გული ამერია და გონება დავკარგე. მეორე დღეს, როცა ოფისში წავედით, იქ გარეთ უკვე უამრავი ხალხი იყო. მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა. მახსოვს, გავიქეცი და რატომღაც დეიდას დავურეკე: „არავის არ დაუჯერო, დედა ცოცხალია-მეთქი“. მაგრამ შემდეგ დედას კოლეგების სახე დავინახე და მივხვდი, რომ აღარ იყო. დედას კოლეგამ გვერდზე გამიხმო და მითხა, რაც მოხდა.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“: თქვენ ხართ დაზარალებულად მიჩნეული დედის დაღუპვის თაობაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში? გამომძიებლები რამენაირად თუ გიკავშირდებიან?

ლანა ესტემიროვა: დეიდა, დედის დაა დაკავებული გამოძიებით და ოფიციალურ დაზარალებულად იგია მიჩნეული, რადგან დედას მკვლელობის დროს მე არასრულწლოვანი ვიყავი და არ შემეძლო ამ ყველაფრის გარკვევა. ცხადია, ახლა უკვე, უფრო შეგნებულ ასაკში, მეც ჩავერთე, ვაკვირდები დროდადრო, თუ როგორ მიდის გამოძიება. მრავალი წლის განმავლობაში არ შემეძლო ამ ყველაფრისათვის თვალი მედევნებინა, ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“: ვის ადანაშაულებთ? ვინ არის, თქვენი აზრით, დედას უშუალო მკვლელი?

ლანა ესტემიროვა: არ გავიშვერ თითს არავისკენ, რადგან ეს ყველაფერი სპეკულაციებია. მაგრამ, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ამაში დამნაშავეა ყველა. ამაში დამნაშავეა პუტინი, კადიროვი და მთელი ის სისტემა, რომელიც მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნეს. სისტემა, რომელშიც არ შეიძლება სიმართლის თქმა შედეგის გარეშე; სისტემა, რომელშიც არ შეიძლება ხელისუფლების ქმედებისა თუ უმოქმედობის კრიტიკა. დამნაშავეა მთელი ეს სისტემა, რომლის წინააღმდეგაც დედა იბრძოდა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას ახლა აგრძელებს ასობით უფლებადამცველი, აგრძელებენ ჟურნალისტები და ადვოკატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG