Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის სწრაფი წინსვლა და საქართველო "ასოცირების ტრიოს" მიღმა - EPC


ირაკლი ღარიბაშვილი და მაია სანდუ. მოლდოვა, 1 ივნისი, 2023 წელი.
ირაკლი ღარიბაშვილი და მაია სანდუ. მოლდოვა, 1 ივნისი, 2023 წელი.

1 ივნისს მოლდოვა, ევროპის 50 ქვეყნის ლიდერთა მასშტაბურ სამიტს მასპინძლობდა, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის საგანგებო ძალისხმევის დემონსტრირებად შეფასდა. სამიტის მთავარი თემა კვლავ უკრაინა იყო. ექსპერტები შიშობენ, რომ საქართველო "ასოცირების ტრიოს" კონტექსტიდან ამოვარდა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც კიშინიოვშიც გაიმეორა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო კიდევ ერთი უარი „მორიგი უსამართლობა“ და „ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა“ იქნება.

ევროპელი პარტნიორები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ რეფორმებს ახსენებენ.

მოლდოვა - პატარა, ღარიბი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილზეც [დნესტრისპირეთი], საქართველოს მსგავსად - რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას, ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოზე წინ არის; უკრაინის მსგავსად, კანდიდატის სტატუსს ფლობს და ახლა უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასაც ცდილობს.

საით მიდის მოლდოვა?

ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი 50-მდე ქვეყნის ლიდერმა, ევროპული სტრუქტურების, ინსტიტუციების ხელმძღვანელებმა და მედიის ასეულობით წარმომადგენელმა 1 ივნისს თავი მოიყარეს მიმის ციხესიმაგრეში (Mimi Castle), რომელიც კიშინიოვიდან - 35, ხოლო უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული.

მოლდოვა მეორე ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტს უმასპინძლა. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის ფონზე დაფუძნებულ ფორუმს, პირველად, 2022 წელს, ჩეხეთი მასპინძლობდა. EPC საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით შეიქმნა და ევროპის უსაფრთხოებისა და განვითარების, საერთო მომავლის განსახილველ მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევა.

საერთაშორისო ექსპერტები და მედია აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბის სამიტის მასპინძლობა ძალიან დიდი შანსია პატარა ქვეყნისთვის, რომელმაც შარშან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მოლდოვის სტუმრებს შორის იყო ყველა, ვინც არცთუ შორეულ მომავალში უნდა გადაწყვიტოს - გადავა თუ არა შემდგომ ეტაპზე და დაიწყება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნიკუ პოპესკუმ მედიას უთხრა, რომ მოლაპარაკებების დაწყებას შემოდგომაზე ელოდებიან და სამიტი წარმოადგენს „იმის ჩვენებისა და ახსნის შესაძლებლობას - რომ მოლდოვა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას“.

საყურადღებოა ფინანსური დახმარებაც.

ბრიტანული „გარდიანი“, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლდოვამ რეფორმების კუთხით „კარგ პროგრესს“ მიაღწია - ევროკავშირი ქვეყნის გასაძლიერებლად ასამმაგებს ფინანსურ დახმარებას და შარშან გამოყოფილი ერთი მილიარდის გარდა, კიშინიოვს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კიდევ 1.6 მილიარდი ევრო.

„საოცარია იმის ხილვა, რომ ყველა წნეხის მიუხედავად, მოლდოვა წინ მიიწევს - სწრაფად და ხარისხიანად“, - გამოცემას ურზულა ფონ დერ ლაიენის ეს სიტყვებიც მოჰყავს.

ევროკავშირი უკვე შეთანხმდა, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო მისიას განათავსებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან საბრძოლველად.
ასევე, სანქციებს დაუწესებენ ორ მოლდოველს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში ედებათ ბრალი და კიდევ ხუთ ადამიანს, მათ შორის ოლიგარქებს - ვლადიმირ პლაჰოტნიუკსა და ილან შორს, რომლებსაც მოლდოვის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ.

რუსეთის მხრიდან ძლიერი წნეხისა და ქვეყნის შიგნით პრორუსული ძალების აქტიურობის მიუხედავად, როგორც კიშინიოვი აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მოლდოვამ მაინც შეძლო „მშვიდობისა და სტაბილურობის“ შენარჩუნება და აგვარებს ენერგეტიკულ პრობლემებსაც.

აპრილში, როცა EPC-ს სამიტზე ლაპარაკობდა, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ „ევროპული ქვეყნები არ მიატოვებენ მოლდოვის რესპუბლიკას, არცერთ ვითარებაში. მშვიდობა და დემოკრატია დაცული იქნება ჩვენს ქვეყანაში“.

„ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის ბაზრის განუყოფელი ნაწილი და ევროკავშირის ქვეყნებში გავყიდოთ სულ უფრო მეტი მოლდოვური პროდუქცია; შევუერთდეთ ევროპის სატრანსპორტო სისტემას, რათა მოლდოველებისთვის უფრო გაიოლდეს, გაიაფდეს და დაჩქარდეს მგზავრობა. გვინდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი უფრო ურთიერთდაკავშირებული და სტაბილური ევროპის მშენებლობაში“, - განაცხადა მაია სანდუმ.

ნატოს დაცვით

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა, ქვეყნის კონსტიტუციით, ნეიტრალური ქვეყანაა და დეკლარირებულად არ მიისწრაფვის ნატოსკენ, რამდენიმე დღის განმავლობაში მის ცას ნატო იცავდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ევროპის ქვეყნების ლიდერების სამიტის გამო, ნატოს საჰაერო სადაზვერვო და კონტროლის სისტემის (NATO AWACS) თვითმფრინავები მოლდოვის საჰაერო სივრცეს 31 მაისიდან 2 ივნისამდე იცავდნენ.

AWACS-ის თვითმფრინავების სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვან შემთხვევებში ხდება - იქნება ეს ნატოს სამიტი, ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირები თუ ოლიმპიური თამაშები.

NATO AWACS-ის სისტემებს შეუძლიათ თვითმფრინავები, რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ასეულობით კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინონ, რაც ადრეული შეტყობინების ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს.
NATO AWACS-ის სისტემის თვითმფრინავს [მოდიფიცირებული Boeing 707] 10 კილომეტრის სიმაღლიდან შეუძლია გააკონტროლოს საჰაერო სივრცე 400-კილომეტრიან რადიუსში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის ფონზე ნატომ გააფართოვა თავისი საჰაერო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ევროპაში და მუდმივად პატრულირებს ასევე ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში, რუსული თვითმფრინავების აღმოსაჩენად.

„თეთრი შურით მშურს მოლდოვის... ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა დღეს ამ მნიშვნელოვან სამიტს მასპინძლობს და ამზადებს პოლიტიკურ ფონს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის... სულ ცოტა ხნის წინ საქართველოზე გაცილებით უკან იყო და დღეს სასწაულ პროგრესს აჩვენებს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე, რომელიც ბრიუსელში იმყოფება და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების იმედგაცრუებული წუხილის მოსმენა უწევს.

სასწაულის იმედზე?

თენგიზ ფხალაძე წუხს, რომ საქართველო არსებულ შესაძლებლობებს არ იყენებს და იმავე EPC სამიტზე, ქვეყანა არ იყო წარმოდგენილი „ასოცირების ტრიოს“ [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] ფორმატში, რაც „თავის დროზე ბათუმში დაფუძნდა და რაზეც დიდ იმედებს ვამყარებდით“, „ახლა კი საქართველო, სამწუხაროდ, ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია“.

„შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ სამიტზე მიგვიწვიეს?!.... კი, ჯერჯერობით მიგვიწვიეს... მაგრამ, სამწუხაროდ - დღეს საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი... თუ არაფერი გამოსწორდა, ამ ვითარებაში, სასწაული უნდა მოხდეს, რომ - კანდიდატის სტატუსი მივიღოთ... მართლა [ღვთისმშობლის] წილხვედრობის იმედზე ვართ“, - გვეუბნება ფხალაძე.

ევროკავშირის ლიდერები საქართველოს რეფორმების შესრულების აუცილებლობაზე 1 ივნისს, მოლდოვის სამიტის ფარგლებშიც მიუთითებდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კი მედიასთან იმეორებდა - რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის და კიდევ ერთი უარი „მორიგი უსამართლობა იქნება და ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა“.

„მე მათ [სამიტის მონაწილეებს] ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, საქართველოსაც მოგვანიჭონ სტატუსი.

ვუთხარი, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 მაისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად, დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.
  • 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC) ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციები მოჰყვა. კერძოდ, პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ნატოსკენ კიევის სწრაფვა წარმოადგენდა. იგივე გაიმეორა მან 1 ივნისსაც, ჟურნალისტებთან საუბრისას.

თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, „მაგრამ არა იმ ტიპის პარტნიორი, რომლის გამოც თვალს დახუჭავენ საკუთარ ღირებულებებზე და საკუთარ პრინციპებზე“.

  • საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა; თუმცა საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო თვეებში - „აგენტების კანონის“ დამტკიცების მცდელობის ფონზე და ახლა უკვე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კუთხით.

თბილისი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას უკვე დიდი ხანია არ იზიარებს და კრიტიკოსებს ძირითადად „რადიკალური ოპოზიციის“ მოკავშირეებს არქმევს.

პრემიერ-მინისტრის გულისწყრომა დღეს ამ მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიმსახურა, როცა მან ბელარუსი და საქართველო ერთ კონტექსტში ახსენა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.

„მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან“, - ასეთი იყო ირაკლი ღარიბაშვილს პასუხი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი კომენტარები დაემატა.

როცა „ქართული ოცნება“, მისი მოკავშირეები და მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, ხშირად იშველიებენ უნგრეთის ლიდერის - ვიქტორ ორბანის შეფასებებს. თუმცა ორბანის ქვეყანა - უნგრეთი, დემოკრატიასთან დაკავშირებული მწვავე გამოწვევების გამო, თავადაც ხშირად ხდება მოკავშირეების კრიტიკის სამიზნე.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამ მხრივ საყურადღებოდ მიიჩნევს Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშს, როცა საქართველოს მაჩვენებელი - დემოკრატიის განვითარების კუთხით, კვლავ კლების ტენდენციით ხასიათდება.

„ამ ანგარიშმა აჩვენა, რომ უკან მიდის საქართველოს დემოკრატია. უკვე სომხეთიც ჩვენზე წინ არის რეიტინგში... მერე ამას მთავრობის მხრიდან რუსული პროპაგანდის შესაბამისი გზავნილები მიჰყვება ხოლმე, თავის სამართლებლადაც, თითქოს“, - გვეუბნება მუჩაიძე.

„ოცნება“ ამგვარ რეიტინგებს არასდროს აღიარებს, თუმცა ექსპერტებისთვის ცხადია, რომ - Freedom House-ი მნიშვნელოვანი კომპასია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, დემოკრატიის ყველაზე სწრაფი და მრავალმხრივი გაუარესება გასულ წელს, უნგრეთსა და რუსეთში გამოვლინდა. გაუარესება უნგრეთის შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოვლენილმა პრობლემებმა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულმა გამოწვევებმა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფაქტებმა განაპირობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG