Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნების" 90 დეპუტატი და ნარკოლოგიური ცნობების დილემა ახალ პარლამენტში


3 დეკემბერს ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და ახლა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი 10 დღის ფარგლებში უნდა დაასახელოს საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა პირველი სხდომის გამართვა ჯერ ისევ არ ნიშნავს ახალი პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენასა და არჩეული პირების სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას.

  • რას გვეუბნება კონსტიტუცია და კანონები?
  • როგორ ხდება დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა?
  • როგორ ხდება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა?
  • როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როცა ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს?

ცესკოს მიერ შეჯამებული შედეგების თანახმად, 150-წევრიან ახალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ სულ 90 დეპუტატი ეყოლება; ხოლო დარჩენილი 60 სადეპუტატო მანდატი 8 ოპოზიციურ პარტიაზეა გადანაწილებული. თუკი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს ბოლომდე შეინარჩუნებს, მაშინ ახალ პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი დარჩება.

მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში - ეს არის დეპუტატების ფიცის ტექსტი, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ უნდა წაიკითხოს.

„ვფიცავ“ - წარმოთქვამენ ტექსტის მოსმენის შემდეგ პარლამენტის წევრები და საქართველოს ჰიმნიც შესრულდება. მაგრამ შესაძლოა, ეს პარლამენტის პირველ სხდომაზე ვერ მოხდეს, რადგან დეპუტატები ფიცს დებენ ახალი პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის შემდეგ; ხოლო ეს პროცესი შესაძლოა შეფერხდეს.

კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად:

  • პირველ სხდომაზე ახლად არჩეული პარლამენტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (მინიმუმ 76 დეპუტატი);
  • მაგრამ პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს მხოლოდ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 დეპუტატის) უფლებამოსილების ცნობის შემდეგ (და ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტსაც);
  • სხდომა შეწყდება, თუკი ვერ მოხერხდება 150-დან 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა;
  • მომდევნო სხდომას იწვევს უკვე ცესკოს თავმჯდომარე 10 დღის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც შესაძლებელი გახდება უფლებამოსილების მქონე დეპუტატთა რიცხვის 100-მდე შევსება.

რადგან „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება, ამ პროცედურისთვის დასჭირდება სულ ცოტა 10 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა.

როგორ ხდება დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა?

დეპუტატების უფლებამოსილების თავდაპირველი ცნობის პროცედურები ცესკოს მონაწილეობით მიმდინარეობს.

  • პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).
  • ამ მასალებს შეამოწმებს 17-წევრიანი დროებით სამანდატო კომისია და მოამზადებს სპეციალურ დადგენილებაში შესაყვან პირთა სიას.
  • დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანენ იმ პირთა გვარებს, რომელთა დეპუტატებად ცნობის კანონიერება: გასაჩივრებულია სასამართლოში ანდა საეჭვოდ მიიჩნევა დროებითი სამანდატო კომისიის მიერ.

არის თუ არა აუცილებელი ნარკოლოგიური შემოწმება ამ სიაში მოსახვედრად?

ამ შეკითხვის პასუხია თან - კი და თან - არა.

საარჩევნო კოდექსის 203-ე პრიმა მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრებად არჩეული პირები ვალდებული არიან კენჭისყრიდან 7 დღის ვადაში გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და იმავე ვადაში შესაბამისი ცნობები ცესკოს წარუდგინონ. ცესკო კი, თავის მხრივ, ამ ვადის შემდეგ, მიღებულ ცნობებს აქვეყნებს თავის ვებსაიტზე.

ამჟამად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული (28 ნოემბერს განახლებული) სიის თანახმად, 150 არჩეული პირიდან ასეთი ცნობები წარდგენილი არა აქვს 62-ს, საიდანაც 2 – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენები - ოპოზიციური პარტიების.

იმ არჩეულ პირთა სია, ვისაც ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარდგენილი არ აქვთ
იმ არჩეულ პირთა სია, ვისაც ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარდგენილი არ აქვთ

  • საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ ნარკოლოგიური შემოწმების სავალდებულო პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ცესკოს თავმჯდომარე წარუდგენს ახლად არჩეულ პარლამენტს „პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციის“ დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას.
  • თუმცა პარლამენტის განახლებულ რეგლამენტში ნარკოლოგიური ცნობა აღარ არის ნახსენები იმ მასალების ჩამონათვალში, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარემ პირველ სხდომაზე უნდა გადასცეს დროებით სამანდატო კომისიას და რის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს ამა თუ იმ დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.

და მაინც, არის თუ არა ნარკოლოგიური შემოწმება აუცილებელი?

ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ 3 დეკემბერს მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის როგორც მოქმედ თავმჯდომარეს - გურამ მაჭარაშვილს, ასევე ყოფილ თავმჯდომარესა და აწ უკვე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - გიორგი კახიანს. თუმცა მათგან პასუხები ვერ მივიღეთ.

სამაგიეროდ, პასუხი მივიღეთ წარსულში ამავე კომიტეტის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარისგან, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლისგან - ხათუნა გოგორიშვილისგან. როგორც მან გვითხრა - ამავე შინაარსის შეკითხვებით ახლო წარსულში თავადაც მიმართა გურამ მაჭარაშვილს.

„როცა პარლამენტში ეს საკითხი იხილებოდა, ვკითხე მე გურამ მაჭარაშვილს - ვაიდა, არ მივიტანე ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რა მოხდება-მეთქი?! მან მითხრა - არაფერიც არ მოხდებაო, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობასთან ამას კავშირი არა აქვსო...

შემდეგ დავუსვი მეორე შეკითხვაც - თუკი მივიტანე ცნობა და დამიდასტურდა ნარკოტიკის მოხმარება, მაშინ რა ხდება-მეთქი?! მაშინაც არაფერი ხდებაო - ამომრჩეველი იტყვის, დედა, დედა, რა ცუდი არჩევანი გამიკეთებია - ნარკომანი ამირჩევიაო და მორჩა“.

შესაბამისად, გოგორიშვილისთვის კვლავაც გამოცანად რჩება - რატომ არის ცესკოსთვის ცნობის მიტანა სავალდებულო, თუკი ამ ცნობას საბოლოოდ არანაირი ფასი არა აქვს?!

თუმცა ოპოზიციაში ლაპარაკობენ იმის შესახებაც, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობები, წესით, უნდა იგულისხმებოდეს დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის ჭრილში განსახილველ მასალებში.

როგორ წყდება დეპუტატის უფლებამოსილება?

ეს შეკითხვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბოიკოტის ფონზე, როდესაც ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

თუკი ნარკოლოგიური ცნობების არარსებობა ბარიერს ვერ შექმნის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წინ არაფერი დაუდგება - მათ შეეძლებათ დაუსწრებლად ცნონ პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილება და, შესაბამისად - ახალმა პარლამენტმა სრული უფლებამოსილება შეიძინოს.​

ოპოზიცია აბსურდულად და შეუძლებლად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ კონსტიტუცია ოპოზიციის პარლამენტში ძალით დატოვების შესაძლებლობასაც იძლევა.

თავად კობახიძეს არ განუმარტავს, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელია, აქ იგულისხმებოდეს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი“, ხოლო „პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში“.

თუმცა იქვე წერია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის - პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“.

  • მანდატებზე უარის ოფიციალურად თქმის შესაძლებლობა ოპოზიციას მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც პარლამენტი დაამტკიცებს მათი წარმომადგენლების სადეპუტატო უფლებამოსილებას.
  • მანამდე ვერც სიების სრული გაუქმება მოხერხდება, რადგან პარტიულ სიებზე და კანდიდატებზე უარის თქმა მხოლოდ არჩევნებამდე იყო შესაძლებელი.

ხათუნა გოგორიშვილი გვეუბნება, რომ „ევროპული საქართველო“, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ორი პარალელური გზით აპირებს წასვლას:

  • „რადგან ჩვენი პარტიის სიიდან არჩეულად ითვლება 5 წევრი, ჩვენი პარტია გააგზავნის ცესკოში განაცხადს, რომ გაუქმდეს პარტიული სია მე-6 ნომრიდან ბოლომდე, ანუ სრულად - ეს იმისთვის, რომ როდესაც ის 5 დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე, პარტიული სიიდან მათი ჩანაცვლება ავტომატურად არ მოხდეს სხვა პირებით... ახლა ამ წერილის გაგზავნა არ შეგვიძლია, რადგან პარლამენტის უფლებამოსილება ჯერ არ არის ცნობილი და სიების საკითხიც ჩაკეტილია“;
  • „ჩვენი პარტიის 5 წარმომადგენელი კი, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილებასაც ცნობს ახალი პარლამენტი, მანდატებზე უარის სათქმელად უშუალოდ პარლამენტს მიმართავს“.

რეგლამენტის თანახმად, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ერთი კვირის განმავლობაში არ განიხილება - ამ ვადას კანონი მოსაფიქრებლად უტოვებს დეპუტატს - პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება“.

ხოლო ამის შემდეგ:

  • დეპუტატის განცხადებას განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამზადებს დასკვნას განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
  • შემდეგ ამ დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
  • პარლამენტის ბიუროს ეს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
  • პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
  • ამ საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, კენჭისყრა დაუშვებელია პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები - რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ორივე მხარე მესამე რაუნდის მოლოდინშია. 3 დეკემბერს, ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებმა, ერთმანეთთან შეხვედრისა და რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ განაცხადეს, რომ ელჩებთან შესახვედრად მზად არიან - ახლებურად შეჯერებული პოზიციით. თუმცა კვლავაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება უცვლელ მოთხოვნად რჩება.

თავის მხრივ, სწორედ ვადამდელი არჩევნების არდანიშვნაა „ქართული ოცნების“ წითელი ხაზი და მმართველი პარტია არ აპირებს ამ მთავარი საკითხის დათმობას.

ამ მომენტში, შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ჩანს - ახლად არჩეულ პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG