Accessibility links

რა უნდა იცოდეთ, თუკი თქვენი შვილი პირველ კლასში მიდის


ავტორი: თათია დვალი

წელს პირველ კლასში 55 ათასამდე ბავშვი წავა, მათ შორის 6 წლის სოსოც, რომელიც, უკვე რამდენიმე თვეა, ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის ემზადება. მშობლებს უმცროსი შვილი სახლთან ახლოს, იმავე სკოლაში მიჰყავთ, რომელშიც მისი 10 წლის და, ანა-მარია, სწავლობს. ოჯახს 16 სექტემბრისათვის თითქოს ყველაფერი მზად აქვს, თუმცა მშობლები ისევ ნერვიულობენ.

სოსიკო ცოტა მორცხვი და თავის თავში ჩაკეტილი ბავშვია, მაგიტომაც ორივე ვღელავთ. საკმარისია სკოლა ვუხსენოთ, რომ ოთახიდან გადის ან, უბრალოდ, პასუხს არ გვცემს. ვხვდები, რომ ეშინია სიახლის. იმის წარმოდგენაც კი არ სიამოვნებს, რომ უცნობ ბავშვებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა მოუწევს, – ამბობს სოსოს მამა, დავით არდაზიშვილი.

ამ დროს ბავშვი ყოველთვის დაძაბულია. იმას ხვდება, რომ სადღაც მნიშვნელოვან ადგილას მიდის, მაგრამ არ იცის, იქ რა დახვდება. მშობელმა აუცილებლად უნდა დაიჭიროს თადარიგი და საჭირო ინფორმაცია სკოლაში წასვლამდე მიაწოდოს მას.
ანა მიქიაშვილი


როგორ უნდა დაიზღვიოს მშობელმა თავი შეცდომებისაგან ან რა გზით შეიძლება შვილისთვის წინასასკოლო მზაობის შექმნა?

ბავშვებთან ერთად ემზადებიან მშობლებიც

„ნიუტონის სკოლის“ ფსიქოლოგი, ანა მიქიაშვილი, უკვე მეხუთე წელია, აკვირდება, თუ რა წინააღმდეგობებს აწყდებიან ბავშვები და მშობლები, როდესაც პატარები პირველ კლასში მიჰყავთ. მისი თქმით, როგორც წესი, მშობლები კარგად ვერ ხვდებიან, რამდენად გადამწყვეტია, თავად არიან თუ არა მზად ბავშვის პირველ კლასში მისაყვანად.

ამ დროს ბავშვი ყოველთვის დაძაბულია. იმას ხვდება, რომ სადღაც მნიშვნელოვან ადგილას მიდის, მაგრამ არ იცის, იქ რა დახვდება. მშობელმა აუცილებლად უნდა დაიჭიროს თადარიგი და საჭირო ინფორმაცია სკოლაში წასვლამდე მიაწოდოს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარას გაუჭირდება ახალ გარემოსთან შეგუება, - გვითხრა მან.

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამჯერადაც გულზე ჩამოსაკიდი პოსტერის დამზადება გადავწყვიტე. ჩემს ყოფილ მოსწავლეებს ახლაც ახსოვთ ჩვენი პირველი დღის შეხვედრისას მათთვის შექმნილი ვარდისფერი პოსტერი...
ლელა კოტორაშვილი


34 წლის თამუნა ხუციშვილს სამი წლის წინ ზუსტად ჰქონდა გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრებოდა იმისათვის, რომ სკოლის პირველ დღეს იდეალურად ჩაევლო პატარა ელენესათვის. ელენე მისი პირველი შვილია და ეშინოდა, რომ გამოუცდელობით რაღაცას არასწორად გააკეთებდა.

„წინასწარ ვუყვებოდი, რა იყო სკოლა, რას ისწავლიდა, როგორი იქნებოდა იქ. იმასაც ვეცადე საგნები, რომელთაც, ვიცოდი, გაივლიდა, ასე თუ ისე შემეყვარებინა მისთვის. მაგალითად, ვიცი, რომ ხატვა უყვარს, ამიტომ მაქსიმალურად ვამახვილებდი ამ საგანზე ყურადღებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არანაირი სირთულე არ ჰქონია. პირიქით, ერთი სული ჰქონდა, სკოლა როდის დაიწყებოდა. ერთადერთი კითხვა, რაც უჩნდებოდა, ის იყო, რომ არ იცოდა, იქ მხოლოდ სასწავლოდ მიდიოდა თუ თამაშიც შეეძლებოდა. ეს რომ მკითხა, ავუხსენი, რომ თამაშის უფლება, თავისთავად, ექნებოდა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას მასწავლებელი ეტყოდა”, - ამბობს ის.

რა უნდა დახვდეს ბავშვს სკოლაში

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი სასკოლო გარემოა. 59-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ლელა კოტორაშვილი, უკვე მეორედ ემზადება პირველი კლასების მისაღებად. როგორც თავად ამბობს, ძალიან დიდი გამოწვევაა იმ ბავშვებთან შეხვედრა, რომელთაც მანამდე არ ჰქონიათ სასკოლო დაწესებულებასთან შეხება.

„წელს პირველი და მესამე კლასის მასწავლებლობა მომიწევს. უკვე მეორედ ვიღებ პირველკლასელებს, ამიტომ, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამჯერადაც გულზე ჩამოსაკიდი პოსტერის დამზადება გადავწყვიტე. ჩემს ყოფილ მოსწავლეებს ახლაც ახსოვთ ჩვენი პირველი დღის შეხვედრისას მათთვის შექმნილი ვარდისფერი პოსტერი, რომელიც საკლასო ოთახში დავაბინავეთ და ორი წლის განმავლობაში ხშირად მაჩვენებდნენ, გახსოვთ, ეს რომ პირველ დღეს გეკეთათო?!“ - წერს ის mastsavlebeli.ge -ზე დადებულ ბლოგპოსტში.

რადიო თავისუფლება აჯამებს მშობლების, ფსიქოლოგების, პედაგოგების გამოცდილებას და გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც ბავშვისათვის სკოლის პირველი დღის გამარტივებაში დაგეხმარებათ:

  1. რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ ბავშვთან სკოლის შესახებ საუბარი და ეცადეთ აუხსნათ, რა ელის წინ.
  2. სკოლამდე შეაჩვიეთ სამომავლო რუტინას: გააღვიძეთ დილით, ერთად მოემზადეთ და გაისეირნეთ. ამ დროს შეგიძლიათ საკუთარ სასკოლო გამოცდილებებზე მოუყვეთ. კარგი იქნება, თუკი სეირნობისას სკოლას გარედან დაათვალიერებთ.
  3. თუ შესაძლებელია, წინასწარ გააცანით სკოლის ცხრილი - საგნები, ბავშვების რაოდენობა კლასში, გასართობი აქტივობები.
  4. გაიგეთ, როგორი მოლოდინები აქვს თავად. თუ ხვდებით, რომ პატარას ეშინია, შეახსენეთ, რომ მის გვერდით ხართ და სიძნელეების გადალახვაში დაეხმარებით.
  5. გაუმეორეთ, რომ ის არ არის ერთადერთი, ვისაც ეშინია, რომ თავადაც ნერვიულობდით სკოლის პირველ დღეს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
  6. წინასწარ ესაუბრეთ მასწავლებელზე. ხშირად ბავშვებისათვის ყველაზე რთული ნაწილი სწორედ მათთვის უცნობი ადამიანის ნდობაა. პირველ დღეს შეეცადეთ მასწავლებელს ბავშვის თვალწინ გაესაუბროთ. თუკი ბავშვი გრძნობს, რომ პედაგოგს ენდობით, თავადაც დადებითად განეწყობა მის მიმართ.
  7. ჩართეთ ბავშვი მოსამზადებელ პროცესში. ერთად შეარჩიეთ და იყიდეთ ჩანთა, რვეულები და ფანქრები. საღამოს ერთად გაამზადეთ საჭირო ნივთები, დილით კი ბავშვის დახმარებით მოამზადეთ საუზმე.
  8. პირველ დღეს ნუ გაუშვებთ ბავშვს სასკოლო ავტობუსით. შეეცადეთ გადადოთ საქმეები და თავად გაჰყვეთ მას სკოლაში.
  9. გაატანეთ სკოლაში პატარა ნივთი ან ნახატი, რომელიც აგრძნობინებს, რომ თქვენ ყოველთვის მის გვერდით ხართ.
  10. პირველ ხანებში არ დააგვიანოთ პატარის სკოლიდან გამოყვანა. გახსოვდეთ, რომ ეს მისთვის ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG