Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემია და მოსახლეობის განწყობა არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 სექტემბერს


„ქართული ოცნება“ - 36%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 15% - IRI-ის კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 36% (რომელიც აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას) „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.

ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი (15%) „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მოსახლეობის 4%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ „ევროპული საქართველო“ და გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. მხარდაჭერა სხვა პარტიების მიმართ ნახე აქ.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მათი ეკონომიკური მდგომარეობა სხვადასხვა დონეზე გაუარესდა.

IRI-ს კვლევაში კიდევ რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა, მაგალითად:

კორონავირუსი: აჭარა ისევ წითელ ზონად რჩება

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 126 აჭარაში გამოვლინდა. 16 ინფიცირებული იმერეთიდანაა, 15 თბილისიდან, 7-7-ია სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში და 4-4 გურიასა და კახეთში.

აჭარა ამ დრომდე წითელ ზონად რჩება. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, 16 სექტემბერს ბათუმში კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე აღმოჩნდა, ათეულობით კლინიკიდან ბათუმში მხოლოდ ორს აქვს შესაძლებლობა, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ტომოგრამა გადაუღოს.

აქვს თუ არა აჭარას საკმარისი რესურსები, წაიკითხე მეტი ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭო ბელარუსის გარშემო სასწრაფო დებატებს გამართავს

დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ იმსჯელებენ. სასწრაფო დებატების გამართვა გაეროს ევროკავშირმა სთხოვა.

გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტმა, სესიის გახსნისას, 14 სექტემბერს, განაცხადა, რომ ყველა ცნობა რეპრესიებზე, ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე, აქციების მონაწილეთა წამებასა და გატაცებაზე სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

გუშინ ევროპარლამენტმა ლუკაშენკას ხელისუფლების მიმართ სანქციებსაც უყარა კენჭი. ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

Facebook საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას ჩაუშვებს

დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში Facebook-ი საქართველოშიც გადაამოწმებს ფაქტებს. ამას კომპანია ორი ადგილობრივი ორგანიზაციის, Fact Check Georgia-სა და „მედიის განვითარების ფონდის“, დახმარებით შეეცდება.

„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, - აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.

წაიკითხე მეტი.

სად, როგორ, რა ფასად შეგიძლია გაიკეთო PCR-ტესტი?

COVID-19-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, იმატა PCR-ტესტირების მსურველთა რაოდენობამაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 17 სექტემბერს, საქართველოში, 12 000-მდე PCR-ტესტი ჩატარდა. ტესტირებულ პირთა ნაწილი, სავალდებულო ტესტირების წესს დაექვემდებარა, მათ შორის, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, ე.წ. წითელ ზონაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები, „ცხელების ცენტრებში“, სამედიცინო დაწესებულებებში, ცხელებით მოხვედრილი პაციენტები, ექიმები, საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები, მძღოლები და ა.შ. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, მათ საკუთარი სურვილით ჩაიტარეს ტესტი COVID-19-ზე.

კორონავირუსის ტესტის ფასები 110-დან 220 ლარამდე მერყეობს, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის გსურთ პასუხის მიღება. სწრაფი პასუხი უფრო ძვირია. თუ თავდაპირველად ტესტები მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში კეთდებოდა, ახლა არაერთი ლაბორატორია სთავაზობს მოქალაქეებს ვირუსზე შემოწმებას.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მომხრეებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ აგროვებენ ისინი ფრთხილად წყლის ბოთლებს სასტუმროს ოთახში მას მერე, რაც გაიგეს, რომ ნავალნი ავად გახდა თვითმფრინავში, მოსკოვისკენ მიმავალი.

მათი თქმით, გერმანელმა მკვლევრებმა ერთ-ერთ ბოთლზე ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“, კვალს მიაგნეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნავალნი სასტუმროში მოწამლეს და არა აეროპორტში, როგორც ადრე ფიქრობდნენ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG