Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეწინააღმდგებიან ზემომთიან აჭარაში „მაჭახელა ჰესის“ მშენებლობას


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არ უპასუხებენ კითხვას, განიხილება თუ არა მემორანდუმის გადახედვის საკითხი, მემორანდუმისა, რომლითაც მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენება იგეგმება. მემორანდუმი 2012 წელს გაფორმდა კომპანია „სილქ როუდ ენერჯისა“ და საქართველოს მთავრობას შორის, მაჭახელელების პროტესტის გამო კი კომპანიამ მემორანდუმით გათვალისწინებული სამუშაოები შეაჩერა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მემორანდუმის გაუქმებას ითხოვს:

„ჩვენთან განსხვავებული ვითარებაა, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით. ჩვენთან ჰესების მშენებლობაზე ჯერ არ არის გაცემული ნებართვა. ახლა კვლევითი სამუშაოები წარმოებს. ამიტომ, მთელი საქართველოს გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მაჭახელას ხეობა არ გაიყიდება. მაჭახელა ჩვენია და ჩვენ მოვითხოვთ ამ მემორანდუმის გაუქმებას“, - ამბობს მაჭახელას მკვიდრი როინ მალაყმაძე,

ბუნება განიცდის დიდ ცვალებადობას ჰესების მშენებლობით. ბევრი მაგალითი გვაქვს ზემო აჭარაში. ხალხის ცხოვრების დონეზე იმოქმედა, წყლები დაიკარგა.
ნოე ნაგერვაძე

როგორც მაჭახელელები ამბობენ, მათ ხეობაში მწვანე ეკონომიკის განვითარება სურთ. ბოლო წლებში ხეობაში ეკოტურიზმი განვითარდა. ხეობის 10-მა სოფელმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღო. მაჭახელას 9 ათას ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნა. გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც მაჭახელას ხეობის დაცულ ლანდშაფტად გამოცხადებას გულისხმობს. ადგილობრივებმა ტურიზმით სარგებელი ნახეს და ახლა ეკოსოფლის იდეის განხორციელება სურთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ჰესის მშენებლობა ხეობაში ეკოტურიზმის განვითარებას ხელს შეუშლის, ამის მაგალითი კი, როგორც ამბობენ, ზემომთიან აჭარაში აქვთ:

„ბუნება განიცდის დიდ ცვალებადობას ჰესების მშენებლობით. ბევრი მაგალითი გვაქვს ზემო აჭარაში. ხალხის ცხოვრების დონეზე იმოქმედა, წყლები დაიკარგა. მდინარეს თავისი კალაპოტი უნდა ჰქონდეს, როგორცაა, ისეთი“, – ამბობს ნოე ნაგერვაძე.

„უამრავი ხალხი შემოდის ჩვენს ხეობაში, ტურისტი თუ ჩვენი ქართველი მოსახლეობა. ისვენებ ამ ადგულებში და თქვენ წარმოგიდგენიათ კუთხე, სადაც ჰესი შენდება, შემოვიდეს ვინმე დასასვენებლად? ეს მოშლის ინფრასტრუქტურას დიდი ხნის განმავლობაში და მაჭახელა დაკარგავს პირვანდელ იერს, იმ ადგილას კი, რომელსაც დაგუბება ემუქრება, თავისთავად ჩაიძირება და გაქრება“, – აცხადებს ლეილა კახიძე.

„ჰესების აშენება გამოიწვევს აქაური ჰავის ცვლილებას, ინფრასტრუქტურის გაფუჭებას და ხელს შეუშლის ტურიზმის განვითარებას, რაც ასე სწრაფი ტემპით ვითარდება ბოლო დროს“, – ამბობს მარიამ ნაგერვაძე.

ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ბუნებაზე. მაჭახელა არ არის წყალუხვი მდინარე, მაგრამ კვებავს ხეობაში არსებულ მიწისქვეშა წყლებს. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე დასტაბილურებულია და იქ თუ შეიცვლება სურათი და მდინარე გვირაბში გადავა, დაირღვევა ეკოსისტემა, რასაც დიდი ცვლილებები მოჰყვება.
ტარიელ ტუსკია

ჰესის მშენებლობა მინიმალურ ზეგავლენას იქონიებს გარემოზე, ირწმუნებიან მშენებელ კომპანია „სილქ როუდ ენერჯიში“. მათივე შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი. კომპანია „სილქ როუდ ენერჯის“ დირექტორი ვახტანგ ღონღაძე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობასთან თავდაპირველი მემორანდუმით გათვალისწინებული ორი ჰიდროელექტროსადგურის ნაცვლად აშენდება ერთი, 30 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესი, რომელიც არც კაშხლის მოწყობას და არც მდინარის დაგუბებას არ გულისმხობს. ნაცვლად ამისა, 15 მ სიმაღლის სათავო ნაგებობა მოეწყობა, ჰესისთვის საჭირო წყალი კი გვირაბში მოექცევა, რომელიც მიწის ზედაპირიდან მინიმუმ 250 მეტრ სირღმეში განთავსდება:

„გვირაბი შეუერთდება ჰესის შენობას, რომელშიც მოხდება წყლის ტურბინებში გატარება და შემდეგ წყლის დაბრუნება ისევ მდინარეში. საუბარია მინიმალური ზემოქმედების პროექტზე, რომელსაც შესწავლა სჭირდება იმისთვის, რომ მემორანდუმით დადგენილი საკითხები დასრულდეს და ჩვენ და მთავრობამაც მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის მიზანშეწონილობის შესახებ“, - ამბობს „სილქ როუდ ენერჯის“ დირექტორი ვახტანგ ღონღაძე.

გეოლოგ ტარიელ ტუსკიას შეფასებით, ზემომთიანი აჭარა რთულ გეოლოგიურ პირობებშია. მართალია, მაჭახელას ხეობაში ძლიერი მეწყრული პროცესები არ გამოიხატება, მაგრამ აქ შეიმჩნევა ქვათა ცვენა. იგი ამბობს, რომ ჰესის პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა მდინარე მაჭახელას შესაძლო გვირაბში მოქცევა კალაპოტის ძირეულ ცვლილებას გამოიწვევს:

„ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ბუნებაზე. მაჭახელა არ არის წყალუხვი მდინარე, მაგრამ კვებავს ხეობაში არსებულ მიწისქვეშა წყლებს. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე დასტაბილურებულია და იქ თუ შეიცვლება სურათი და მდინარე გვირაბში გადავა, დაირღვევა ეკოსისტემა, რასაც დიდი ცვლილებები მოჰყვება. ამის გამოცდილება მაღალმთიან აჭარაში მაქვს, სადაც გააკეთეს მსგავსი პროექტი შეუსწავლელად, რასაც სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდი“.

მაჭახელას ხეობა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამბობს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იზოლდა მაჭუტაძე, რომლის ვარაუდითაც, საქართველოში დაფიქსირებული კლიმატის ცვლილებების პირობებში ამ ხეობაში ჰესის მშენებლობამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს:

„ზიანი მიადგება უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, ტყის ჰაბიტატებს, ენდემურ სახეობებს, რომლებიც მხოლოდ ველურ ბუნებაში ხარობენ. შესაძლებელია მათი კონსერვაციაც, მაგრამ ხელოვნურად გაშენებული ტყე აღარ არის ტყე. იგი დაკარგავს ყველანაირ ფუნქციას - შემაკავებელ ფუნქციას, კლიმატის მარეგულირებელ და მეწყერული პროცესების შემაკავებელ ფუნქციას. ასევე ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების გაღარიბებას“.

ეკოლოგიური საფრთხეების შიშით, მაჭახელას ხეობის მოსახლეობის ნაწილმა სახალხო მოძრაობა „არა ჰესებს“ წამოიწყო. მათ სამკლავურები გაიკეთეს, წარწერით „სიტყვის კაცები“. ამით მაჭახელას ხეობის ექვსი სოფლის მკვიდრთ დაიფიცეს, რომ არ მიჰყიდიან მიწას ჰესის მშენებელ კომპანიას. მაჭახელელები სოფელ ზედა ჩხუტუნეთში შეიკრიბნენ და ფიცი ხელმოწერით დაადასტურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG