Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მესამე ცენტრის“ პოლიტიკური პერსპექტივები - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 მაისს


დაკარგული ნდობა და მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციაში გაჩენილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა მას მერე რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ არ აპირებს თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე ცენტრის შექმნაც ენმ-ის გარეშე იგეგმება.

ჩვენი მიზანია (თვითმმართველობის არჩევნებზე) ჩატარდეს არა რეფერენდუმიქოცებსადანაცებსშორის, არამედ რეალური ალტერნატივა დავუტოვოთ ამომრჩევლებს - უთხრა რადიო თავისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ჯერ კიდევ იანვარში საუბრობდნენ, თუმცა ამ იდეამ მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია მაშინ, როცა არჩევნებამდე მხოლოდ ხუთი თვეა დარჩენილი.

პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას, როგორც თბილისის მერობის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს არაერთი პარტია და პოლიტიკოსი უჭერს მხარს, ენმ-ის ბლოკის მიღმაც. მისი თანაპარტიელები დარწმუნებულები არიან, რომ მელია ამ არჩევნებზე ოპოზიციის ავანგარდში იქნება.

ვინ ვის გვერდზე შეიძლება დადგეს? გაიგე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიიდან.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

5 მაისს საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრაზე რეგისტრაცია გაიხსნა. მოქალაქეებს მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირება ნებისმიერ დაწესებულებაში შეუძლიათ, პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. დარეგისტრირებული პირები აცრის ჩატარებას 10 მაისიდან შეძლებენ.

დღეს, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დამატებითი 46 ათასი დოზა შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით ამდენივე დოზას მაისის ბოლოსაც ელოდებიან.

ვაქცინაციის პროცესი გრძელდება ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით. დღეს იგეგმება პარლამენტის წევრების საჯაროდ აცრა.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, 5 მაისს კორონავირუსის 2171 შემთხვევა გამოვლინდა. 5 იანვრის შემდეგ ეს შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თამარ გაბუნიას თქმით გაზრდილი რაოდენობა აღდგომის დღეებში დაგროვილ შემთხვევებს ასახავს.

წაიკითხე მეტი.

შს მინისტრი: მოპედებით გდაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, მოპედების რეგისტრაცია ქვეყანაში სავალდებულო უნდა გახდეს, მძღოლებს კი მართვის მოწმობა დასჭირდებათ.

„ამაზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, - თქვა გომელაურმა.

მინისტრის თქმით მოპედის მძღოლებს შორის გარდაცვალების სტატისტიკა მაღალი არ არის. მეტია მოტოციკლის მძღოლებს შორის, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება.

გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუა სოლომონ ცეცხლაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ.

5 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთში გარდაცვლილი გოგოს საქმეზე არსებითი განხილვა უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხოლოდ პატიმრობაზე იმსჯელა, პროცესი კი გადაიდო, რადგან საქმის ძირითადი მოსამართლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ვერ ესწრებოდა.

5 მაისს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა ამავე საქმეში ბრალდებული 23 წლის ნიკა ტაკიძის საქმეზე. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (115-ე და 140-ე). კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავება. ნიკა ტაკიძესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვანს.

წაიკითხე მეტი.

დუმის კანონპროექტი ფაქტობრივად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს ნავალნისა და მის მომხრეებს

რუსეთის კანონმდებელთა ჯგუფი გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ სასამართლოს მიერ „ექსტრემისტულად ან ტერორისტულად“ აღიარებული ორგანიზაციების საქმიანობასთან.

სახელმწიფო დუმაში წარდგენილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ასეთი ორგანიზაციების რიგითი თანამშრომლები და ლიდერები ვერ იქნებიან არჩეული კანონმდებლებად, თუკი ასეთ ორგანიზაციებში მუშაობდნენ სასამართლოს მიერ ამ ორგანიზაციების აკრძალვამდე, შესაბამისად, ერთწლიან და სამწლიან პერიოდში. კანონპროექტის თანახმად, ასევე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ ამ ორგანიზაციების უკანონოდ ცნობამდე ერთი წლით ადრე ფინანსებით ან ქონებით უწევდა მხარდაჭერას, საორგანიზაციო ან საკონსულტაციო ხასიათის დახმარებას აღმოუჩენდა მათ.

წაიკითხე მეტი.

„დავით გარეჯზე დიალოგი დაჩქარდება“ - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას აზერბაიჯანში, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის „ძმურ ურთიერთობას“, თანამშრომლობის გაღრმავებას და დავით გარეჯის კომპლექსის სადავო მონაკვეთზე დიალოგის განახლების აუცილებლობას.

„შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრების შემდეგ. „განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც. შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“.

საქართველოს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ბაქოს ოფიციალური ვიზიტით 5 მაისს ეწვია. მთავრობის მეთაურად დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის თებერვალში, ეს მისი მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს „საუკუნოვანი ძმური ურთიერთობები“ აკავშირებთ. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის უმსხვილესი ინვესტორია.

რა ითქვა ბაქოში და როგორ აპირებს ორი ქვეყანა საზღვრის საკითხის გადაწყვეტას? წაიკითხე ვრცლად თორნიკე მანდარიას სტატიაში.

შეერთებული შტატების ხელისუფლება ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილია - ამერიკის ზრდასრული მოსახლეობის მეხუთედზე მეტი უკვე სრულადაა აცრილი. არადა, ერთი წლის წინ კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, შეერთებულ შტატებში ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო.

ნანა ბერიშვილი, ექთანი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს, ვაქცინაციას კორონავირუსის დამარცხების ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG