Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მცირდება „ქართული ოცნების“ უმრავლესობა


2016 წელს არჩეულ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 116-წევრიანი უმრავლესობა ჰქონდა. დღეს უმრავლესობის წევრთა რიცხვი 92-ს შეადგენს. მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა 30-მდე დეპუტატმა დატოვა. ვინ, როდის და რის გამო დატოვა უმრავლესობა?

სტარტი საკონსტიტუციო უმრავლესობით

2016 წელს საარჩევნო ბლოკმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 115 მანდატი მოიპოვა (სიით - 44 მანდატი, მაჟორიტარები - 71 მანდატი). ამ რიცხვს თავიდანვე დაემატა კიდევ ერთი მანდატი (საარჩევნო ბლოკი: „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“, მაჟორიტარი - სიმონ ნოზაძე).

შედეგად, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სიაში 116 წევრი შეიკრიბა და მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობაც მოიპოვა.

2019 წლის ივლისში, შუალედურ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვებით, უმრავლესობას კიდევ ერთი წევრი - ლადო კახაძე შეემატა. თუმცა მე-9 მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის არითმეტიკა მაინც კლების ტენდენციით გამოირჩევა.

ამ ეტაპის მონაცემებით, უმრავლესობის რიგებს სხვადასხვა მიზეზით უკვე 26 დეპუტატი გამოაკლდა. ზოგიერთმა დეპუტატის მანდატიც დატოვა. პარტიული სიით არჩეულთა ადგილებს (სულ 3 დეპუტატი) სხვები იკავებენ.

სულ ბოლოს უმრავლესობის რიგებს 12 წევრი გამოაკლდა. რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, პარლამენტში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული საკითხის ჩაგდებამ უმრავლესობაში ბევრი გაანაწყენა; მაგრამ გასვლის გადაწყვეტილება სხვას ჯერ არავის გამოუცხადებია.

22 ნოემბერს დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ასევე ახსენა პარლამენტიდან შესაძლო წასვლის გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი „უმოკლეს ვადაში“ არ ჩატარდება პლებისციტი „2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“.

გარიცხულები

უმრავლესობის პირველი დანაკარგი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იყო.

  • ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ 2018 წლის ივლისში გარიცხეს;
  • შემდეგ კი - მან „ქართული ოცნების“ უმრავლესობაც დატოვა.

2019 წლის სექტემბერში უმრავლესობის რიგებიდან გარიცხეს მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე.

წავიდნენ უმრავლესობიდან და პარლამენტიდანაც

სადეპუტატო მანდატები უმრავლესობის სულ 4-მა წევრმა დატოვა - სხვადასხვა დროს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზეზებით.

მანდატების დატოვების გადაწყვეტილება მიღებული აქვთ:

  • ზაქარია ქუცნაშვილს (მაჟორიტარი დეპუტატი) - გადაწყვეტილება მოჰყვა საზოგადოების დიდ მღელვარებას, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს უკავშირდება;
  • ვანო ზარდიაშვილს (სიით არჩეული) - გადაწყვეტილება უკავშირდება მწვავე დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ რიგებიდან უფრო ადრე წასულ დეპუტატთან, ეკა ბესელიასთან;
  • შოთა შალელაშვილს (სიით არჩეული) - გადაწყვეტილების მიზეზად ბიზნესსაქმიანობაში დაბრუნება დასახელდა;
  • სოფიო ქაცარავას (სიით არჩეული) - გადაწყვეტილება უკავშირდება პროტესტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების ფაქტის გამო.

კანონმდებლობით, პარტიული სიით არჩეული დეპუტატების ადგილს სიიდან სხვები იკავებენ. ამ ეტაპზე პარლამენტში შესულია მხოლოდ შოთა შალელაშვილის ადგილმონაცვლე - დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი.

უმრავლესობიდან გასვლის ტალღა # 1

2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის პირველ თვეებში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა 9 დეპუტატმა დატოვა; ესენი არიან:

  • ეკა ბესელია;
  • გედევან ფოფხაძე;
  • ლევან გოგიჩაიშვილი;
  • ზვიად კვაჭანტირაძე;
  • კობა ნარჩემაშვილი;
  • ბექა ნაცვლიშვილი;
  • გია ჟორჟოლიანი;
  • მირიან წიკლაური;
  • ლევან კობერიძე.

ამ დეპუტატებმა დაასახელეს უმრავლესობიდან გასვლის ორი ძირითადი მიზეზი:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი 10-კაციანი სია (რომელიც შემდეგ ჩავარდა);
  • შეუთანხმებლობა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ხედვასთან დაკავშირებით.

უმრავლესობიდან გასვლის ტალღა # 2

14-15 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა კიდევ 12-მა წევრმა დატოვა; ესენი არიან:

  • თამარ ჩუგოშვილი;
  • თამარ ხულორდავა;
  • სოფიო ქაცარავა (მან მანდატიც დატოვა);
  • დიმიტრი ცქიტიშვილი;
  • გიორგი მოსიძე;
  • ირინე ფრუიძე;
  • ზაზა ხუციშვილი;
  • მარიამ ჯაში;
  • გიორგი ბეგაძე;
  • ზვიად ძიძიგური;
  • ნინო გოგუაძე;
  • გუგა ბუკია.

ყველა ამ დეპუტატის გადაწყვეტილება უკავშირდება პარლამენტში 14 ნოემბერს გამართულ კენჭისყრას. ამ კენჭისყრის შედეგით გადაწყდა, რომ აღარ შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით აღარ ჩატარდება. პარლამენტის გადაწყვეტილებას მღელვარება და ქუჩის აქციები მოჰყვა.

რა შემთხვევაში დაიშლება უმრავლესობა?

კანონის თანახმად, უმრავლესობა ბუნებრივად დაიშლება იმ შემთხვევაში, თუკი მასში შემავალი დეპუტატების რიცხვი 76-ზე ნაკლები იქნება,

  • 14 ნოემბრამდე უმრავლესობის დეპუტატების რიცხვი 104-ს შეადგენდა;
  • ბოლო 12 წევრის გასვლის შემდეგ, დეპუტატების რაოდენობა 92-ს გაუტოლდა;
  • უმრავლესობას პარტიული სიიდან შეემატება კიდევ ორი დეპუტატი - მათ ნაცვლად, ვინც პარლამენტიდან წავიდა (პარლამენტმა 3-დან ჯერ მხოლოდ ერთი ადგილმონაცვლის უფლებამოსილება ცნო).

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში ავტომატურად არ დადგება პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG