Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაასწრო სტალინმა მოკავშირეებს ბერლინის აღება


საბჭოთა ჯარისკაცები ბერლინში. 1945 წ. მაისი.
საბჭოთა ჯარისკაცები ბერლინში. 1945 წ. მაისი.

1945 წლის 16 აპრილს წითელმა არმიამ დაიწყო ბერლინის ოპერაცია, რომელიც გერმანიის დედაქალაქის აღებით და ჰიტლერის თვითმკვლელობით დასრულდა. ამ იერიშს წინ უსწრებდა დავა იმის შესახებ, მოკავშირეთა რომელ არმიას უნდა აეღო ბერლინი.

ეს დავა წარმოიშვა მაშინვე, როცა ამერიკისა და ბრიტანეთის ჯარებმა რაინი გადაკვეთეს და რურის რეგიონში ალყაში მოაქციეს გერმანიის არმიის ჯგუფი „ბ“ ფელდმარშალ ვალტერ მოდელის მეთაურობით. რაინსა და ბერლინს შორის თითქმის აღარ იყო დარჩენილი გერმანიის ჯარები. საბჭოთა ჯარები კი ბერლინს ჯერ კიდევ თებერვლის დამდეგს მიუახლოვდნენ მას მერე, რაც დაიკავეს პლაცდარმები ოდერზე, ბერლინიდან სულ რაღაც 60 კილომეტრზე.

სსრკ-ის გვარდიის მე-8 არმიის ყოფილი მეთაური, მარშალი ვასილი ჩუიკოვი 1965 წელს ამტკიცებდა, რომ ბერლინის აღება თებერვალშივე იყო შესაძლებელი, რაც ომის დასასრულს დააჩქარებდა. საბჭოთა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან საგანგებო შეხვედრაზე 1966 წლის 17 იანვარს ჩუიკოვმა განაცხადა, რომ 1945 წლის ზამთარში საბჭოთა ძალებმა გერმანელებს მისცეს ორთვიანი შესვენებისა და ბერლინის დასაცავად მზადების საშუალება. დისკუსია შეაჯამა საბჭოთა არმიის მთავარი პოლიტიკური სამმართველოს უფროსმა, არმიის გენერალმა ალექსეი ეპიშევმა: „არ შეიძლება ჩვენი ისტორიისთვის ჩრდილის მიყენება, სხვაგვარად ვერც ვერაფრით აღვზრდით ახალგაზრდობას.“

ბერლინის დაუფლება უკვე თებერვალში იყო შესაძლებელი.
ვასილი ჩუიკოვი

მაგრამ ჩუიკოვმა თავის მემუარებში აღწერა, როგორ გაუქმდა ბერლინზე თებერვლის იერიში. ის აღწერს, რომ 4 თებერვალს ბელორუსიის პირველი ფრონტის მეთაურმა 69-ე არმიის შტაბში თათბირზე შეკრიბა არმიის მეთაურები. თათბირის დროს გაისმა სატელეფონო ზარი. ჩუიკოვის თქმით, ის ტელფონთან ახლოს იჯდა და კარგად ესმოდა მარშალ გეორგი ჟუკოვისა და სტალინის საუბარი. როცა მოისმინა, რომ შტაბში ბერლინზე იერიშის შესახებ თათბირობდნენ, სტალინმა ჟუკოვისთვის მოულოდნელად უბრძანა მას, შეეწყვიტა მზადება და მოემზადებინა ოპერაცია გერმანელთა შენაერთების გასანადგურებლად პომერანიაში.

თავის მხრივ გეორგი ჟუკოვმა თავის მოგონებებში უარყო ჩუიკოვის ვერსია. ჟუკოვის თანახმად, თათბირი, რომელსაც ჩუიკოვი აღწერს, საერთოდ არ შემდგარა, ვინაიდან, მისი თქმით, 4-5 თებერვალს ის პომერანიაში იერიშის მზადებისთვის იმყოფებოდა 61-ე არმიის შტაბში. ჟუკოვი დეტალურად აღწერს, სად იმყოფებოდნენ იმ დროისთვის ჩუიკოვის მიერ დასახელებული სხვა მთავარსარდლები, თავად ჩუიკოვის ჩათვლით, და დაასკვნის, რომ „ჩუიკოვს, როგორც ჩანს, „მეხსიერებამ უღალატა“.

4 თებერვალს ჟუკოვს მართლაც არავითარი თათბირი არ ჩაუტარებია არმიის მეთაურებთან, ვინაიდან ეს თათბირი 10 თებერვალს ჩატარდა.

საარქივო მასალები მეტყველებს, რომ ჟუკოვმა სტალინს 10 თებერვალს, 15 საათსა და 15 წუთზე გააცნო ფრონტზე შექმნილი ვითარება და მოახსენა, რომ საბჭოთა ჯარები ბერლინის მიმართულებით იერიშისთვის ემზადებიან.

„ელბაზე შეხვედრა“. საბჭოთა და ამერიკელი სამხედროები გერმანიის ქალაქ ტორგაუში შეხვედრისას. 1945 წ. 25 აპრილი.
„ელბაზე შეხვედრა“. საბჭოთა და ამერიკელი სამხედროები გერმანიის ქალაქ ტორგაუში შეხვედრისას. 1945 წ. 25 აპრილი.

შემდეგ მარშალი დაწვრილებით ჩამოთვლის არმიის სხვადასხვა ნაწილის კონკრეტულ ამოცანებს. ეს იგივე გეგმაა, რომელიც ბელორუსიის 1-მა ფრონტმა განახორციელა აპრილში, როცა სტალინისგან ბოლოს და ბოლოს მიიღეს ბერლინზე იერიშის თანხმობა. გათვალისწინებული იყო გერმანიის დედაქალაქზე იერიში ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან, შემდეგ კი ალყაში მოქცეული გერმანული ძალების განადგურება ყველა მხრიდან შეტევით.

სტალინის აზრით, ბერლინის დაცემა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს პომერანიასა და აღმოსავლეთ პრუსიაში გადასხდომის საშუალებას მისცემდა.

20 იანვარს სტალინმა პომერანიაში საბრძოლველად გამზადებული ბელორუსიის მე-2 ფრონტის ძალებს მიმართულება შეუცვალა და აღმოსავლეთ პრუსიისკენ მიმართა. საქმე ისაა, რომ „ძია ჯო“ არ ენდობოდა თავის დასავლელ მოკავშირეებს. მისი აზრით, ბერლინის დაცემის შემდეგ გერმანია კაპიტულაციას გამოაცხადებდა. ეს კი დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს პომერანიასა და აღმოსავლეთ პრუსიაში გადასხდომის საშუალებას მისცემდა. სტალინის გათვლით, ამას დაემატებოდა დევნილებაში მყოფი პოლონეთის მთავრობა, რომელსაც შეიძლება ამ ტერიტორიებზე ხელისუფლება აეღო ხელში.

ჩერჩილსა და რუზველტს ასეთი გეგმები არ ჰქონიათ, მაგრამ სტალინმა გადაწყვიტა ბერლინამდე ყოველი შემთხვევისთვის ხელში ჩაეგდო აღმოსავლეთი პრუსია და აღმოსავლეთი პომერანია. იგივე გააკეთა მან კურლანდიაშიც, სადაც საბჭოთა ჯარებმა მარტში სამხედრო თვალსაზრისით სრულიად უაზრო შეტევა განახორციელეს.

ნაცისტური პროპაგანდა: ლოზუნგი „გამარჯვება ან ციმბირი“ ბერლინის ერთ-ერთ სახლზე. 1945 წ. გაზაფხული.
ნაცისტური პროპაგანდა: ლოზუნგი „გამარჯვება ან ციმბირი“ ბერლინის ერთ-ერთ სახლზე. 1945 წ. გაზაფხული.

1945 წლის 28 მარტს ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალმა, დუაიტ აიზენჰაუერმა პირადად მისწერა სტალინს და შესთავაზა, რომ მოკავშირეთა და საბჭოთა ჯარები შეერთებულიყვნენ ერფურტი-ლაიპციგი-დრეზდენისა და ვენა-ლინცი-რეგენსბურგის ხაზზე.

სტალინმა შეცდომაში შეიყვანა აიზენჰაუერი და უპასუხა, რომ ბერლინმა დაკარგა პირველადი მნიშვნელობა და რომ მის ასაღებად საბჭოთა კავშირი „მეორეხარისხოვანი ძალების“ გამოყენებას აპირებდა. სინამდვილეში კი საბჭოთა ლიდერი უკვე გამალებული ამზადებდა ბერლინზე იერიშს, რომელიც 16 აპრილს დაიწყო.

13 აპრილს ამერიკის ჯარები ბერლინიდან დასავლეთით 85 კილომეტრზე შეჩერდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღწიათ გერმანიის დედაქალაქამდე. აიზენჰაუერი და მისი სარდლობა ამტკიცებდნენ, რომ ბერლინზე იერიში ძალზე დიდ მსხვერპლად დაუჯდებოდათ. ისტორიკოსების აზრით კი, ეს პოზიცია ნაწილი იყო რუზველტისა და ტრუმენის პოლიტიკისა, არ გაენაწყენებინათ სტალინი, რომელიც ბერლინს საკუთარ კანონიერ ნადავლად მიიჩნევდა.

თუკი ამერიკის ან ბრიტანეთის ძალები პირველები მიაღწევდნენ ბერლინამდე, იძულებული იქნებოდნენ, დაეთმოთ მოპოვებული ანდა სსრკ-სთან დიდი კონფრონტაციის რისკზე წასულიყვნენ.

როგორც ამერიკელი სამხედრო ისტორიკოსი სტივენ ტ. როსი წერს თავის წიგნში American War Plans 1941–1945: The Test of Battle, ბერლინზე იერიშის თემა კვლავ წამოჭრა ჩერჩილმა, მაგრამ 17 აპრილს ლონდონში ჩაფრინდა აიზენჰაეური და გადაარწმუნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. „აიზენჰაუერისთვის და სხვებისთვის გაურკვეველი იყო, რას მოიგებდა ანგლო-ამერიკული კოალიცია, თუკი ბერლინს აიღებდა. (...) თუკი ამერიკის ან ბრიტანეთის ძალები პირველები მიაღწევდნენ ბერლინამდე, იძულებული იქნებოდნენ, დაეთმოთ მოპოვებული ანდა სსრკ-სთან დიდი კონფრონტაციის რისკზე წასულიყვნენ ჯერ კიდევ იაპონიასთან ომის დასრულებამდე“, წერს როსი.

ამერიკის მე-9 არმიის სარდალმა, გენერალმა უილიამ სიმპსონმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვით, აშშ-ის ჯარები ერთ დღე-ღამეში ახერხებდნენ ბერლინამდე მიღწევას. მაგრამ 15 აპრილს არმიების ჯგუფის სარდალმა ომარ ბრედლიმ და მთავარსარდალმა აიზენჰაუერმა, გეგმა საბოლოოდ უკუაგდეს.

სიმპსონი მოგვიანებით იხსენებდა, როგორ შეძრწუნებული იყო, როცა გაიგო მისი გეგმის უარყოფა. „ყველაფერი, რაზეც შემეძლო ფიქრი, იყო ის, თუ როგორ უნდა მომეყოლა ეს შტაბისთვის, ჩემი კორპუსის მეთაურებისთვის? და, რაც მთავარია, როგორ უნდა შემეტყობინებინა ეს საკუთარი ჯარისკაცებისთვის?“ - იგონებს სიმპსონი.

ისტორიკოსთა ნაწილი, მაგალითად, ბრიტანელი გენერალი ჯონ სტროსონი, ფიქრობს, რომ სიმპსონის ადგილზე რომ ყოფილიყო ჯორჯ პატონი, რომელიც ჯერ მოქმედებდა და მერე ითხოვდა ხოლმე ხელმძღვანელობისგან ნებართვას, ბერლინს ამერიკელები აიღებდნენ.

ბრიტანელი ფელდმარშალი ბერნარდ მონტგომერი და საბჭოთა კავშირის მარშალი გეორგი ჟუკოვი ბერლინში. 1945 წ. ივლისი.
ბრიტანელი ფელდმარშალი ბერნარდ მონტგომერი და საბჭოთა კავშირის მარშალი გეორგი ჟუკოვი ბერლინში. 1945 წ. ივლისი.

ისტორიკოსთა აზრით, ამერიკელები რომ ბერლინისკენ დაძრულიყვნენ, რა თქმა უნდა, რაღაც მსხვერპლი იქნებოდა მათ რიგებში, მაგრამ არა 100 ათასამდე სამხედრო, როგორც ამას ამერიკის სარდლობა ვარაუდობდა, ან თავი ისე ეჭირა, რომ ვარაუდობდა.

ვერმახტის გენერალი ვალტერ ვენკი, რომლის ჯარები ბერლინისკენ გზას უკეტავდნენ ამერიკელებს, თავის მემუარებში იხსენებს: „ამერიკელებს რომ მასშტაბური იერიში განეხორციელებინათ, იოლად გაარღვევდნენ ჩვენს თავდაცვას. და ამის შემდეგ რაღა შეაკავებდა მათ? ჩვენს პოზიციებსა და ბერლინს შორის არაფერი აღარ იყო“.

ამერიკელებს რომ მასშტაბური იერიში განეხორციელებინათ, იოლად გაარღვევდნენ ჩვენს თავდაცვას.
ვალტერ ვენკი

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჰაერში არ იმყოფებოდა ლუფტვაფეს არცერთი თვითმფრინავი. გერმანიის ყველა დანარჩენი სამხედრო შენაერთი ბერლინის აღმოსავლეთით იმყოფებოდა, ოდერის ფრონტზე და ისინი ვერ მოასწრებდნენ ბერლინში ამერიკელებზე უფრო ადრე მისვლას.

ბერლინზე ამერიკელების იერიში რომ გაგრძელებულიყო, უფრო სავარაუდოა, რომ ჰიტლერი აღარ დაიცავდა დედაქალაქს და ამის ნაცვლად, როგორც თავიდანვე აპირებდა, ალპებში გაიხიზნებოდა ოდერთან მდგარ მე-9 არმიასთან ერთად. თან იმის იმედი ექნებოდა, რომ საბჭოთა კავშირისა და ამერიკის ჯარებს შორის სამხედრო შეტაკებები მოხდებოდა ბერლინის მიდამოებში და ეს გერმანიას კრახისგან იხსნიდა.

ოფიცალური მონაცემებით, ბერლინის ოპერაციაში საბჭოთა ჯარებში მსხვერპლმა შეადგინა 78 291 მოკლული და უგზო-უკვლოდ დაკარგული. მაგრამ ისტორიკოსები სხვადასხვა მონაცემის შედარების საფუძველზე მიდიან დასკვნამდე, რომ ეს რიცხვი ბევრად უფრო ნაკლებია რეალურზე. ზუსტი რიცხვის დადგენა დღეს შეუძლებელია, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ ის ნამდვილად აღემატებოდა 300 ათას დაღუპულს.

ასეთი იყო სტალინის ამბიცია, რომელსაც პრესტიჟის გამო სურდა, ბერლინი აუცილებლად წითელ არმიას აეღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG