Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წერს ევროპის პრესა ამაზონის ტყის ხანძარზე?


ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში, მძვინვარებს ყველაზე ძლიერი ხანძარი ბოლო წლების განმავლობაში. პრეზიდენტმა ბოლსონარომ ხანძრის გაჩენაში გარემოს დამცველ ჯგუფებს დასდო ბრალი, მკვლევრები კი აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც იანვარში ბოლსონარო ხელისუფლებაში მოვიდა, მეცხოველეობის ფერმების წარმომადგენლებმა გაახშირეს ტყის საფარის დაწვისა და იმ ადგილებში კულტივირებული მცენარეების მოყვანის პრაქტიკა. რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოს?

„ბრაზილია საფრთხეში აგდებს პლანეტის მწვანე ფილტვს“, - წერს პოლონეთში გამომავალი, ყოველკვირეული კათოლიკური გამოცემა „ტიგოდნიკ პოვშეხნი“ 22 აგვისტოს და განაგრძობს: „მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის მიმართ ბრაზილიის პრეზიდენტის დამოკიდებულება არ არის მხოლოდ სამხრეთ ამერიკის პრობლემა, ის პლანეტაზე მცხოვრებ შვიდ-ნახევარ მილიარდ ადამიანს ეხება. ამაზონი მსოფლოში ტყის საფარით დაფარული უდიდესი ტერიტორიაა, ის არეგულირებს კონტინენტზე წვიმას და წარმოადგენს ნახშირბადის გიგანტურ ნიჟარას. ... აქ, ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, ჩვენი საგაზეთო სათაურები არ უნდა იყოს მოცული დონალდ ტრამპის უახლესი ექსცენტრული გამონათქვამებით (მაგალითად, გრენლანდიის შესყიდვის წინადადებით).უნდა ვწერდეთ ბრაზილიის მთავრობისა და მრეწველობის ჩუმ ომზე მსოფლიოს ფილტვის წინააღმდეგ. გლობალური დიპლომატიის უდიდესი გამოწვევა ახლა ბოლსონაროს ქმედებების მოთოკვაა“.

„ევროკავშირი ბოლსონაროს ეფოფინება“ - წერს შვედეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის ყოველდღიური გაზეთი „აფტონბლადეტი“ 23 აგვისტოს და განაგრძობს: „როგორია შვედეთისა და ევროპის დამოკიდებულება ბოლსონაროსთან? ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა სესილია მალმსტრომმა ახლახან ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ბრაზილიის ხორცის წარმოებას - ეს კი, თავის მხრივ, ბიძგს აძლევს გაკაფვა-გადაწვის წესით წარმოებულ მიწათმოქმედებას, ანუ ტყის მონაკვეთების დაწვას და იმ ადგილებში კულტივირებული მცენარეების მოყვანის პრაქტიკას. ევროკომისარი ირწმუნება, გარანტიები მივიღე, რომ ბრაზილია დაიცავს პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის შესახებო. მოსაზრება, რომ ზედმეტსახელად „კაპიტან ბენზოხერხად“ წოდებული ჟაირ ბოლსონარო კლიმატს დაიცავს, თავისთავად მომხიბვლელია, მაგრამ, ამავე დროს, საო პაულოს თავზე ცა უფრო და უფრო მუქდება“.

„გაღიზიანებულებმა ფაქტები უნდა გადაამოწმონ“, - აცხადებს გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ 22 აგვისტოს და განაგრძობს: „პირველ რიგში, კრიტიკას იმსახურებს კაცი, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ხანძრებზე. პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო მეთოდურად უთხრის ძირს ბრაზილიაში გარემოს დაცვას. მისი ხელისუფლების პირობებში სრული თავისუფლება აქვთ დიდძალი ქონების მფლობელებს და მიწის გადამყიდველებს. მათ შეუძლიათ რამდენსაც მოისურვებენ, იმდენი ტროპიკული ტყე გაჩეხონ და „კონტროლირებული“ ხანძრებით ნიადაგი მოასუფთაონ. ... მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ყოველივე ეს წარსულშიც ხდებოდა. იყო წლები, როცა იჭრებოდა თითქმის იმდენივე ხე, რამდენიც ახლა, ბოლსონაროს პირობებში. მაგრამ [გარემოსდამცველების], გრეტა ტუნბერგისა და კამპანიის „პარასკევები მომავლისთვის“ გამოჩენამდე ამით დიდად არავინ დაინტერესებულა. მეტიც, სურათები, რომლებიც ახლა მილიონობით ვრცელდება ინტერნეტში, ყალბია ან მოძველებული. ამაღლებულ პოზიციებზე ახლა შემომჯდარმა ხალხმა ფაქტები უნდა გადაამოწმოს“.

ბრიტანული „გარდიანი“ 23 აგვისტოს აქვეყნებს ბრაზილიელი ჟურნალისტის, მწერლისა და დოკუმენტური კინოს რეჟისორის, ელიან ბრუმის, წერილს. „შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ტროპიკული ტყე ძალიან შორსაა, მაგრამ ის პლანეტის გულია. და ახლა მას, როგორც არასდროს, ისე უტევენ“, - წერს ის და განაგრძობს: „ამაზონი მსოფლიოს ცენტრია. ახლა, როცა ჩვენი პლანეტა კლიმატის კოლაფსს განიცდის, ამაზე მნიშვნელოვანი ადგილი არ არსებობს. ამას თუ ვერ დავინახავთ, გამორიცხულია გამოწვევას გავუმკლავდეთ. ის უკვე 500 წელია ნგრევის ადგილია. ჯერ ევროპელთა შემოჭრით, რომელმაც მოიტანა ცივილიზაციის განსაკუთრებით დესტრუქციული ფორმა - ასიათასობით მკვიდრი კაცისა და ქალის სიკვდილი და ათობით ხალხის განადგურება, უფრო ახლახან - ტყის მასშტაბური მონაკვეთებისა და მასში მყოფი მთელი სიცოცხლის განადგურებით. ახლა, 2019-ში, ახალ კატასტროფულ ეტაპს ვხედავთ. გაჩანაგებული ხეების რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. დეფორესტაციის ინტენსივობა ივლისში უტოლდებოდა მანჰეტენის ზომის ტერიტორიას ყოველდღიურად და დიდი ლონდონის ტერიტორიას ყოველ სამ კვირაში. მიმდინარე თვეში ამაზონს ცეცხლი რეკორდული სისწრაფით მოედო, რაც, თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, შედეგია ტერიტორიის მოსუფთავების მიზნით განზრახ გაჩენილი ხანძრებისა. და რატომ ხდება ეს ახლა? ხელისუფლების ცვლილების გამო. პოლიტიკის მტაცებლურმა ფორმამ, რომელსაც ბოლსონარიზმი ჰქვია, ბრაზილიაში თითქმის ტოტალური და ტოტალიტარული ძალაუფლება მოიპოვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG