Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ლიდერების მოლდოვური შეხვედრის შესახებ


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

1 ივნისს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები და მათი კოლეგები კიდევ 20 ევროპული ქვეყნიდან, მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის მახლობლად, მიმის ციხესიმაგრეში შეიკრიბებიან ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მეორე სამიტზე. EPC საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით შარშან შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ და ის მთვარობათაშორისი ფორუმია ევროპის მომავლის განსახილველად.

2022 წლის ოქტომბერში, პრაღაში მაკრონმა ეს შეკრება დაახასიათა, როგორც „ევროპაში სტრატეგიული სიახლოვის მშენებლობის შესაძლებლობა“. მანვე აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის წევრობას არ ჩაანაცვლებდა და ამით დაამშვიდა ბალკანეთის ლიდერები და ევროკავშირის აღმოსავლეთი სამეზობლო.

თუმცა, ეს შეკრება ასევე შეიძლება აღიწეროს, როგორც მორიგი ევროპული სალაპარაკო ადგილი. ამ ორგანიზაციას ბიუჯეტი, სამდივნო, დროშა ან ჰიმნი არ ექნება. ის უფრო „მოშვებული გარემოა“, სადაც ევროპის ლიდერები არაფორმალურ გარემოში დაილაპარაკებენ და არ იქნებიან შეზღუდული უფრო ფორმალური პოლიტიკური ორგანიზაციების სტრუქტურებითა თუ წესებით.

კიშინიოვის შეხვედრა, წესით, ხუთ საათზე ცოტა მეტს გასტანს. გახსნის მოკლე ცერემონიას მოჰყვება ოთხი მრგვალი მაგიდა, რომლებიც ენერგეტიკის, უსაფრთხოების, კავშირებისა და მობილობის თემებს მიეძღვნება. სამუშაო სადილის შემდეგ კი ჩატარდება ორმხრივი შეხვედრები. ეს, სავარაუდოდ, სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება, თუმცა, ინტიმური გარემოს გამო, მედიისთვის აქ რთული იქნება იმის გარკვევა, თუ რაზე შეთანხმდებიან პოლიტიკოსები.

პრაღის შეხვედრის შემდეგ EPC-ს ანდორა, მონაკო და სან-მარინოც შეუერთდნენ. შესაბამისად, ახლა კიშინიოვში, ვატიკანის გარდა, მხოლოდ ბელარუსი და რუსეთი არ იქნებიან წარმოდგენილნი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

ყველაზე საინტერესო შეხვედრა ამ სამიტზე ალბათ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შედგება. ისინი ბრიუსელში მაისში უკვე განიხილავდნენ სამშვიდობო შეთანხმების საკითხებს. კონკრეტულზე არაფერზე შეთანხმებულან, თუმცა თქვეს, რომ რაც შეიძლება ხშირად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

ამჯერად მათ გვერდით იქნებიან მაკრონიც და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც. ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ევროპა ცდილობს უფრო აქტიური როლი ითამაშოს საკითხებში, სადაც აქამდე რუსეთი დომინირებდა. პარიზს ხშირად ადანაშაულებენ ერევანთან სიახლოვეში, ამიტომ ბრიუსელმა ბერლინი მიავლინა ბალანსის აღსადგენად. კულუარებში ამბობენ, რომ ევროკავშირს აქ თავისი დღის წესრიგი არა აქვს და მზადაა, შუამავლის როლი ითამაშოს, სანამ საჭირო იქნება.

ალიევ-ფაშინიანი ერთი კვირის წინ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც მათ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უმასპინძლა. ის შეხვედრა საჯარო კამათით დასრულდა.

გადამწყვეტ შეთანხმებას არც კიშინიოვის შეხვედრისგან ელიან - მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ რამდენიმე მოლაპარაკებაა ჩანიშნული, მაგრამ, სავარაუდოდ, მხარეები კეთილი ნების ჟესტებს გამოავლენენ.

სხვა ხელშესახებ შედეგებს რაც შეეხება - არ არის გამორიცხული, რომ გააძლიერონ უკრაინის სოლიდარობის ბილიკები, შეამცირონ ან გააუქმონ როუმინგის გადასახადები და რუსეთის მეზობელ ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთში კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად გადადგან კონკრეტული ნაბიჯები.

ამ სამიტის ყურადღების ცენტრში უდავოდ აღმოჩნდება მოლდოვა და მისი პრეზიდენტი მაია სანდუ. ეს ხომ ამ ქვეყნის არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი პოლიტიკური თავყრილობაა. ევროკავშირი უკვე შეთანხმდა, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო მისიას განათავსებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან საბრძოლველად. ასევე, სანქციებს დაუწესებენ ორ მოლდოველს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში ედებათ ბრალი და კიდევ ხუთ ადამიანს, მათ შორის ოლიგარქებს - ვლადიმირ პლაჰოტნიუკსა და ილან შორს, რომლებსაც მოლდოვის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG