Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იყენებს ქართული პოლიცია რუსულ პროგრამებს და საექსპერტიზო ტექნიკას


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსული და ბელარუსული კომპანიების შექმნილი სახის, თითის ანაბეჭდებისა და იარაღის ამომცნობი პროგრამების შენახვა, ტექნიკური აღჭურვა და განახლება ყოველწლიურად ასიათასობით ლარი უჯდება. 

ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის რუსული და ბელარუსული პროგრამების შესახებ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო-ანალიტიკური სამსახური იყენებს, შსს-მ 2022 წლის აპრილში თავად გასცა. პასუხებზე დაყრდნობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსისთვის მომზადებულ მულტიმედიურ სტატიას სათაურით “დანაშაულის გამოსაძიებლად საქართველო რუსულ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს”, უწყებამ შეკვეთილი მასალა უწოდა და თქვა, რომ დასკვნები, რომელიც მოჰყვა სტატიას, თითქოს, ქართული საგამოძიებო უწყებები რუსულ და ბელარუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან, “ფეიკ-ნიუსი” და “საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ქართული საგამოძიებო-საექსპერტო უწყებების მიზანმიმართული დისკრედიტაციაა”.

რადიო თავისუფლებამ ღია წყაროებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ სახის, თითის ანაბეჭდისა და იარაღის/ტყვიების ამოსაცნობად რუსულ და ბელარუსულ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პროგრამები, რომლებსაც ქართველი პოლიციელები იყენებენ, სხვადასხვა დროს ძირითადად გამარტივებული შესყიდვებით არის შეძენილი. იმავე ღია წყაროების მიხედვით, კრიმინალური ექსპერტიზისთვის საჭირო პროგრამების გარდა კრემლთან დაკავშირებული რუსული კომპანიისგან საქართველო სხვა მომსახურებასა და ტექნიკურ პროდუქტებსაც ყიდულობს.

რა პროგრამებს იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2022 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა და 26 იანვარს დაადასტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სამ პროგრამას იყენებს სახის, ანაბეჭდებისა და იარაღის ამოსაცნობად. ამ სამი პროგრამიდან ორი რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ კომპანია Papilon Systems-ს ეკუთვნის, ერთი ბელარუსულ კომპანიას. ბელარუსი, ავტოკრატიული მმართველობის გამო, დემოკრატიული ქვეყნებისთვის არასანდო და არასასურველი პარტნიორია. საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება 2019 წლიდან არის შესული ძალაში.

  • ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზისთვის, ანუ სახის ამოსაცნობად, შსს იყენებს რუსული კომპანია Papillon Systems-ის მიერ ლიცენზირებულ აპლიკაციაქ Polyface-ს, რომელიც სახელმწიფომ შუამავალი ქართული კომპანია “მაი მობაილ+”-ისგან შეისყიდა 2013 წელს გამარტივებული შესყიდვით 125 ათას ლარად. ამავე კომპანიამ უზრუნველყო შსს-ს დაკვეთით პროგრამის პროგრამული განახლება 2017, 2018, 2020 და 2022 წლებში - განახლებების შედეგად პროგრამას დაემატა 3D ფოტორობოტის შექმნის, ვიდეოანალიზისა და მანქანური სწავლების Deep Learning ფუნქციები, ასევე გაიზარდა იმ ინფორმაციის მოცულობა, რისი დამუშავებაც დღიურად შეეძლო სისტემას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტები აჩვენებს, რომ Polyface-ის განახლება უფრო ძვირია, ვიდრე მისი შეძენა - რუსული წარმომავლობის პროგრამის სამჯერ განახლება სახელმწიფო ბიუჯეტს 700 ათას ლარამდე უჯდება [2022 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ბოლოს ნაყიდი განახლების პაკეტი მოქმედებს 2024 წლის ჩათვლით].

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ Polyface-ის პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია “თურქულმა მხარემ სპეციალურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისათვის შექმნა, ქართულ ენაზე, რომლის ზუსტი ანალოგი სხვა ქვეყნებში არ ფუნქციონირებს. პროგრამა ახორციელებს სხვადასხვა ფოტოზე ასახული პიროვნების იდენტიფიცირებას”.

შესყიდვების დოკუმენტაციაში პროგრამის წარმოშობის ქვეყნად 2022 წლამდე ყოველთვის რუსეთია მითითებული სახელმწიფო ხელშეკრულებებშიც და მიღება-ჩაბარების აქტებშიც
შესყიდვების დოკუმენტაციაში პროგრამის წარმოშობის ქვეყნად 2022 წლამდე ყოველთვის რუსეთია მითითებული სახელმწიფო ხელშეკრულებებშიც და მიღება-ჩაბარების აქტებშიც
ეს დოკუმენტი 2017 წელს არის შედგენილი
ეს დოკუმენტი 2017 წელს არის შედგენილი

კომპანია Papillon Systems-ი, რომელმაც Polyface-ი შექმნა, 1991 წელს ჩელიაბინსკის ოლქშია დაფუძნებული. დღეს კომპანია, რომლის სათავო ოფისიც მოსკოვშია, 43 ქვეყანაში ყიდის პროდუქციას. აქვს წარმომადგენლობები და ოფისები ინდოეთში, ყაზახეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთში. „პაპილონის“ პროდუქტებს და მომსახურებას მოიხმარენ რუსული ძალოვანი უწყებები, ასევე ინდოეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქეთის სახელმწიფო უწყებები. კომპანია ამაყობს იმით, რომ რუსულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ მათი პროგრამების გამოყენებით აქვს თითის ანაბეჭდების ყველაზე დიდი ბაზა, თითის ანაბეჭდის ამომცნობ სკანერს კი FBI-ს სერტიფიკატი აქვს მიღებული. „პაპილონ სისტემსს“ აქვს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, ტრენინგცენტრი და თავადვე აწარმოებს იმ მოწყობილობებს, რაც მისი პროგრამების ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

Papillon Systems-ის ვებსაიტზე ნახავთ კომპანიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მათთან სტუმრობისას გადაღებულ დაუთარიღებელ ფოტოსაც.
Papillon Systems-ის ვებსაიტზე ნახავთ კომპანიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მათთან სტუმრობისას გადაღებულ დაუთარიღებელ ფოტოსაც.
  • Papillon Systems-ს ეკუთვნის კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღის და ტყვიების ამოსაცნობად იყენებს. ავტომატიზებული ბალისტიკური შემადარებელი სისტემა арсенал-ი უწყებამ 2018 წელს შეიძინა 600 ათას ლარად აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერით. ამ შემთხვევაში ქართული შუამავალი კომპანია სახელმწიფო უწყებასა და რუსულ პროდუქციას შორის კომპანია “სოლემარტი” იყო. “სოლემარტი” 2020 წელს გამომძიებელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ჩინური სწრაფი ტესტები ჰოლანდიური გადაფუთვით მიჰყიდა.

კომპანია “სოლემარტში” რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არასწორი ინფორმაცია გვქონდა იმ პროგრამის წარმომავლობის შესახებ, რომელიც მათი გავლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ იყიდა - კომპანიის დამფუძნებელი შეეცადა ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ арсенал-ი თურქული პროგრამაა. სატენდერო დოკუმენტაციაში ჩანს, რომ პროგრამის ყიდვისას შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და კომპანია “სოლემარტმაც” იცოდნენ პროგრამის რუსული წარმომავლობა, რომელიც მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერილობით არის დადასტურებული.

ხელშეკრულება ბალისტიკური ავტომატური საძიებო საიდენტიფიკაციო სისტემის ინსტალაციით შესყიდვის შესახებ 2018 წლით თარიღდება
ხელშეკრულება ბალისტიკური ავტომატური საძიებო საიდენტიფიკაციო სისტემის ინსტალაციით შესყიდვის შესახებ 2018 წლით თარიღდება

2023 წლის იანვარში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების დაწესების კვალდაკვალ, ახალი, 727 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიზანი арсенал-ისთვის დამატებითი სკანერების შესყიდვაა. ამ ტენდერში ერთადერთი მონაწილე კომპანია ჯერჯერობით ისევ კომპანია “სოლემარტია”. სკანერები арсенал-ისთვის შსს-მ 2022 წელს 847 ათას ლარად შეიძინა.

  • დაქტილოსკოპიური ექსპერტიზისთვის, ანუ თითის ანაბეჭდით ადამიანის იდენტიფიცირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2006 წლიდან იყენებს Dacto-2000-ს. ეს პროგრამა 1993 წელს ბელარუსში შეიქმნა და მისი სანდოობის დასტურად ბელარუსის ოფიციალური სტრუქტურები რუსეთისა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროების დადებით დასკვნებს იყენებენ. პროგრამის პოპულარიზაციაში ჩართულები არიან ბელარუსის მაღალჩინოსნები. საქართველომ ეს პროგრამა 2013-სა და 2015 წლებში განაახლა. პროგრამის განახლება სახელმწიფო ბიუჯეტს 250 ათას ლარამდე დაუჯდა. შუამავალი კომპანია კი საქართველოს ხელისუფლებასა და ბელარუსულ პროგრამას შორის კომპანია “პროფიმპექსი” იყო.

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პროგრამების ყიდვაზე ძვირი ჯდება მისი განახლება და სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა. მუდმივად განახლების საჭიროება მწარმოებელ ქვეყანასა და კომპანიაზე ხანგრძლივ დამოკიდებულებას აჩენს. სატენდერო პირობები ასევე ავალდებულებს შუამავალ კომპანიას, რუსული პროგრამების “განახლება მოხდეს მწარმოებელი კომპანიის ავტორიზებული სპეციალისტის მიერ”.

სანქციების შემდეგ რუსეთის წარმოებაში არსებული შეფერხების გამო არსებობს იმის რისკიც, რომ მომწოდებელმა საჭირო აპარატურის/პროგრამული უზრუნველყოფის დროული წარმოება ვერ მოახერხოს.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ატვირთული დოკუმენტები აჩვენებს, რომ პროგრამული პაკეტები ერთადერთი პროდუქტი არ არის, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთისგან ყიდულობს. საექსპერტო ტექნიკის და დანადგარების მნიშვნელოვანი ნაწილი, რითაც აღჭურვილია შსს-ს სამმართველოები და ლაბორატორიები, ხშირად რუსული და ბელარუსულია:

  • 2013 წელს შსს-მ 25 ცალი რუსული Papilon system-ის წარმოებული დაქტილოსკოპიური სკანერი იყიდა 276 457 ლარად.
  • 2019 წელს 826 740 ათასი ლარის ღირებულების ლაბოტარორიული ავეჯი შეიძინა სახელმწიფომ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად - მათი სრული უმეტესობა რუსეთში იყო ნაწარმოები, მწარმოებლად შესყიდვების დოკუმენტაციაში "Завод лабораторной мебели Эксперт"-ია მითითებული.
  • რუსული წარმოშობისაა დაქტილოსკოპიური სკანერის ფირებიც - 2021 წელს ასი ასეთი ფირი 11 000 ლარი ღირდა.
  • რუსეთშია ნაწარმოები დანის პირის სიმტკიცის საზომი მოწყობილობაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლის ბოლოს იყიდა 33 000 ლარად.
  • 2018 წელს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა დოკუმენტების და მათზე დატანილი რეკვიზიტების გამოსაკვლევად 67 500 ლარად იყიდა ბელარუსული სპექტრალური ლუმინესცენტული მიკროსკოპი თანმდევი პროგრამული მომსახურებით.
  • რუსული წარმოების იყო ლინოლეუმიც კი, რომელიც 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოთხოვნით.
  • 2018 წელსვე ბელარუსის წარმოების ქიმიური რეაქტივების შესყიდვა 60 125 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს.

ხელოვნური ინტელექტის პროგრამები და დანაშაულთან ბრძოლა

ხელოვნური ინტელექტი დღეს უამრავ სფეროში გამოიყენება, იქნება ეს აგრომეურნეობა, განათლება, ჯანდაცვის მართვა, ბიზნესი თუ სახელმწიფოს მართვა. უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი მოკლული ჯარისკაცების ვინაობის დასადგენადაც კი გამოიყენებოდა.

სამართალდამცველების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით სახის ამომცნობი სისტემების გამოყენებისას, დისკუსიის განუყოფელი ნაწილია ის წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია პირადი მონაცემების დაცვისთვის. სვამენ კითხვებს ამ პროგრამების ეფექტიანობასთან დაკავშირებითაც.

ინტერპოლს, რომელიც სახის ამომცნობ პროგრამას 2016 წლის ბოლოდან იყენებს, 1 500-ზე მეტი ადამიანი ჰყავს ნაპოვნი პროგრამის გამოყენებით. ნიუ-იორკის პოლიცია, რომელიც ამ ტექნოლოგიას 2011 წლიდან იყენებს დანაშაულთან საბრძოლველად, ღიად წერს, რომ მხოლოდ სახის ამომცნობი სისტემის მიერ ადამიანის “გამოჭერა” ამ დროის განმავლობაში არასოდეს გამხდარა მისი დაპატიმრების საფუძველი - ამისთვის დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო. ნიუ-იორკის პოლიცია გამორიცხავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მიტინგებსა და დემონსტრაციებში მონაწილე ადამიანების იდენტიფიცირებისთვის. განსხვავებულია დამოკიდებულება ავტოკრატიულ ქვეყნებში: 2022 წლის ივნისში პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში სახის ამომცნობი სისტემები გამოიყენებოდა თავისუფალი ჟურნალისტების წინააღმდეგ. გასული წლის ზაფხულში მოსკოვის მეტროში ათობით ადამიანი დააკავეს სახის ამომცნობი სისტემების გამოყენებით - მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. ღია წყაროების ინფორმაციით, მოსკოვის მეტროსადგურებში სახის ამომცნობი სისტემის მქონე 180 000 კამერაა სისტემის სამსახურში.

პროგრამა Polyface-ით, რომლის შესახებაც შსს-მ საჯარო ინფორმაცია გასცა, სამართალდამცველები სხვადასხვა ფოტოზე ასახული პიროვნების იდენტიფიცირებას ახდენენ. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით სცენას, როცა პოლიციელები მოქალაქეებს აჩერებენ, სთხოვენ პირადობის მოწმობას და უღებენ ფოტოს სმარტფონებით - ამგვარი შემოწმება ყველაზე ხშირად ახალგაზრდა კაცებს ეხებათ, გადაღებული ფოტოები კი შესაძლოა ამ აპლიკაციაში ასატვირთად იყოს გამიზნული.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვა პროგრამების შესახებ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სხვა სახელმწიფო უწყებები იყენებენ, ზუსტი ინფორმაცია უცნობია. უცნობია ისიც, იყენებენ თუ არაძალოვანი უწყებები ხელოვნურ ინტელექტს, მაგალითად, საპროტესტო აქციების მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის. სახელმწიფო უწყებების შენობებთან გამართულ აქციებზე თითქმის ყოველთვის შეხვდებით რამდენიმე პოლიციელს, რომლებიც დაუფარავად იღებენ ტელეფონით აქციის მონაწილეებს - ხდება თუ არა საბოლოოდ ეს მასალა ხელოვნური ინტელექტის “საკბილო”, ან რა ვადით და მიზნით ინახება უწყებაში, საზოგადოებისთვის უცნობია.

ღია წყაროებში რადიო თავისუფლებამ იმ სამი პროგრამის გარდა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია თავად გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიდევ რამდენიმე პროგრამა იპოვა, რომლებსაც კრიმინალისტები იყენებენ და რომელიც შესაძლოა ხელოვნურ ინტელექტზე იყოს დაფუძნებული.

  • Virtual Crash 2.2 - ავტოსაგზაო შემთხვევების ვირტუალური რეკონსტრუქციის სლოვაკური პროგრამა, რომლის განახლებაც 2018 წელს 63 ათასი ლარი დაჯდა.
  • Magnet forencics - მოწყობილობებიდან წაშლილი ფაილებისა და საქაღალდეების აღმდგენი კანადური პროგრამა. ეს პროგრამაც 2018 წელს განაახლა სისტემამ 29 ათას ლარად.
  • Cellebrite UFED Mobil Forensic Solution-ის პროგრამულ ნაწილებს, UFED 4PC Ultimate-ს და UFED Cloud Analyzer-ს. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა გაანალიზდეს საჯარო და კერძო დომეინები, სოციალური მედიის მონაცემები, ფაილები, ვებსაიტები და არსებული ინფორმაცია გაიფილტროს კონკრეტული ადამიანებისა და გეოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით. UFED ULTIMATE კი არის საშუალება დაფარული მტკიცებულებების მოსაპოვებლად - მას შეუძლია დაშიფრული კომუნიკაციის წაკითხვა, მოწყობილობებზე წვდომა და მათგან მონაცემების წამოღება, წაშლილი ინფორმაციის პოვნა და დაბლოკილი ხელსაწყოებიდან ინფორმაციის მიღება. ამ ორი პროგრამის განახლება შსს-ს 2020 წელს 103 000 ლარი დაუჯდა. ამ პროგრამის მწარმოებელმა კომპანიამ 2021 წლის მარტიდან რუსეთში თავისი პროდუქტების გაყიდვა შეწყვიტა.
  • EnCase Forensic V7 Physicsl License+ EnCase Forensic V7 SMS - კომპიუტერულ მოწყობილობებში ინფორმაციის მაძიებელი კანადური პროგრამა - მისი წლიური ლიცენზიის ყიდვაში მხოლოდ 2022 წელს სახელმწიფომ 22 000 ლარი გადაიხადა.

საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტის ცნებას და ყოველთვის არ არის ნათელი ზღვარი ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტიპის ფუნქციურ ალგორითმებს შორის, შესაბამისად, რთული სათქმელია, ზემოჩამოთვლილი პროგრამები ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა. კანონმდებლობის დონეზე ხელოვნური ინტელექტის განუსაზღვრელობა აჩენს ამ მეთოდით მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების, შენახვისა და გამოყენების პრობლემებსაც.

რადიო თავისუფლება შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო პასუხები, როგორ მოიპოვებს, ამუშავებს, ინახავს და იყენებს პერსონალურ ინფორმაციას უწყება - სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ თემაზე განმარტებები არ გაკეთდება.

2021 წელს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა სახელმწიფო უწყებებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ - მაშინ IDFI წერდა, რომ ბუნდოვანია ისიც, როგორ ამუშავებს და ინახავს შინაგან საქმეთა სამინისტრო “ჭკვიანი” და ზოგადი ხედვის კამერებისგან მიღებულ ინფორმაციას. თეონა ტურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის პროგრამებზე საუბრისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის ცოდნა, რას იყენებს სახელმწიფო, არამედ იმაში დარწმუნებაც, რომ ისინი ეთიკური და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დაცვით გამოიყენება.

“რეალურად არ ვიცით ინფორმაცია ამ სისტემებზე, მათ ფუნქციებზე და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ცხადია გვაქვს სერიოზული ეჭვები”, - გვეუბნება თეონა და იხსენებს 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიცემულ რეკომენდაციებს. ინსპექტორი წერდა, რომ ქართველი პოლიციელების მიერ მონაცემების დამუშავების პრაქტიკა ნორმებს არ შეესაბამებოდა.

შეიძლება თუ არა, ძალოვანი სტრუქტურები ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ არა დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, არამედ მოსახლეობის თვალთვალისა და მიყურადებისთვის? - IDFI-ის ექსპერტი ამბობს, რომ ონლაინ თვალთვალი და მობილურით მიყურადება განსხვავდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისგან, თუმცა შესაძლოა ახალი სისტემების დანერგვამ პროცესი უფრო ორგანიზებული გახადოს.

“ხელოვნური ინტელექტის სისტემები არის დამატებითი ფუფუნება სახელმწიფო უწყებებისთვის, რომ რაღაც მონაცემები დაამუშაონ, უფრო ანალიტიკური ფუნქციები აქვს”, - გვიხსნის ის.

“ტოტალური კონტროლისთვის ხელისუფლება უკვე წარმატებით იყენებს ინტერნეტსერვისის პროვაიდერებს და ნაკლებად სავარაუდოა, ხელოვნური ინტელექტი ამ მიზნით გამოიყენებოდეს. აი, ინტერნეტსერვისის პროვაიდერზე ლაპარაკისას კი ყოველთვის უნდა დავსვათ ტოლობის ნიშანი უშიშროების სამსახურებთან”, - ეუბნება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ნინო გამისონია რადიო თავისუფლებას და მიუთითებს ციფრული უსაფრთხოების ყველაზე მარტივ წესებზე, რაც დაცული აპლიკაციებით კომუნიკაციასა და faceID-ის გამოყენებისგან თავის შეკავებას გულისხმობს.

“თუმცა, - ამატებს ნინო, - იმ ტოტალურ კონტროლს, რასაც სახელმწიფო ნერგავს, არ ვიცი, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ, მით უმეტეს, რუსული პროგრამების გამოყენების პირობებში”. მისთვის მთავარი კითხვა არის ის, აქვს თუ არა წვდომა საქართველოში მოგროვებულ ინფორმაციაზე რუსულ მწარმოებლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ ინფორმაციაზე წვდომა არავის აქვს ქართველი სამართალდამცველების გარდა.

საქართველო, სადაც, ექსპერტების მოსაზრებით, გამოწვევად რჩება როგორც ციფრულ მმართველობაზე გადასვლა, ისე პერსონალური მონაცემების დაცვა და ტოტალური კონტროლი სპეცსამსახურების მხრიდან, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაჩვენებლებით მსოფლიოს 181 ქვეყანას შორის 88-ე ადგილს იკავებს და ჩამორჩება მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც კი. ამ სიის პირველ სამეულში ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური და გაერთიანებული სამეფო არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG