Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

32 მილიონი ჩაკეტილ წრეში - რატომ ვერ ვითარდება მეცნიერება?


საქართველოში სამეცნიერო კვლევებზე წელიწადში 32 მილიონი ლარი იხარჯება. ამის დიდი ნაწილი წყალში გადაყრილი ფულია, ამბობენ განათლების სფეროში ჩახედული ადამიანები.

კვლევების უმსხვილესი დამფინანსებელი საქართველოში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდია. ფონდის 33 მილიონანი ბიუჯეტიდან 32 მილიონი სამეცნიერო კვლევებზე იხარჯება.

ევროპული სტანდარტით, ქვეყანა მეცნიერების განვითარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4 % უნდა ხარჯავდეს. საქართველოში ეს რიცხვი მხოლოდ 0.3 %. აბსოლუტურ ციფრებში ეს ასე გამოისახება: 32 მილიონი, 320 მილიონის ნაცვლად.

პრიორიტეტები

ამ სფეროში ჩახედული ადამიანები ამტკიცებენ, რომ არც არსებული ფული იხარჯება სათანადოდ.

თუ გადავხედავთ იმ პროგრამებს, რომლებსც ფონდი წლების განმავლობაში აფინანსებდა ჩანს, რომ 2011-2017 წლებში ყველაზე ხშირად საზღვარგარეთ სტაჟირებისა და მოკლევადიანი სამოგზაურო პროექტები ფინანსდებოდა, რაც ძირითადად კონფერენციებსა და კონგრესებზე დასწრებას გულისხმობს. მაგალითად, 2011 წელს 87 პროექტი სწორედ სიმპოზიუმებზე დასწრება იყო, 28 - საზღვარგარეთ სტაჟირება და ყველაფერი დანარჩენი - 26.

ბოლო, 2017 წლის მონაცემების მიხედვით, მობილობისა და საერთაშორისო ღონისძიებების კუთხით 89 -პროექტი დაფინანსდა, ფუნდამენტური კვლევების კუთხით - 86. დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამები - 40, მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტები - 30 და სხვა.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გაზომვადი მეციერების დაფინანსებას ვერ მივეჩვიეთ“,- ამბობს ფონდის ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია.

მისი თქმით, სამეცნიერო პროექტმა კონკრეტული -კომერციული, სამედიცინო თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შედეგები უნდა მოიტანოს. ეს შედეგები ადვილად დასანახი უნდა იყოს და არა ბუნდოვანი და გაურკვეველი.

„რა თქმა უნდა, ისეთი კვლევებიც უნდა დაფინანსდეს, რომლებიც,შესაძლოა, მხოლოდ კონკრეტული დარგისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ პრიორიტეტი მაინც შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს“, - ამბობს ფონდის ხელმძღვანელი.

თუ რომელი კვლევა და პროექტი უნდა დაფინანსდეს, ამ გადაწყვეტილებას ფონდი საერთაშორისო ექსპერტებზე დაყრდნობით იღებს. პროექტი იგზავნება ფონდის მიერ დაქირავებულ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც, თავის მხრივ, პროექტებსშესაფასებლად ექსპერტებს გადასცემენ. მზადდება რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დასკვნა, რომელთა საფუძველზე საბოლოოდ წყდება, დაფინანსდეს თუ არა პროექტი.

იმას, რომ ყოველთვის „საჭირო“ პროექტი არ ფინანსდება, ზვიად გაბისონია იმით ხსნის, რომ, ჯერ ერთი, შესარჩევად გაგზავნილი პროექტები ხშირადარაა მაღალი ხარისხის, და მეორე ის, რაც თავშივე ვახსენეთ: ყველა კვლევა არ არის და ვერც იქნება გაზომვადი.

შალვა ტაბატაძე კი პირდაპირ აცხადებს, რომ ფონდი იმ მეცნიერებს აფინანსებს, რომლებიც არაფერს აკეთებენ. საქართველოში აკადემიურ და სამეცნიერო სფეროში, დაახლოებით, 6-7 ათასი ადამიანია, პლუს დოქტორანტები, რომლებიც კვლევებში უნდა იყვნენ ჩართულნი. რეალურად რა ხარისხის პროდუქტი იქმნება, ამას განსაზღვრავს ციტირების ინდექსი. ციტირების ინდექსის მეშვეობთ ჩანს, თურამდენად ეყრდნობიან ქართველი მეცნიერების კვლევებს მსოფლიოში.

შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი: „ორი ძირითადი სამეცნიერო ბაზაა, ტომსონისა და სკოპუსის, სადაც სამეცნიერო კვლევები ქვეყნდება. 6 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 250-300 ახერხებს აქ კვლევები გამოაქვეყნოს, დანარჩენები სახელმწიფოსგან იღებენ თანხას იმაში, რომ ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას“.

ჩაკეტილი წრის შიგნით

სამეცნიერო დაწესებულებაში დასაქმებას სპეციალური კომისია წყვეტს გასაუბრების საფუძველზე. კომისიის წევრებს კი ბუნებრივია, რომინტერესთა კონფლიქტი ქონდეთ, რადგან შემდგომში თავად ხდებიან კონკურსანტები.

შალვა ტაბატაძე: „ერთმანეთის გაყვანით არიან დაინტერესებული და ჩაკეტილ წრეს ქმნიან. ტერმინებიც კი არსებობს: „კონკურსი გამოუცხადეს“,„საბუთები შეუტანა“... ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილზე კონკრეტული ადამიანისთვის არის კონკურსი გამოცხადებული.“

შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ ამის გამო გარკვეულ სფეროებში აღარ რჩებიან კადრები, ან რჩებიან ისინი, ვისაც წასასვლელი არსად აქვს. დიდხანს ეჭიდებიან ამ ადგილს, მეცნიერება კი ვერ ვითარდება, რის შედეგადაც თავს იჩენს მორიგი პრობლემა, ექსპერტების ძებნა ორგანიზაციებს ქვეყნის გარეთ უწევთ.

„მაგალითად, ეკოლოგების პრობლემა გვაქვს. სატყეო პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი ხშირ შემთხვევაში უცხოელი არის ხოლმე. როდესაც სახელმძღვანელო სტრატეგიულ დოკუმენტებზე, კანონმდებლობაზე ვმუშობთ, მაშინაც სულ უცხოელები ჩამოგვყავს, რაც გაცილებით ძვირი ჯდება“,- ამბობს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალგაზრდა სპეციალისტი საქართველოში მოიძებნა, ხშირად მას არა აქვს კონკრეტული საგნის თანამედროვე ხედვა და ცოდნა, რაც კადრს მაინც გამოუსადეგს ხდის.

დღეს არსებული რეალობა ქმნის ერთგვარ მანკიერ წრეს, რომლის გარღვევაც ძალიან ძნელია. ახალგაზრდა და პერსპექტიული მეცნიერისთვის სამეცნიერო კარიერა უინტერესოა , ერთი მხრივ, შიდა საუნივერსიტეტო გარემოს, მეორეს მხრივ კი, უსახსრობის გამო. ის ტოვებს მეცნიერებას და, აქედან გამომდინარე, ამ სფეროს უახლოეს მომავალში აღარც იმის შანსი რჩება, რომ განვითარდეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG