Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე პეტრე: „უძღები შვილის დღეა, მოეგოს პატრიარქი გონს და დაუბრუნდეს ღმერთს“


მეუფე პეტრე ცაავა, რადიო თავისუფლებასთან ეხმაურება ჭყონდიდის მიტროპოლიტის, გრიგოლ კაციას განცხადებას, რომელმაც პეტრე ცაავას მოუწოდა, მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს იმ განცხადებების გამო, რომელიც ჭყონდიდის ყოფილმა მღვდელმთავარმა, გასული წლის 31 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისამართით გააკეთა.

გრიგოლ კაციამ ამის შესახებ 16 თებერვალს, მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „დღეს უძღები შვილის დღეა. მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს. პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ“.

მეუფე გრიგოლის მოწოდების საპასუხოდ, პეტრე ცაავა თავად მოუწოდებს ილია მეორეს, შენდობა სთხოვოს ღმერთს. მისი სიტყვებით, ილია მეორემ ღმერთს პატიება უნდა სთხოვოს ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი უზნეობისა და უსამართლობისთვის:

„ნამდვილად, დღეს უძღები შვილის დღეა და პატრიარქი და საპატრიარქო უნდა მოეგოს გონს და დაუბრუნდეს ღმერთს, რომელიც მათ ჰყავთ დავიწყებული და უკუგდებული. რჯულისმიერი დარღვევით, უსამართლობით და უზნეობით, რაც ათწლეულების მანძილზე საუბედუროდ სუფევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და რის გამოც დღეს ერია დასჯილი. იერარქიის ცოდვა ერზე გადადის. ამიტომ პატრიარქის პირადი სინანული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის დაუბრუნდეს ქრისტე ღმერთს, როგორც უძღები შვილი. და სთხოვოს შენდობა მისი უზნეობისთვის და იმ უსამართლობისთვის, რაც მას ათწლეულების განმავლობაში ჩაუდენია. სთხოვოს შენდობა იმის გამო, რომ ადამიანი [დეკანოზი გიორგი მამალაძე] პირადი გარემოცვიდან, რომელიც მას ამხელდა და მოუწოდებდა სინანულისკენ, დააჭერინა და როგორც პირადი პატიმარი, ისე უზის ციხეში და ფსიქოლოგიურ, მორალურ და ფიზიკურ ზეწოლას ახდენს მასზე. ეს იქნება ერის დაბრუნება ქრისტე ღმერთთან. საპატრიარქოს სახით, რომელიც განდგომილია ქრისტე ღმერთს და ქადაგებს ცრუ ქრისტიანობას, საბჭოთა ქრისტიანობას, წითელი ეკლესიის მემკვიდრეობის სახით“.

მეუფე პეტრე ცაავას, სინოდის გადაწყვეტილებით, მღვდელმოქმედება 31 ოქტომბერს შეუჩერდა. სინოდის დასკვნის თანახმად, მეუფე პეტრეს მოსანანიებელი აქვს „კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფა, დაუსაბუთებელი ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში, ცილისწამება“.

31 ოქტომბერს, სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადება გააკეთა: „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება... საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG