Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეების მიერ დაწუნებული კრიტიკა - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ივნისს


დამოუკიდებელია სასამართლო, როცა მოსამართლეები კრიტიკას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აღიქვამენ?

300-ზე მეტმა მოსამართლემ განცხადება გაავრცელა და მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების ნაწილი მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში დაადანაშაულა. ეს კი მას მერე, რაც კვირას მოსამართლეების ნაწილმა საერთაშორისო პარტნიორებსაც დაუწუნა მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა.

გუშინ გავრცელებული განცხადებიდან გამოჩნდა, რომ სულ მცირე 300 მოსამართლეს მოსწონს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები.

„მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად“, - წერია მოსამართლეების ერთობლივ განცხადებაში.

კრიტიკის საპასუხო განცხადებები ზედიზედ კეთდება, მაშინ როცა ოპოზიციის ნაწილი მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აანონსებს. პარტია „ლელომ“ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გამართა შეხვედრები. მისი ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ისთვის მართლმსაჯულების რეფორმა საკვანძო საკითხად რჩება და სანქციებზე მუშაობა იქ უკვე დაწყებულია:

„...სანქციებმა ძალიან ეფექტურად იმუშავა ბულგარეთის შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ჩვენმა მეგობრებმა ანალოგიური პროცესი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებით და ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ, რადგან ეს კლანის წევრ მოსამართლეებს დაანახვებს, რომ ისინი ვერ მოახერხებენ ჩვენი მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გაგებას, ვერ გააგრძელებენ ამას. სანქციების შემოღების პროცესი დაწყებულია იმ მოსამართლეების და კლანის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებით თავი აქვთ გამოჩენილი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს კონტროლის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, ამიტომ სასჯელის გარეშე, დაუსჯელად ეს ვეღარ გაგრძელდება“, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორ აფასებს მოსამართლეების საპასუხო კრიტიკას არასამთავრობო სექტორი? რას ამბობს „ქართული ოცნება“? - წაიკითხე ვრცლად გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ

ნინოწმინდის პანსიონის მმართველი ეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პანსიონში სტუმრობის შემდეგ თქვა, რომ უწყების კარი ღიაა და გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია.

„გახსნილები ვართ, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ისევე როგორც ევროკავშირის, ისევე როგორც იუნისეფის, ჩვენი სახელმწიფოს, პირველ რიგში. ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა იაკობმა. მან მედიასთან სახალხო დამცველთან პანსიონის ბენეფიციარების გაუცხოების მიზეზებზეც ილაპარაკა და ეს ძირითადად იმით ახსნა, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო.

ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ პანსიონში შესულმა სახალხო დამცველმა კი თქვა, ბავშვებთან შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ნინო ლომჯარიას თქმით, ბავშვებს ძირითადად, კარგი არაფერი სმენიათ მის შესახებ. „ბევრი ფაქტორის გამო“, - აღნიშნა ლომჯარიამ და დააზუსტა: - „წლების განმავლობაში აქ იზრდებიან დაბადებიდან. ჩვენ ხშირი კონტაქტი არ გვქონია. სმენიათ ცუდი, სამწუხაროდ, მათ შორის, სამწუხაროდ, გარკვეული აღმზრდელების მხრიდან“.

წაიკითხე მეტი.

„მდგომარეობა არასახარბიელოა“ - ექსპერტებმა გელათის მონასტერში მუშაობა დაასრულეს

არქიტექტორ-რესტავრატორმა უგო ტონიეტმა გელათის მონასტერში 5-დღიანი მუშაობის და დაკვირვების შემდეგ ქუთაისში პრესკონფერენცია გამართა. მისი შეფასებით, წყლის ინფილტრაცია გრძელდება, რაც დაზიანებას იწვევს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვეულმა ექსპერტმა მედიასთან განაცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ მონასტრის სახურავს და მასში წყლის ჩასვლა გრძელდება, რაც კიდევ უფრო აზიანებს ტაძარს: „ყოველდღე ავდიოდით ტაძრის სახურავზე და გულწრფელი რომ ვიყო, სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. წყლის ინფილტრაცია დღეის მდგომარეობითაც გრძელდება, რაც იწვევს დაზიანებას. ჩვენ ამ ეტაპზე ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია. ამ ეტაპზე ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო შეცდომა დაშვებული. ბევრი ფაქტორი არსებობს და კვლევა უნდა ჩატარდეს, რათა გაირკვეს, რა არის ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა მის დაზიანებაზე“.

წაიკითხე მეტი.

ევროპარლამენტარები საქართველოს "ღირსების მარშის" დაცვისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტის ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი პარლამენტარები საქართველოს სთხოვენ, დაიცვას „ღირსების მარში“ და უზრუნველყოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დაცვა.

ადრესატი წერილისა, რომელსაც 30 პარლამენტარი აწერს ხელს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურია.

„პრაიდი არის მშვიდობიანი ინსტრუმენტი უფლებების ადვოკატირებისთვის, რომელიც დაცულია მშვიდობიანი დემონსტრაციისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით. ეს არის მნიშვნელოვანი ლგბტქი აქტივისტებისა და თემის წევრებისთვის, მათი ხილვადობის გასაზრდელად, საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად. ისეთი განცხადებები, როგორიც გააკეთა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კონტროვერსულია უნივერსალური უფლებების რეალიზებისთვის“, - ნათქვამია წერილში, სადაც ევროპარლამენტები გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ქმედითი ღონისძიებების გატარებას და პრაიდის დაცვას.

პრაიდის ორგანიზატორების პარალელურად მობილიზაციისთვის ემზადებიან საქართველოში არსებული პრორუსი, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები - ისინი აპირებენ, ხელი შეუშალონ პრაიდის ჩატარებას.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანტი-ლგბტ აქტივისტი, გურამ ფალავანდიშვილი პრაიდის წინა დღეს მეტრო რუსთაველთან კარვების დადგმას აპირებს.

ეკონომიკური სანქციების შემდეგ, ბელარუსმა გაწყვიტა ურთიერთობა ევროკავშირთან

ბელარუსი აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის ქვეყანაში აბრუნებს ევროკავშირში თავის მუდმივ წარმომადგენელს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა მას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გასულ თვეში სამგზავრო თვითმფრინავის იძულების გამო მინსკში დაფრენილიყო. ბელარუსის სამართალდამცავებმა შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი და მისი მეგობარი ქალი დააპატიმრეს.

28 ივნისს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მინსკში ევროკავშირის წარმომადგენელიც უნდა წავიდეს კონსულტაციების გამართვის მიზნით, ხოლო მათ, ვინც სანქციები დააწესა, ბელარუსში შესვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სანქციების სამიზნეა ბელარუსის ეკონომიკის მთავარი სექტორები და ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმისთვის მოგების მომტანი სხვა წყაროები. ბელარუსი ევროკავშირს ადანაშაულებს სანქციების გამოყენებაში „იარაღად სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ზეწოლის განხორციელების მიზნით“.

წაიკითხე მეტი.

მუშაობს თუ არა სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებულთა რეესტრი?

უკანასკნელ წლებში, მედიის თვალსაწიერში აღმოჩენილი პედოფილიისა და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტები, არ არის მცირე. გამოძიება იტყობინება როგორც არასრულწლოვანთა, მათ შორის, მცირეწლოვანთა გაუპატიურების, ისე ბავშვების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებების შესახებ. ბოლო ორ წელში, ამ ტიპის დანაშაულის ფაქტები რამდენიმე ათეულს აღწევს.

ბავშვთა უფლებადამცველები თვლიან, რომ პედოფილიისა და ბავშვთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის გახმაურებული ფაქტების მიღმა, სხვა სტატისტიკა იმალება. მათი ვარაუდით, ის ფაქტები, რაც მედიაში ხვდება, არ ასახავს რეალურ სურათს და სინამდვილეში, მსგავსი ტიპის დანაშაულები გაცილებით მეტია.

ერთ წელზე მეტია, საქართველოში „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონი მოქმედებს.

2020 წლის მონაცემებით, რომელსაც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)” აქვეყნებს, რეესტრში სულ შეყვანილი იყო სქესობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული 1828 პირი - 207 ქალი და 1621 კაცი. ამავე მონაცემებით, ყველაზე მეტი, 744 პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა ნასამართლევი, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

კანონის თანახმად, პირებს, რომლებსაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამისათვის მსჯავრდებულები არიან და ელექტრონულ ბაზაში არიან შეყვანილნი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მთელი რიგი უფლებები აქვთ ჩამორთმეული. მუშაობს თუ არა მსჯავრდებულთა რეესტრი? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დიდი დიღმის ბოლოში, იქ, სადაც მიკრორაიონები მთავრდება და ბოლო რამდენიმე წელში ქაოსურად გაშენებული კერძო დასახლება იწყება, მთიდან ეშვება ერთი უსახელო ხევი, რომელიც ყველა ძლიერი წვიმის დროს წყლით ივსება, ნაპირებზე გადმოდის და წყალი იქვე მცხოვრებ ოჯახების ეზოებსა და სახლის პირველ სართულებს ტბორავს. როდის გაიღვიძებს მდინარე და რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქალაქის განაშენიანებას? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG