Accessibility links

მეორე ტური კანონთან კონფლიქტში


არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს, ოთხშაბათს, დანიშვნის ჭრილში სამოქალაქო საზოგადოება კანონდარღვევას ხედავს და, კონკრეტულად, საზღვარგარეთ გახსნილი უბნების სამუშაო საათების გახანგრძლივებასთან მიმართებით. პარალელურად, იურისტები და კონსტიტუციონალისტები კვლავაც ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ცესკომ უგულებელყო ამომრჩეველთა არცთუ მცირე ნაწილის უფლებები და ეს შესაბამისობაშია ხელისუფლების ინტერესებთან.

კანონდარღვევაა თუ არა საარჩევნო უბნების 12 საათამდე მუშაობა

იურისტები მიიჩნევენ, რომ საზღვარგარეთ მოქმედი უბნებისთვის სამუშაო დროის გახანგრძლივება კანონდარღვევაა, რადგანაც, საარჩევნო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, კენჭისყრა იმართება „დღის 8 საათიდან 20 საათამდე“ და ეს წესი საერთოა ყველასთვის. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ირმა პავლიაშვილმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, ცესკოს არ შეუძლია დაუშვას გამონაკლისი კანონის მოთხოვნებთან მიმართებით.

  • „კენჭისყრის პროცედურის გახანგრძლივებით საარჩევნო ადმინისტრაცია გასცდა კანონმდებლობას. მართალია, კანონმდებლობა ცესკოს აძლევს უფლებას, რომ განსაზღვროს საარჩევნო კოდექსით დაურეგულირებელი პროცედურები, მაგრამ ამ შემთხვევაში კოდექსში გაწერილია ზუსტი წესი, თუ როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემისა და შემდეგ შედეგების შეჯამების პროცესი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირმა პავლიაშვილმა.

პავლიაშვილი ასევე ფიქრობს, რომ კენჭისყრის პროცედურის გახანგრძლივება დიდი შეღავათი არ იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები დასაქმებული ადამიანებისთვის, რადგან ბევრი მათგანისთვის შეუძლებელი იქნება ასობით კილომეტრის გავლა და საათობით მგზავრობა საარჩევნო უბნებამდე მისაღწევად. ცესკოში კანონდარღვევას კატეგორიულად უარყოფენ და თავიდანვე აცხადებდნენ, რომ არჩევნების თარიღს კონკრეტული პროცედურების -მათ შორის საარჩევნო დავების - დასრულების თარიღი განაპირობებს.

საზღვარგარეთის უბნებისთვის სამუშაო დროის 4 საათით (შუაღამის 12 საათამდე) გახანგრძლივების გადაწყვეტილება ცესკომ 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო და ეს იმით ახსნა, რომ 28 ნოემბერს - ოთხშაბათს, სამუშაო დღეს - საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მეტი დრო მისცემოდათ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნით ცესკომ უგულებელყო ამომრჩეველთა ნაწილის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

28 ნოემბერს საქართველოს ფარგლებს გარეთ 55 საარჩევნო უბანი იმოქმედებს. ჯერჯერობით არ არის შეჯერებული ერთიანი სია, თუ რამდენ ადამიანს მიეცემა ხმის მიცემის შესაძლებლობა საზღვარგარეთ, მაგრამ, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის მიწოდებული სიის თანახმად, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 58 974 პირი. ამ მონაცემებთან უნდა შეჯერდეს ასევე სხვა სტრუქტურების მიერ მოწოდებული სიები. არჩევნების პირველ ტურში საზღვარგარეთ ერთიან საარჩევნო სიაში 57 637 ამომრჩეველი ირიცხებოდა.

მეორე ტურის ფორმულა

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები სამუშაო დღეს არ უნდა გაიმართოს.

  • მე-6 მუხლის თანახმად, „ არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა), /რეფერენდუმი/ პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს“;
  • 95-ე მუხლის თანახმად, „ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს“.

მართალია, კანონი ამ მუხლებით საპრეზიდენტო არჩევნების კვირა დღეს ჩატარებაზეც მიგვითითებს, მაგრამ ამ ჭრილში არაფერია ნათქვამი კონკრეტულად მეორე ტურის შესახებ. როგორც საიას წარმომადგენელმა, ირმა პავლიაშვილმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, საარჩევნო კოდექსი მეორე ტურის თარიღის გამოთვლისთვის ცალკე ფორმულას გვთავაზობს.

  • 104-ე მუხლის თანახმად, „ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს“;
  • 105-ე მუხლის თანახმად, „არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე“.

ცესკოს არჩევნების შედეგების შესაჯამებლად ბოლო ვადა 17 ნოემბრამდე ჰქონდა და თუკი ამ დღეს შეაჯამებდა, არჩევნების მეორე ტურს 1 დეკემბერი მოუწევდა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები შეახსენებდნენ ცესკოს, რომ საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ადმინისტრაციას არ ავალდებულებს, რომ არჩევნების შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე.

როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელისუფლების თამაში ითამაშა“, რადგან არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნითა და ამომრჩევლების ნაწილისთვის ბარიერების შექმნით მან სწორედ ხელისუფლების ინტერესებს დაასხა წყალი. „ხელისუფლებას აწყობს, თუკი ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, რადგან ასეთ შემთხვევაში მის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიყვანილი ამომრჩევლების წილი უფრო მაღალი იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მენაბდემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG