შეკრულ წრეზე ისევ ქუჩაში - რა გეგმები აქვს ოპოზიციას
ოპოზიციამ უკვე დააანონსა 6 ნოემბრისთვის საპროტესტო აქცია, რომელსაც მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ენიჭება.
დღეიდან ოპოზიციის ლიდერები ხალხთან სასაუბროდ რეგიონებში გადიან. მიმდინარე კვირაში 4 საპროტესტო აქცია გაიმართება: 2 ნოემბერს - ბათუმში, 3 ნოემბერს - ზუგდიდში, 4 ნოემბერს - ქუთაისში, ხოლო 6 ნოემბერს - თბილისში.
ორგანიზატორები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საპროტესტო აქციების მიზანი მმართველი პარტიის მიერ „მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება“ და სამართლიანობის აღდგენაა.
ვადამდელი არჩევნები ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ოპოზიციური კოალიციის საერთო მთავარ მოთხოვნას, თუმცა, როგორც, მაგალითად, „ლელოში“ ვარაუდობენ, ეს დრო ძალიან მალე დადგება.
ამის პარალელურად საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ დეპუტატები. ამის შესახებ უკვე გამოაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა და ანა წითლიძემ.
„ქართული ოცნება“ ამ დრომდე იმეორებს, რომ საქართველოში 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ - ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლის უფლება აქვს, მაგრამ ხალხის გამოყვანას უსაფუძვლოდ ცდილობს და კვლავ „რევოლუციური“ გეგმები ამოძრავებს.
რა გეგმები აქვს ოპოზიციას და რა მოთხოვნებით გადიან პოლიტიკოსები ისევ ქუჩაში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
შიმშილობის (შეწყვეტის) დილემა
ერთი თვე და ერთი დღე გავიდა მას მერე, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა დაიწყო. ის ისევ განაგრძობს პროტესტის უკიდურეს ფორმას. საკვების გარდა უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე.
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი 1 ნოემბერს მოინახულა საპყრობილეში, შენიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, წინა შეხვედრასთან შედარებით, თვალშისაცემად დამძიმებულია:
„ძალიან რთულია იმის ყურება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. მისთვის უკიდურესად საჭიროა სამედიცინო დახმარება და იმ კლინიკაში გადაყვანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ დროისათვის მას 20 კილოზე მეტი აქვს უკვე დაკლებული. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“.
მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაში საეტაპო თარიღად მიიჩნეოდა 30 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ოპოზიციის წარმატება განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წინაპირობად.
პოლიტიკის ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა მოახდინა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება, მაგრამ, მისივე თქმითვე, საქმეც ის არის, რომ სააკაშვილის ამომრჩევლის სრული მობილიზება არ არის საკმარისი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ „ხელისუფლება მამაძაღლობს“.
ხუხაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ სააკაშვილის შიმშილობას აღარ აქვს პოლიტიკური განზომილება.
წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
30 124 ბათილი ხმა - ბრძოლა თითოეული ბიულეტენისთვის
1 ნოემბრისთვის ცესკომ 201 საარჩევნო უბნის მონაცემებიც გადათვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის დეტალებს დღეს გამოაქვეყნებს, თუმცა უკვე თქვა, რომ ამ პროცესს არჩევნების შედეგები არ შეუცვლია.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ასობით საჩივარი დაიწერა. ცესკოში შესულია 330 განცხადება - საჩივრების წარდგენისა და განხილვისთვის მხარეებს კიდევ რამდენიმე დღე აქვთ.
რა პრობლემები აისახა საჩივრებში?
- საჯარო მოხელეები კომისიის წევრებად;
- არაკვალიფიციური კომისიის წევრები;
- მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს გადასატანი ყუთით ხმის მიცემას;
- დამკვირვებლების მიმართ აგრესიული კომისიის წევრები.
30 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ხმების დათვლისას განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა ბათილი ბიულეტენები და გაბათილების მიზეზები: გაბათილებულ ბიულეტენებს შორის არის ისეთებიც, სადაც ამომრჩევლის ნება ჩანს.
სად რამდენი ბიულეტენი გაბათილდა? რა შემთხვევაში უნდა ითვლებოდეს და რა შემთხვევაში ითვლება ბიულეტენები ბათილად? წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.
ჩრდილოეთ მაკედონიის ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოწოდებით გამოდის
ჩრდილოეთ მაკედონიის ოპოზიციის ლიდერი გამოვიდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდებით მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში მისი პარტიის წარუმატებლობის გამო.
ოპოზიციური, მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია - მაკედონიის ერთობის დემოკრატიული პარტიის (VMRO-DPMNE) ლიდერმა, ხრისტიან მიცკოსკიმ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ამით უკეთესი ქვეყნისთვის ცვლილებები იწყება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ 31 ოქტომბრის არჩევნებში წარმატება მოიპოვა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობა მაღალია. მიცკოსკი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ლეგიტიმაცია დაკარგა და „წინსვლის გზა ვადამდელი არჩევნებია“.
კლიმატურ ცვლილებებზე გლაზგოს კონფერენციას მიიჩნევენ "უკანასკნელ" იმედად გლობალური დათბობის შენელებისთვის
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 1 ნოემბერს მკაცრი გაფრთხილებით გამოვა გაეროს კლიმატის სამიტზე და იტყვის, რომ დრო იწურება გლობალური დათბობის შესანელებლად. ჯონსონი, რომელიც გლაზგოში მიმდინარე სამიტის მასპინძელია, ქვეყნებს მოუწოდებს, უკვე დადებულ პირობებზე მეტი გააკეთონ და მიაღწიონ მიზანს, რომ გლობალური დათბობა შეიზღუდოს პრეინდუსტრიულ დონეზე ცელსიუსით 1,5 გრადუსით მეტზე.
სამიტი 31 ოქტომბერს გაიხსნა და გაეროს კლიმატის ოფისის ხელმძღვანელმა, პატრიცია ესპინოზამ თქვა, რომ მთავრობების ლიდერებს ორი არჩევანი აქვთ: ან მნიშვნელოვნად შეამცირონ სათბური გაზების ემისია და ადამიანებს და სახელმწიფოებს საშუალება მისცენ გადაურჩნენ გლობალურ დათბობას, ანკი მიიღონ რეალობა, რომ „კაცობრიობას ამ პლანეტაზე მძიმე მომავალი ელის“.
გლაზგოს სამიტი ჩვენი „უკანასკნელი და საუკეთესო იმედია, რათა [დათბობის] 1,5 გრადუსით შეზღუდვა რეალური დარჩეს“, - თქვა ალოკ შარმამ, ბრიტანეთის მთავრობის მინისტრმა, რომელიც მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს.
100 მეტრში და იმის იქით - ირჩევთ თქვენ, გკარნახობენ სხვები
არჩევნების მეორე ტურში ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო უბნებთან კვლავ შენიშნეს ბევრი კალამმომარჯვებული ადამიანი, ხელში საარჩევნო სიებით. 30 წელია, საქართველოში არჩევნები მოქალაქეების ნების კონტროლის გარეშე არ ჩატარებულა.
„დარღვევები დაიხვეწა… ახლაც დგას ხოლმე პოლიცია საარჩევნო უბანზე, მაგრამ ისინი აღარ აშინებენ ხალხს… პოლიცია ჩაანაცვლა პარტიულმა ხალხმა, აგიტატორებმა, ე.წ. ძველმა ბიჭებმა“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, გიორგი ალავერდაშვილი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან თავი მოუყარა ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის ყველა დასკვნას, რომელიც 30 წლის მანძილზე 19-ჯერ ჩატარებული არჩევნების შესახებ დაიწერა. აღმოჩნდა, რომ უკლებლივ ყველა ანგარიშში საუბარია არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ნების კონტროლსა და „დამაშინებელი გარემოს შექმნაზე”. როგორ განსაზღვრავს ეუთო/ოდირი, რომ გარემო დამაშინებელი იყო? გიორგი ალავერდაშვილის თქმით, „დამაშინებელი გარემო” პირველ რიგში ხალხის განცდაა.
უკანასკნელ 2 წელიწადში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ორჯერ შევიდა. ასე გაჩნდა ჩანაწერი კანონში, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში საარჩევნო უბნიდან პოლიტიკური თავშეყრა და ამომრჩეველთა აღრიცხვა იკრძალება. რას კრძალავს საარჩევნო კანონი და რამდენად ეფექტიანად უზრუნველყოფს ის ამომრჩეველთა ნების დაცვას?
წაიკითხე ვრცლად სანდრო გვინდაძის სტატიაში.
„ბაბლერი“ ქართველების შექმნილი სოციალური ქსელია, სადაც ახალი მეგობრები იმის მიხედვით შეგიძლია მოძებნო, თუ სად და როგორ გინდა დროის გატარება.
„ბაბლერზე“ წერ შენი ჰობის შესახებ და პოულობ მათ, ვისაც მსგავსი ინტერესები აქვს. რაც მთავარია, ახალ მეგობრებთან ერთად შეგიძლია დაგეგმო, რომ, მაგალითად, ხვალ, ბოულინგის სათამაშოდ წახვიდე, ან კინოს ყურების მსურველები შემოგიერთდნენ, ან სულაც სკეიტით ისრიალოთ.
22 წლის ლუკა ხათრიძემ, 18 წლის დაჩი ტაბატაძემ და 16 წლის ნიკა სირაძემ ერთმანეთი საერთო ინტერესების წყალობით გაიცნეს და გადაწყვიტეს, ისეთი პლატფორმა შეექმნათ, რომელიც ახალგაზრდებს დროის ერთად და საინტერესოდ გატარებაში დაეხმარებოდა.
დაწერეთ კომენტარი