Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მყიფე მშვიდობა", მკვლელობა კირბალის ეკლესიასთან და ზღვარი სიფრთხილესა და შეგუებას შორის


სოფელ კირბალის ლომისის ეკლესიის აჭედილი კარი. 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური ამ ეკლესიის მიმდებარედ მოკლეს.
სოფელ კირბალის ლომისის ეკლესიის აჭედილი კარი. 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური ამ ეკლესიის მიმდებარედ მოკლეს.

კირბალის ლომისის ეკლესია საოკუპაციო ხაზის მიღმაა დარჩენილი. ამ გამყოფ ხაზს ცხინვალი საზღვარს უწოდებს და მას რუსეთის "ეფესბე" იცავს. ლომისაში თანასოფლელებთან ერთად ასული 58 წლის თამაზ გინტური 6 ნოემბერს ე.წ. მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს - გაიტაცეს.

საოკუპაციო ძალების მიერ აგვისტოს ომის ვეტერანი საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ თბილისმა საოკუპაციო რეჟიმს მკვლელის დასჯა მოსთხოვა.

"ქართული ოცნება“ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე საუბრისას სიფრთხილის საჭიროებასა და მათი ხელისუფლების პერიოდში უწყვეტ მშვიდობაზე ლაპარაკობს.

„მშვიდობა არ არის, როდესაც შენი მოქალაქე შეიძლება ნებისმიერ დროს მოკლან, გაიტაცონ, გადმოგიწიონ საოკუპაციო ხაზი“, - სიფრთხილესა და შეგუებას შორის განსხვავებებზე მიუთითებენ "ოცნების" ოპონენტები და ექსპერტები.

ხელისუფლება პასუხად ოპოზიციასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მკვლელობის ფაქტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში სდებს ბრალს.

"გადასვლა არ შეიძლება, მაგრამ"

ადგილი, სადაც თამაზ გინტური მოკლეს, საოკუპაციო ხაზის მიღმა 2018 წლიდან მოხვდა.

2018 წელს, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა საგუშაგო მოაწყვეს და კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლებს ეკლესიასთან, სადაც ისინი სალოცავად დადიოდნენ, მიახლოება აუკრძალეს.

2023 წლის აგვისტოში, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტით აჭედეს და სამშენებლო ქაფით დაგმანეს.

„გადასვლა რომ არ შეიძლება, ყველამ ვიცით, მაგრამ ყველა ხომ ვერ ვემორჩილებით?!“, - უთხრა ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამამ, იური დოთიაშვილმა.

კირბალში საოკუპაციო ხაზი ხშირად წარმოსახვითია - სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით აქ არც მავთულხლართებია და არც სხვა რამე ნიშანი. იოლი გასარჩევი არ არის, სად იწყება ოკუპირებული ტერიტორია.

იური დოთიაშვილის თქმით, შეუძლებელია გაგება, „სად არის ჩასაფრებული და სად იმალება“ ე.წ. მესაზღვრე.

„მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, სისხლის კვალიც არის ავტომობილში. გამოძიება მუშაობს ძალიან ბევრ ვერსიაზე“, - უთხრა 8 ნოემბერს ჟურნალისტებს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი თელიამ. მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ „გატაცებული ლევან დოთიაშვილი უვნებელი და საღ-სალამათი დაბრუნდეს“.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, მოკლულს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი.

ცხინვალის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით არის გადაღებული, ჩანს, როგორ შედიან ის და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში. კადრებში ჩანს, თუ როგორ ამტვრევს დოთიაშვილი ეკლესიის აჭედილ კარს.

მოკლულის ძმა - გივი (ნიკოლოზ) გინტური, მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება. ეს ინფორმაცია და სავარაუდო გვარები ქართულ მედიაში გავრცელდა.

რას ამბობს "ოცნება"

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით: თამაზ გინტურის მკვლელობა „ოკუპაციის მძიმე შედეგია“, ოკუპაცია კი „ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა“.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისთვის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ადასტურებს, „თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას“.

„ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი სიმშვიდისთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გონიერი პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ქვეყანაში“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, 7 ნოემბერს და დაამატა, რომ „ყველა მოქალაქემ უნდა გაუსწოროს თვალი იმ უსაფრთხოების რისკებს, რაც ქვეყანას აქვს“, „ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს“ და „ქართული ოცნება“ სწორედ ასეთი პოლიტიკით „ბოლო ათ წელზე მეტია ინარჩუნებს მშვიდობას“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მოწოდებაში ორ ადრესატი გამოყო:

  • საერთაშორისო თანამეგობრობა - რომ „შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე“;
  • საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები - რომ „ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“.

„მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ“, - ამბობს ღარიბაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ 7 ნოემბერს თქვა, რომ საქართველოს არ ეკადრება „ადამიანის სიკვდილით გახარებული“ პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელშიც ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც გულისხმობს და რადიკალური ოპოზიციის მოკავშირედ თვლის. ვოლსკიმ განმარტა, რომ ამ ჯგუფის მიზანია - „სტაბილურობის მომხრე და ამისთვის მომუშავე ხელისუფლების“ დაზიანება.

„ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!“ - ასეთი იყო სალომე ზურაბიშვილის პასუხი.

პრეზიდენტი სოფელ კირბალში 7 ნოემბერს ჩავიდა და თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა. პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის წარმომადგენლები გინტურის ოჯახთან 9 ნოემბერს ჩავიდნენ.

„სიფრთხილე არ ნიშნავს შემგუებლობას“

„ეს მკვლელობა დემონსტრირებაა იმისა, რომ მათთვის [რუსეთისთვის] არაფერს წარმოადგენს ქართული სახელმწიფო. მათ მიზანმიმართულად სიკვდილით დასაჯეს საქართველოს მოქალაქე. გატაცება, წამება, სიკვდილით დასჯა მათ ჩვევად ექცათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე.

როდესაც „მოქალაქე ასეთი დაუცველია, შეიძლება ნებისმიერ დროს მოკლან, გაიტაცონ, გადმოგიწიონ საოკუპაციო ხაზი და არ შეგიშვან ეკლესიაში“, ეს არ არის მშვიდობა, ამბობს ფხალაძე.

მისი თქმით, „ყველაზე საშიშია შემგუებლობა“, „სიფრთხილე არ ნიშნავს შემგუებლობას“ და „თუ საქართველო შეეგუა ოკუპაციასა და ოკუპანტების ძალადობას, მაშინ სახელმწიფოებრიობას დაკარგავს“.

„ქვეყანა ვერ იარსებებს, თუკი ის აპრიორი შეგუებულია, რომ ძლიერმა შეიძლება დაჩაგროს. ეს პროცესი მივა იქამდე, რომ ბოლოს თქვა - ის ძლიერია და ამიტომ მართმევს სახელმწიფოებრიობას“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

„და რა გზა რჩება საქართველოს - ომი გამოუცხადოს რუსეთს?“ - ასეთი შეკითხვები ხშირად ისმება სოციალურ ქსელებში, სადაც კირბალის ტრაგედიას ვნებათაღელვა მოჰყვა. ის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ მწვავე განცხადებების საპასუხოდ ხშირია რეპლიკები და კომენტარები „ომი გინდათ?!“, „რატომ აღიზიანებთ ოკუპანტებს“, „გინდათ, რომ რუსეთს დაახოცინოთ ხალხი“ და სხვა.

ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა ამ სტატიისთვის, ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას კირბალში მომხდარი მკვლელობის საპასუხოდ შეუძლია მრავალ გზას მიმართოს, მაგალითად:

  • დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის,
  • მოითხოვოს სანქციების დაწესება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის,
  • გაამკაცროს ოკუპაციის შესახებ კანონი,
  • რეალურად გააფართოოს და გაააქტიუროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

ამასთან, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ გასატარებელი ზომები თავად უნდა შესთავაზოს საერთაშორისო პარტნიორებს; რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა თვითნებურად ვერაფერს მოიმოქმედებს.

2018 წლის ივნისში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ პარლამენტში მიღებული რეზოლუციის საფუძველზე დაამტკიცა დადგენილება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ.
გადაწყდა, რომ ამ სიაში შეიყვანდნენ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს“.

ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რომ ეს სია არასათანადოდ ფართოვდებოდა და მასში არ შეჰყავდათ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. დისკუსიები გამწვავდა 2019 წელს, როდესაც რუსეთის მსხვერპლთა სიას ირაკლი კვარაცხელია დაემატა.

უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, სულ მცირე, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები „შინაარსობრივი და მკაცრი“ უნდა იყოს.

„რასაც ვხედავთ, ამ პრაგმატიზმის და არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ მცოცავი ოკუპაციის შედეგად, დღეს უფრო მეტი ტერიტორია გვაქვს დაკარგული; საოკუპაციო რეჟიმი ისევ კლავს და იტაცებს ადამიანებს“, - ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა პრაგმატულად ვერ ჩაითვლება, რადგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გაუმჯობესება მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ შეინიშნება.

ოპოზიციაში კი მოაჩნიათ, რომ კირბალში მომხდარი მკვლელობა ხელისუფლების „მოღალატეობრივი“, „შემრიგებლური“, „ყველაფრის დამთმობი“, „კოლაბორაციონისტული“ პოლიტიკის შედეგია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ შარშან უყურადღებოდ დატოვა ფაქტი, რომ ასევე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის - არჩილ ტატუნაშვილის ერთ-ერთი მკვლელი ოკუპირებული ახალგორის პროკურორად დაინიშნა.

„მაშინ ხელისუფლებას მოვუწოდე რეაგირება გაეკეთებინა მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თუმცა ამაზე ხმა არ ამოუღიათ, რაც ნიშნავს, რომ "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში" მყოფი დამნაშავეების დაკავებაზე "ქართულ ოცნებას" არ უმუშავია“, - ამბობს აქუბარდია.

ანდრო გოცირიძისთვის პრინციპულად არასწორია მიდგომა, რომ მოქმედი ხელისუფლება ოკუპაციას წინამორბედის მემკვიდრეობად თვლის, რადგან „უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, ყველა საერთაშორისო ინსტანციამ დაადასტურა, რომ რუსული ოკუპაცია განზრახული და მიზანმიმართული იყო“.

"დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავეები"

საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას საერთაშორისო პარტნიორების სწრაფი რეაქციები მოჰყვა.

„ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა. განცხადება აშშ-ის საელჩო ფეისბუკგვერდზეც არის გამოქვეყნებული.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობა, ევროკავშირის სახელით დაგმო უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.

„უკანონოა რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - თქვა მან. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია მოწოდება გატაცებული პირის გათავისუფლების შესახებ.

8 ნოემბერს, როცა ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გამოაცხადა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გინტურის მკვლელობას „საგანგაშო ცნობა“ უწოდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას... ყველანაირად გამოვხატავთ სოლიდარობას საქართველოს ხალხისადმი... ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ იპოვოს დამნაშავეები“, - განაცხადა ევროკომისარმა.

„ეს [კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება] არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას, ყველა მის უღირსობაზე და ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს სინამდვილეში აქ არის, ჩვენთან ერთად არიან. იმიტომ, რომ ამ დღისთვის იბრძოდნენ“, - მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსანიშნავად ორბელიანების სასახლესთან მისულ ხალხს.

ათონელის ქუჩაზე იმყოფებოდნენ ასევე უცხოელი დიპლომატები, მათ შორის - აშშ-ის ახალი ელჩი, რობინ დანიგანი; ასევე ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი.

პრეზიდენტის ინიციატივით, შეკრებილმა ხალხმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG