Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღი: საომარი მდგომარეობა საქართველოსთან ახლოს


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დაპირისპირება უპრეცედენტოდ სახიფათო სახეს იღებს. ვითარება სწრაფად იძაბება და პროცესში სხვადასხვა ფორმით ერთვებიან მსხვილი მოთამაშეებიც. მხარეების მიერ ერთმანეთის შესახებ გავრცელებული ცნობებით, 27 სექტემბერს გამწვავებულმა დაპირისპირებამ უკვე შეიწირა რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე და მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. საომარ კერასთან საქართველოს სულ რაღაც 200 კილომეტრი აშორებს.

შესაძლებელია თუ არა სრულმასშტაბიანი ომის დაწყება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის? რა როლს ასრულებენ რუსეთი და თურქეთი? რა საფრთხეები და გამოწვევებია საქართველოს წინაშე?

რა ხდება?

სომხეთის შემდეგ, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა აზერბაიჯანმაც და ის ძალაში 28 სექტემბრიდან შევიდა. ბოლო ორი დღეა სისხლისმღვრელი ბრძოლები მძიმე ტექნიკის, არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს.

მართალია, მხარეები არ ადასტურებენ ერთმანეთის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი - სამხედროებსა თუ მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

სომხეთი და აზერბაიჯანი დაპირისპირების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

  • 27 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა გახსნა ცეცხლი ტერტარის, ჯებრაილისა და ფიზულის მიმართულებით; ხოლო აზერბაიჯანის არმია პროცესში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ჩაერთო;
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა დილის 8 საათზე დაიწყო საჰაერო და საარტილერიო შეტევა მოსახლეობაზე მთიან ყარაბაღში, სტეპანაკერტის ჩათვლით.

საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად ცდილობს ყარაბაღის 30-ყველაზე სახიფათოდ მიჩნეული ფაზის შეჩერებას. თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მხარეები საბრძოლო განწყობას ინარჩუნებენ.

„ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

უკან დახევას არც სომხეთი აპირებს და ცდილობს კვლავაც დაიბრუნოს ბოლო დღეებში აზერბაიჯანის მიერ აღებული სტრატეგიული სიმაღლეები. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩავიდა სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში კვლავაც განიხილება საკითხი თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.

ვისთვის და რამდენად სახიფათოა თურქეთი?

რუსულენოვანი მედია აქტიურად ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს ზურგს ყველანაირად უმაგრებს თურქეთი. „ინტერფაქსს“ მოჰყავს სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის სიტყვები, რომ - „ნატოს წევრი თურქეთი აზერბაიჯანს ეხმარება დრონებით, კიბერშეტევებით, მრჩევლებით, დაქირავებულებით და ავიაგამანადგურებელი F-16-ითაც კი“.

  • თურქეთმა, რომელიც ბაქოს ახლო მოკავშირეა, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, მალევე განაცხადა, რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გადადგმული მტრული ნაბიჯები "რეგიონში ცეცხლს დაანთებს";
  • 28 სექტემბერს კი, თურქეთის პრეზიდენტმა,რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორიები და ეს იქნება რეგიონის გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.
  • თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის სიხარულსაც იზიარებს და მწუხარებასაც პრინციპით „ერთი ერი - ორი სახელმწიფო“.

ბაქო კატეგორიულად უარყოფს პროცესებში თურქეთის ჩარევას. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ანკარასთან მას მხოლოდ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აკავშირებს და სამხედრო წვრთნებიც გეგმიურ სახეს ატარებს.

საერთაშორისო ექსპერტები იმედოვნებენ, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიან სახეს არ მიიღებს და მით უმეტეს - თურქეთის სრული ჩართულობით. მაგრამ ჩანს, რომ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში არაფერი გამოირიცხება.

თურქეთი შედის ეუთოს მინსკის ჯგუფში, რომელიც უკვე 28 წელია საერთშორისო დონეზე კურირებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხს. თურქეთის გარდა, ამ ჯგუფში შედიან: აშშ, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია, იტალია, შვედეთი და ფინეთი.

ამ დრომდე წამოსული მესიჯებით, რუსეთი მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს - "დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკება დაიწყონ". თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, სწორედ რუსეთი შეეცდება, რომ კავკასიაში გაჩაღებული კონფლიქტი სათავისოდ გამოიყენოს.

რუსეთის გეგმები და საქართველოს საფრთხეები

საბრძოლო იარაღი, რომლითაც კავკასიის ორი ქვეყანა ერთმანეთს უპირისპირდება, მათთვის დიდწილად რუსეთის მიერ არის მიწოდებული. ანალიტიკოსების აზრით, სომხეთის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი ამას შეგნებულად აკეთებს - კავკასიაში ფეთქებადსაშიში ვითარების შექმნისა და შემდეგ უკვე, საჭირო დროს გამოყენების მიზნით.

სწორედ იარაღით სომხეთის მომარაგების ხელშეშლას უკავშირდებოდა მადლობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს ხელისუფლებას გადაუხადა.

„საქართველომ არ დაუშვა თავისი ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის გადატანა. სწორედ ამიტომ სატრანსპორტო თვითმფრინავები სომხეთს კასპიის ქვეყნების ტერიტორიის გავლით იარაღით საჰაერო გზით ამარაგებენ. საქართველომ იმოქმედა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორმა. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ“ - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს სიტყვები 20 სექტემბერს მის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

თბილისს ილჰამ ალიევის ამ სიტყვებთან დაკავშირებით კომენტარი აღარ გაუკეთებია. უფრო ვრცელი განმარტებები აღარც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბარიამოვის თბილისში სტუმრობის დროს გაკეთებულა. რადიო თავისუფლებას საშუალება არ მიეცა ქართველი და აზერბაიჯანელი მინისტრებისთვის შესაბამისი შეკითხვები დაესვა 24 სექტემბერს, საგარეო უწყებაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თვლის, რომ ყარაბაღის გარშემო ამჟამად გამწვავებულ სიტუაციაში სამხედრო ტრანზიტის აკრძალვა საქართველოს საჯაროდ და პრინციპულად უნდა გამოეცხადებინა.

„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სამხედრო ტრანზიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიეღო მკაფიო გადაწყვეტილება და ეთქვა, რომ: 1. უჭერს მხარს არსებული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის და 2. იკრძალება ყველანაირი სამხედრო ხასიათის ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს გავლით“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი.

საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატა მშვიდობიანი პროცესების მხარდაჭერის აუცილებლობა, მაგრამ მწირი განცხადებებითა და კომენტარებით შემოიფარგლა.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია კი, სულ მცირე, მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას ხედავს. ის გვეუბნება, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის - „მათ უნდა იგრძნონ, რომ ქართული სახელმწიფო დამაჯერებლად მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოირიცხოს ესკალაცია საქართველოს ტერიტორიაზე“.

ბათუ ქუთელიას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი ძველებურად შეეცდება გამოიყენოს მთიანი ყარაბაღის გარშემო გამწვავებული ვითარება ასევე მთელი რეგიონის დისკრედიტაციისთვის.

„სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ რეგიონში გადის - ეს იქნება ნავთობსადენები, გაზსადენები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, პორტები და ასე შემდეგ - რეალისტურად არის დერეფანი, რომელიც ამცირებს რუსეთის გავლენას ევროპაზე ენერგეტიკული თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით... ეს, მათ შორის, ამცირებს რუსეთის პროექტის - „ჩრდილოეთის ნაკადის“ მნიშვნელობასაც... შესაბამისად, რუსეთს ყოველთვის აწყობს არეულობა ჩვენს რეგიონში“ - გვეუბნება ქუთელია.

საქართველოს საფრთხეებზე ლაპარაკისას, ანალიტიკოსები ორ სცენარს განიხილავენ: თუკი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საომარი მოქმედებების გავლენა, უკონტროლო ჯგუფების თარეშისა და ლტოლვილების ნაკადის სახით ვერც საქართველოს ასცდება. ხოლო მეორე სცენარი უფრო ქრონიკულ პროცესებს გულისხმობს და საქართველოს განვითარების შეფერხებით ემუქრება:

  • გაყინული კონფლიქტების ხშირი და მოულოდნელი გამწვავებების ტენდენცია ინვესტორებს აფრთხობს და არავინ იფიქრებს სერიოზული ინვესტიციების დაბანდებაზე ფეთქებადსაშიშ რეგიონში;
  • უცხოური ინვესტიციების გარეშე კი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია (და მით უფრო - კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით);
  • საქართველოს ხელი შეეშლება იპოვოს საკუთარი ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული მრავალწლიანი კონფლიქტი ბოლო სამ თვეში უკვე ორჯერ გამწვავდა. დაპირისპირებამ ივლისში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ შექმნილ სიტუაციაში საქართველომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე და დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება „მთლიანად შეცვლის რეგიონის სტრატეგიულ დინამიკას და შეამცირებს რუსეთის მანევრირების სივრცეს“.

ამასთან, ქუთელიას შეფასებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანება მთელი რეგიონის მეტი დემოკრატიზაციის შესაძლებლობებს შექმნის - „დემოკრატია გადამდებია... ხოლო დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთს არ ებრძვიან“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG