Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელის მოკლე გზავნილი საქართველოს პოლიტიკური ძალებისათვის


 ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი

„დროა, პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს სხდომის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეპ ბორელმა.

ბრიუსელში 7 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ ბოლოდროინდელ საერთაშორისო მოვლენებს, მათ შორის, საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილ ჩიხურ სიტუაციას.

„იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო წინადადება გზას გაუხსნის კომპრომისს და საშუალებას მისცემს პარლამენტს, წინ წაიწიოს ასე საჭირო საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში და უპასუხოს სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებს“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

უმაღლესმა კომისარმა, ფაქტობრივად, გაიმეორა ის მესიჯი, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ მისმა პრესმდივანმა გაავრცელა.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური დებატებისა და გადაწყვეტილების მიღების მთავარ ფორუმს პარლამენტი წარმოადგენს. პარლამენტის ბოიკოტი არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას“, - განაცხადა 7 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის, პრესმდივანმა პეტერ სტანომ.

ევროკავშირის წარმომადგენელთა ამ განცხადების ფონია საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისიდან გამოსავლის თაობაზე ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.

მაშინ, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე 4 დღე რჩება, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ხელშეწყობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები კვლავ ვერ აღწევენ რეალურ კომპრომისს.

რას სთავაზობს „ქართული ოცნება“ ოპოზიციას?

როგორც ზემოთ ითქვა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი პირი იმედოვნებს, რომ საქართველოს მმართველი საპარლამენტო ძალის, „ქართული ოცნების“, ბოლო წინადადება „გზას გაუხსნის“ კომპრომისს.

პოლიტიკური კომპრომისის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია ხელისუფლებისგან კვლავ სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს: ხელახალი არჩევნების გამართვას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მმართველი „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციასთან მოლაპარაკება „წინგადადგმული ნაბიჯია“, მაგრამ მმართველ პარტიაში 7 დეკემბერს კვლავ გაიმეორეს, რომ არ განიხილავენ განმეორებითი არჩევნების ან პლებისციტის საკითხს.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა მთავარმა მომლაპარაკებელმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, „წინგადადგმული ნაბიჯი“ უწოდა პოზიციების დაახლოებას ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც გრძელვადიან სტაბილურ თანამშრომლობასა და ნორმალურ პოლიტიკურ სისტემას შეიძლება დაედოს საფუძვლად.

„თუ რა არის კონკრეტულად მოლაპარაკებების დეტალები, ამას ჩვენ აუცილებლად ვეტყვით საზოგადოებას სულ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც დიალოგი დასრულდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რა გითხრათ, რით დაგამშვიდოთ?“

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის მესამე რაუნდის წინ ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნები ინიშნება 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

„ქართული ოცნება“ იმეორებს, რომ განმეორებითი არჩევნების მიმართ მმართველი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება უცვლელია. როგორც ჩანს, ისეთივე ბედი ელის პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას.

„ჩვენ ჩვენი საჯარო პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, რომ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის, პლებისციტს, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, არ განიხილავს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ასეთი ურთიერთუკომპრომისობის ფონზე, ოპოზიცია „ჰორიზონტზე“ რაღაც კომპრომისს, როგორც ეტყობა, მაინც ხედავს. მაგრამ კარტს ბოლომდე არც ხელისუფლების ოპონენტები ხსნიან.

„ჯერ ერთი, ჩვენი ფასილიტატორების თხოვნაა, რომ დეტალებში არ შევიდეთ. მეორე, რომ დაგამშვიდოთ, გაგახაროთ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ჰორიზონტზე, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე - არა. ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რას მოუწოდებენ ფასილიტატორები ქართველ პოლიტიკოსებს?

დასავლელი პარტნიორები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ შეთანხმების მიღწევა და შევიდნენ ახალ პარლამენტში.

24 ნოემბერს ასეთი მოწოდება გაისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. კერძოდ, PACE-ს მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კლოდ კერნის შეფასებით, არჩევნებმა შექმნა მრავალფეროვანი პარლამენტი, სადაც მმართველი უმრავლესობა იქნება ძლიერი ოპოზიციის წინაშე, რაც სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობას უზრუნველყოფს. კორლატეანი და კერნი პარლამენტს მიიჩნევენ დებატებისა და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების განხილვის ერთადერთ ფორუმად.

„ამიტომ, საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ყველა პარტიას მოვუწოდებთ, მიიღონ არჩევნებზე მოპოვებული მანდატები და ახალ პარლამენტში შევიდნენ“, - ნათქვამია PACE-ს მომხსენებელთა განცხადებაში.

ამასთან, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა სავსებით გაიზიარეს არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნები და ზოგადი შეფასება და, ამასთან, ხაზი გაუსვეს დარღვევების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის, მტკიცებებს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლებსა და პარტიების აქტივისტებზე ზეწოლის შესახებ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა განცხადებით, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს.

ნიშანდობლივია, რომ იმავე დღეს ევროპარლამენტის რამდენიმე წამყვანმა დეპუტატმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ, რომელშიც საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, მიულოცეს არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით სავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ახალ პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს და გაითვალისწინოს საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის უმთავრესი ინტერესი.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიკსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი ტურის შეფასებებს და მეორე ტურის შემდეგ მოელიან დასაბუთებული საჩივრების სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას.

ევროპელი პოლიტიკოსების მსგავსად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ოპოზიციას, ბრძოლა პარლამენტის შიგნიდან გააგრძელოს და უარი თქვას ბოიკოტზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ეს განცხადება 18 ნოემბერს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისში გააკეთეს, რომელსაც უცხოეთის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოლოდინის მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეხვედრია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე აპირებდნენ საუბარს.

მაგრამ მაიკ პომპეოს გამგზავრების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი.

საქართველოს ოპოზიციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ამერიკელი დიპლომატის მხრიდან არანაირი მოწოდება არ გაკეთებულა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც არის, თუმცა მისი მხრიდან შემოთავაზებული იყო, ხომ არ ჯობია, რომ ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო ან საარჩევნო კომისია, მსგავსი ინსტიტუტები საქართველოში, უბრალოდ, არ არსებობს და ამიტომ ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა. თავს ხომ არ მოვიტყუებთ? ასე ავუხსენით ზუსტად“, - განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი ეყოლება.

150-წევრიან პარლამენტში პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ - 5 მანდატი, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4 მანდატი, „ლელო“ - 4 მანდატი, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4 მანდატი, „გირჩი“ - 4 მანდატი, „მოქალაქეები“ - 2 მანდატი და „ლეიბორისტული პარტია“ - 1 მანდატი.

არჩევნების მეორე ტურში უკონკურენტოდ აღებული 17 მანდატის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ 90 სადეპუტატო მანდატი მოაგროვა და, ჯამში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, ამ ეტაპზე ვითარება ასეთია: 150-წევრიან პარლამენტში სულ 90 დეპუტატი იქნება. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ ერთ ფრაქციაზე მეტს ვერ შექმნის.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს.

არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად სწორედ 11 დეკემბერი იხილება, თუმცა თარიღზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასრულებას ელიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG