Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი ბრიუსელში ჩავიდა პოლიტიკურ კრიზისზე სასაუბროდ - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 მარტს


შეხვედრები თბილისსა და ბრიუსელში - რა განცხადებებით დასრულდა მედიაციის მორიგი დღე?

ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დაიწყო ვიზიტი ბრიუსელში. პირველივე დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის დატვირთული აღმოჩნდა. ღარიბაშვილი 15 მარტს ორჯერ შევიდა შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან - პირისპირ და გაფართოებული ფორმატით.

შეხვედრების შემდეგ პრემიერმა განაცხადა: „ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ერთი რამ მინდა ცხადად განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით, თუ რა არის ჩვენი პოზიცია“.

როცა ბრიუსელში ეს განცხადება კეთდებოდა, სულ ახალი დასრულებული იყო თბილისში შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მორიგი შეხვედრა მმართველ გუნდთან.

„შეთანხმების პუნქტები ყალიბდება.... პოზიციების დაახლოება უკვე შესაძლებელია“, - თქვა ამ შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მაშინ, როცა მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წითელ ხაზებზე საუბრობდა, თალაკვაძის თქმით, შეთანხმების ტექსტი „თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების“.

თუმცა, როგორც ჩანს, კრისტიან დანიელსონს სამუშაო კიდევ აქვს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ისევ არსებობს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა და ეს მოლაპარაკების პუნქტებზე აისახება.

„რთულია დისკუსია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს”, - თქვა კობახიძემ.

დღეს მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდება ბრიუსელში. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და NATO-ს ხელმძღვანელებს შეხვდება. დანიელსონის მედიაციით შეხვედრები გაგრძელდება თბილისშიც.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვაქცინაცია დაიწყო: რატომ არ აქტიურობს მედპერსონალი COVID-ვაქცინაციის პროცესში?

გუშინ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები Oxford/Astra Zeneca-ს ვაქცინით აიცრებიან. პირველი ინექცია უკვე გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა მარინა ენდელაძემ, მარინა ეზუგბაიამ და სხვებმა.

15 მარტის 17 საათის მონაცემებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მხოლოდ 3476 სამედიცინო მუშაკი იყო დარეგისტრირებული. არადა, საქართველოში, სამედიცინო სფეროს 71 ათასზე მეტი წარმომადგენელია აღრიცხული. მათ შორის, ექიმები, ექთნები, სანიტრები და ა.შ. რატომ არ აქტიურობენ მედმუშაკები COVID-19-ის წინააღმდეგ დაწყებულ ვაქცინაციის პროცესში?

ერთ-ერთი მოსაზრებით, რომელიც, მაგალითად, აქტიურად გვხვდება სოციალურ ქსელში და ამაზე თავად სამედიცინო პერსონალიც წერს, მიზეზი ისაა, რომ „მათმა უმრავლესობამ კოვიდით უკვე იავადმყოფა“.

თუმცა, თუკი რიცხვებს ჩავხედავთ, მაშინ მოსაზრება, რომ „მედპერსონალის უმეტესობამ კოვიდი უკვე გადაიტანა“, ბათილდება და აი, რატომ:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 230 ათასამდე კოვიდინფიცირებული გვყავდა, მათგან სამედიცინო პერსონალის წილი კი 6% იყო. გამოდის, რომ იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო 13 800 სამედიცინო პერსონალი, ანუ მედმუშაკთა (71 000) დაახლოებით 19,5%.

ექიმებს, ექთნებს, სანიტრებსა და კლინიკის სხვა თანამშრომლებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც მოუწოდა.

„პირადი ქცევით ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი პანდემიის დამარცხების გზაზე, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - წერს გამყრელიძე თავის მიმართვაში.

რამ გამოიწვია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დაბალი აქტიურობა? - წაიკითხე მოსაზრებები ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

წაიკითხე მეტი:

დღეს გაირკვევა, რამდენწლიანი პატიმრობა შეეფარდებათ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების. ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს გაიმართება მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

ზ.ხ. და ა.ქ. 9 მარტს სასამართლომ დამნაშავედ უკვე ცნო. მოსამართლემ უკვე გამოუტანა განაჩენი ამავე საქმეში მსჯავრდებულ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

საქართველოში 12%-ით იკლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 654.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ექსპრეს-მონაცემებით, ექსპორტი 6.8%-ით ნაკლები იყო, ხოლო იმპორტი 14.1%-ით ნაკლები. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 14.8%-ით შემცირდა.

რა შეიძლება დაემართოს ქალ ადვოკატს, როცა გავლენიანი კაცის ყოფილ ცოლს იცავს - ბასილაშვილის გამარჯვების ორი მხარე

ცნობილი ადვოკატი ქალები, რომლებსაც არაერთი საქმე მოუგიათ დაჩაგრული ბავშვებისა და ქალების სასარგებლოდ, თავად გადაიქცნენ აგრესიის სამიზნეებად.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბოლო გამარჯვებამ დოჰის ტურნირზე განაახლა საჯარო განხილვები მის მიერ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე და, პარალელურად, ააგორა სიძულვილის ახალი ტალღა, რომელმაც ქალებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაარტყა. ეს არ არის არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, თუმცა ნელი დოროყაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ნამდვილად არის ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი ქალი უფლებადამცველების მიმართ ორგანიზებული შეტევა, სადაც გენდერული ასპექტი მნიშვნელოვანია.

„ამხელა აგრესია იმის გამო, რომ შენ პროფესიულ საქმეს აკეთებ, არავის საქმეა? აუცილებელია, ჯერ თავი მოგვაჭრან?” - იკითხა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ გუშინ ფეისბუკის პირად გვერდზე. მასაც და მის კოლეგებსაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” არაერთმა ადამიანმა მხარდაჭერა და სოლიდარობა საჯაროდ გამოუცხადა, თუმცა გაცილებით მეტია მუქარა, დაცინვა და შეურაცხყოფა.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

± 21: სტუდენტები სხვა ქვეყნებიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:29:46 0:00

საქართველოში განათლების მისაღებად ყოველწლიურად უამრავი სტუდენტი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან.

როგორ ცხოვრობენ ისინი საქართველოში?

რა გამოცდილება მიიღეს, რა სირთულეებს გადააწყდნენ და რამდენად კმაყოფილები არიან სწავლის ხარისხით?

საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ სტუდენტები ინდოეთიდან, ირანიდან და ნიგერიიდან.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG