Accessibility links

პრეზიდენტი, რომლის დროსაც ცივი ომი დასრულდა


ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი.

„ამერიკა არასოდეს არის თავის თავის ერთგული, როცა არ მოქმედებს მაღალი მორალური პრინციპებით“, - ეს სიტყვები ჯორჯ ბუშმა წარმოთქვა 1989 წელს, თავისი საინაუგურაციო გამოსვლისას, რასაც მოჰყვა მისი პრეზიდენტობა ცივი ომის დასასრულის ფონზე.

რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ერთი ვადით, 1993 წლამდე. ეს იყო მართლაც ისტორიული პერიოდი, როცა რკინის ფარდა დაეცა და საბჭოთა კავშირი დაიშალა, როცა შეერთებული შტატები მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ იქცა.

ჯორჯ ბუში და მიხაილ გორბაჩოვი. ეს პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.
ჯორჯ ბუში და მიხაილ გორბაჩოვი. ეს პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

უფროსი ჯორჯ ბუში იყო პრეზიდენტი, რომელიც ერაყთან ომში ჩაება, ამ ქვეყნის კუვეიტში შეჭრის შემდეგ. 1990-1991 წლების ომს მოგვიანებით სპარსეთის ყურის პირველი ომი ეწოდა. ბუშზე მოდის ასევე ცივი ომის შემდეგ რუსეთთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის აწყობა, რაც ითვალისწინებდა, მაგალითად, ბირთვული არსენალის მკვეთრად შემცირებას.

ბუშის ხანგრძლივი ცხოვრების ეტაპებს შორის იყო ასევე მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა, ნავთობმრეწველობაში მუშაობა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობა, ორი ვადით ვიცეპრეზიდენტობა, გაეროსა და ჩინეთში შეერთებული შტატების ელჩობა. 2000 წელს ის თავისი შვილის, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტად არჩევის მოწმე გახდა.

1971-1973 წლებში ჯორჯ ბუში უფროსი მსახურობდა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად.
1971-1973 წლებში ჯორჯ ბუში უფროსი მსახურობდა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად.

ამერიკამ პატრიოტი და მოკრძალებული მსახური დაკარგაო - ამ სიტყვებით გამოეხმაურა უფროსი ჯორჯ ბუშის გარდაცვალებას აშშ-ის ასევე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მისი აზრით, ბუში მადლიერებას იმსახურებს პრეზიდენტად გატარებულ პერიოდზე გაცილებით მეტი - 70-ზე მეტი წლისთვის, რომელიც მან თავისი ქვეყნის თავდადებულ სამსახურში გაატარა.

ჯორჯ ბუში უფროსი ვასკულარული (სისხლძარღვოვანი) პარკინსონიზმით იყო დაავადებული - პარკინსონის დაავადების ფორმით, რომლის გამოც 2012 წლიდან მხოლოდ ეტლით გადაადგილდებოდა.

ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კეთილგანწყობისა და დამსახურებების აღიარების მიუხედავად, ბოლო წლებში არაერთი კრიტიკული შეფასება გამოითქვა. 2017 წელს ბუში დაადანაშაულეს, სულ ცოტა, ექვსი ქალის სექსუალურ შევიწროებაში. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს ინციდენტების გამო.

ბარბარა ბუში, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პირველი ლედი.
ბარბარა ბუში, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პირველი ლედი.

რამდენიმე თვის წინ, 2018 აპრილში გარდაიცვალა ბარბარა ბუში, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პირველი ლედი. უფროს ჯორჯ ბუშთან მისმა ქორწინებამ 73 წელი გასტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG