Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ივნისს


ვინ და როდის შეძლებს გადავადებული „ასტრაზენეკათი“ აცრას - NCDC-ს განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გუშინ მოუბოდიშა მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა ვაქცინა ვერ მიიღეს. NCDC-ის განმარტებით, ეს ლოგისტიკური პრობლემის შედეგია. სავარაუდოდ, ვერ მოხდა ვაქცინის რაოდენობის სწორად დათვლა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მეტი დოზა იყო ქსელში, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ იყო“, - თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. „მიმდინარეობს კვლევა, ეს შეიძლება იყო აღრიცხვის პრობლემა და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა თუ დადგა, პასუხისმგებლობას არავინ გაურბის“, - დაამატა მან.

ამირან გამყრელიძის განმარტებითვე, „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში 22 ივნისს, გამთენიისას უნდა შემოსულიყო, არ ჩამოვიდა. ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის საკითხს და ვადებს, ამ ეტაპზე, გაეროს ბავშვთა ფონდი აზუსტებს.

დღევანდელი მონაცემებით, აცრა შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რევაქცინაცია დაჯავშნილი აქვთ პირველი აცრიდან 10-12 კვირის პერიოდში. რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც რევაქცინაცია დაჯავშნილი ჰქონდათ 4-8-10 კვირის ფარგლებში, მათ ამირან გამყრელიძე ბოდიშს უხდის და მოთმინებისკენ მოუწოდებს.

რა ოდენობის დეფიციტზეა საუბარი და როგორ იგეგმება პრობლემის აღმოფხვრა? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქცია და პროვოკაციის მოლოდინი დე ფაქტო რესპუბლიკაში

წუხელ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დროს ოჯახმა შეიტყო, პატრიარქი ილია მეორე აპირებს წერილი გაუგზავნოს რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის გათავისუფლების შუამდგომლობით.

დღეს, 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. ის ცხინვალის ციხეში 34 წლის გახდა. მისი ოჯახი თანასოფლელებთან ერთად დილიდან ქვემო ჭალის ცენტრში შეიკრიბება და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

სოფელში ელოდებიან სამოქალაქო აქტივისტებს და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეებს დაგეგმილი აქვთ მსვლელობა ცენტრალური ავტომაგისტრალისკენ, ზაზას მამა კი, მიხეილ გახელაძე, შეეცდება საოკუპაციო ხაზზე გადავიდეს და ამით დე ფაქტო ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.

რა გაკეთდა აქამდე და რისი მოლოდინი აქვს ოჯახს ხელისუფლებისგან? რა განცხადებას აკეთებს საოკუპაციო რეჟიმი დაგეგმილი პროტესტის წინ. ვრცლად წაიკითხე გოგა აფციაურის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატს დათმობს, დაფინანსებას ვეღარ მიიღებს - პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მესამე მოსმენით გუშინ პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ის პარტიები, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.

უფრო კონკრეტულად, დაფინანსება შეუწყდება ისეთ პარტიას, რომლის არჩეული წევრების ნახევარი ან ნახევარზე მეტი ვადამდე ადრე დატოვებს საკანონმდებლო ორგანოს და მათ არც სხვა თანაპარტიელები ჩაანაცვლებენ.

კანონპროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ის 2022 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

ბათუმის "რივიერას" საქმეზე სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაუქმდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მასვე დაავალა ხელახლა განიხილოს ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობის შეჩერების საკითხი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმელ აქტივისტებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2021 წლის 22 იანვარს შეიტანა და მოითხოვა გაუქმებულიყო მშენებლობის ნებართვა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს გასცა, მის მიერ მეხუთე კლასის პროექტად შეფასებული „ბათუმი რივიერას“ განსახორციელებლად.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ასევე, ითხოვდა, რომ ნებართვის კანონიერების დადგენამდე მშენებლობის პროცესი შეჩერებულიყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი უარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და დღეს მიიღო განჩინება, რომლითაც მან პირველი ინსტანციის განჩინება გააუქმა და მოთხოვნის თავიდან განხილვა დაავალა.

წაიკითხე მეტი.

ნეონაცისტები თავს დაესხნენ პანკკონცერტს თბილისში - შსს საქმეს ძალადობის მუხლით იძიებს

19 ივნისს თბილისში გამართულ პანკკონცერტზე ნეონაცისტების დაჯგუფება აგრესიულად და უხეშად შეეცადა კონცერტის ჩაშლას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუსიკოსებსა და მათ მსმენელებზე თავდასხმას ძალადობად მიიჩნევს და საქმეს 126-ე მუხლით იძიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით იდეოლოგიურ ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს პოლიცია ამ ეტაპზე უფრო მსუბუქ კვალიფიკაციას აძლევს.

შაბათს 5 პანკჯგუფის მონაწილეობით კონცერტი პანდემიის დაწყებიდან პირველად გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თვალს ადევნებენ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, ამბობენ, რომ პანდემიის გამო რეალურ სივრცეში ნეონაცისტური დაჯგუფებებიც არ ჩანდნენ და ამ ხნის განმავლობაში ისინი ძირითადად ონლაინ აქტიურობდნენ. უმეტესად შავ ტანსაცმელში ჩაცმული, სვირინგებიანი, თავგადაპარსული, აგრესიული ახალგაზრდების გამოჩენამ, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი მარჯანიშვილს, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე გაახსენა.

გიორგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იპოდრომის თავდასხმა საყურადღებოა იმის გამო, რომ ამჯერად დაჯგუფება საკმაოდ დიდი იყო - რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. მას საგანგაშოდ მიაჩნია ისიც, რომ პანკკონცერტზე მისული ჯგუფის წევრების უმეტესობა არასრულწლოვანი იყო.

რა მოხდა პანკკონცერტზე? წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

სიკვდილთან პირისპირ დგომა, აფეთქებები, მეგობრების დაკარგვის ტკივილი და შიშზე გამარჯვების სიამაყე - 41-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ფარნაოზ სვანიძე რადიო თავისუფლებას ავღანეთში ნატოს კოალიციის რთული ამოცანებისა და თავისი 16-თვიანი გამოცდილების შესახებ უყვება. ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში, სიკვდილს ის სასწაულებრივად გადაურჩა. ნატოს კოალიციის 20-წლიანი მისია ავღანეთში დასასრულს უახლოვდება. საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ასეული ავღანეთიდან სამშობლოში მაისის ბოლოს დაბრუნდა; დანარჩენი სამხედროები ავღანეთს სექტემბრისთვის დატოვებენ.

წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

XS
SM
MD
LG