Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონიუმი, თალიუმი, რიცინი, ნოვიჩოკი - რომელი შხამებით იშორებს კრემლი ოპონენტებს?

ალექსეი ნავალნი და ვლადმირ პუტინი. კოლაჟი
ალექსეი ნავალნი და ვლადმირ პუტინი. კოლაჟი

პოლონიუმი, თალიუმი, რიცინი, ნოვიჩოკი - ეს შხამები დიდი ხანია პოლიტიკური ტერორის სიმბოლოებია. სხვადასხვა წლებში კრემლის არაერთი ოპონენტი გარდაიცვალა იდუმალ ვითარებაში, სადაც ყოველთვის ფიგურირებდა ამ ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებებიდან ერთ-ერთი.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (ПАСЕ) რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის მონაწილეები გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულების გამოსაძიებლად. მათი თქმით, ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლა ციხეში ამ დანაშაულთა ერთ-ერთი რგოლია.

ეპიბადიტინი - ეკვადორული ხის ბაყაყის შხამი

2013 წელს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, სერგეი დობრინინმა ღია წყაროებში მიაკვლია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (ГосНИИОХТ), წარმატებით დაასრულა მუშაობა ეპიბატიდინის მიღების პრეპარატულ მეთოდზე. სამეცნიერო სტატიის [„Препаративный способ получения анальгетика (2R*)-2-(6’-хлорпиридин-3-ил)-7-азабициклогептана (эпибатидина)“] ანოტაციაში წერია:

“შემუშავებულია ანალგეტიკ ეპიბატიდინის მიღების პრეპარატული მეთოდი, რომელიც იძლევა მისი ენდო და ექზოიზომერების მიღების შესაძლებლობას, შესაბამისად 9,9% და 8,8% გამოსავლიანობით”.

ГосНИИОХТ - რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. საბჭოთა პერიოდში, 1920-იანი წლებიდან, ინსტიტუტი მუშაობდა ქიმიური იარაღის შექმნაზე, ხოლო ამჟამად, ოფიციალური ინფორმაციით, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ქიმიური იარაღისა და სხვა სახიფათო მასალების განადგურება. სხვა მიმართულებებს შორისაა მედიკამენტების შემუშავება და წარმოება, ტოქსიკოლოგიური კვლევები და კლინიკური გამოცდები, ქიმიური ტექნოლოგია და გარემოს უსაფრთხოება. თუმცა დამოუკიდებელი წყაროები სწორედ ამ დაწესებულებას უკავშირებენ „ნოვიჩოკის“ შხამის შემუშავებას. ინსტიტუტის მთავარი საწარმო მოსკოვშია, ფილიალები კი რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სარატოვის ოლქში (სახელმწიფო ორგანული სინთეზის ტექნოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტი).

“ეპიბატიდინის სინთეზირება იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს სასიკვდილო შხამების ფართო პალიტრა აქვთ,- ამბობს The Insider-ის, მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვი, - ეს ადამიანები სხვადასხვა საშუალებას ცდიდნენ კრემლის ოპონენტებზე. ახლა კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი შესაძლებლობები იმაზე ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე აქამდე გვეგონა“.

სერგეი დობრინინის თქმით, ფორმალურად ინსტიტუტში ეპიბატიდინს იკვლევდნენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, ასევე ცხოველთა მოძრაობის პარალიზებისთვის:

„თუ ვეტერინარული მიზნებისთვის ცხოველის პარალიზება გჭირდება, მას ესვრი ისარს, რომლის წვერზეც ეპიბატიდინის მცირე დოზაა დატანილი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ნივთიერებას საბრძოლო მომწამვლელი საშუალების რეპუტაცია არ ჰქონია - უფრო სამედიცინო მიზნებით იყენებდნენ, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათი შხამია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მისი მიღება ძალიან რთულია - არსებობს სინთეზის რამდენიმე გზა. ის მეთოდი, რომელსაც ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი (ГосНИИОХТ) იყენებდა, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია“.

ჟურნალისტის თქმით, ძნელი არ არის ისეთი ვებ-საიტების ნახვა, რომლებიც ქიმიურ რეაქტივებს ჰყიდიან და, სადაც ამ შხამის შეძენაც შესაძლებელია. ცხადია, ქუჩიდან მოსულ ადამიანს მისი ყიდვა არ შეუძლია. უნდა დაადასტურო, რომ ნივთიერებას იძენ იურიდიული პირისთვის, რომელიც ტკივილის კვლევასთან ან ქიმიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. საჭიროა ახსნა, რისთვის გჭირდება ის, და ამის დოკუმენტურად დადასტურება. თუმცა ეს მაინც არ არის რაიმე სუპერ იშვიათი ნივთიერება. გარდა ამისა, ეს შხამი არ შედის იმ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების სიაში, რომლებიც ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციაშია შეტანილი.

საინტერესოა, რომ ГосНИИОХТ-სა და მის ლაბორატორიას, რომელიც ბაყაყის შხამს იკვლევდა, აქვს Organisation for the Prohibition of Chemical Weapons-ის (OPCW - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესრულებას) აკრედიტაცია.

"რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრია. შესაბამისად, არსებობენ ლაბორატორიები, რომლებსაც ამ ორგანიზაციის აკრედიტაცია აქვთ, რაც, თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ პოტენციური შხამების კვლევა. ასე რომ, 2025 წელს ГосНИИОХТ-ის ლაბორატორიამ, რომელიც უკვე ყველა შესაძლო სანქციის ქვეშ იმყოფებოდა, OPCW -ში აკრედიტაცია მიიღო როგორც დაწესებულებამ, რომელსაც მსგავსი კვლევების ჩატარება შეეძლო. არ ვიცი, როგორ უნდა განიმარტოს ეს.

ვფიქრობ, რუსეთში უბრალოდ არსებობენ ლაბორატორიები, რომლებიც ფორმალური ნიშნებით შეესაბამებიან ორგანიზაციის წევრობის მოთხოვნებს. ამავდროულად, ეს ნიშნავს, რომ სანქციების დაწესებითაც კი ვერ ხერხდება რუსული ინსტიტუტების მოკვეთა ამ გავლენიანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციიდან “,- თქვა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, სერგეი დობრინინმა.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის დღიდან (2024 წ. 16 თებერვალი) თითქმის ორი წლის თავზე, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდისა და გერმანიის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის - სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნივთიერება ეპიბატიდინი. ეპიბატიდინის კვალი აღმოჩენილია ნავალნის სხეულიდან აღებულ ნიმუშებში და „უდიდესი ალბათობით“, სწორედ ამ შხამმა გამოიწვია ორი წლის წინ ციმბირის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რუსი ოპოზიციონერის სიკვდილი. მსოფლიოს არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა, მათ შორის - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, გამოხატა ნდობა ნავალნის მოწამვლაზე ამ ოფიციალური განცხადების მიმართ: „მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს ჰქონდა საშუალებები, მოტივი და შესაძლებლობა ეს მომაკვდინებელი ტოქსინი ნავალნის ორგანიზმში მოეხვედრებინა, როცა ის ციმბირში, რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფებოდა და ჩვენ მას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას მის სიკვდილზე“.

ოფიციალური ინფორმაციით, 47 წლის ნავალნიმ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, კოლაფსი განიცადა და გონზე მოსვლის გარეშე გარდაიცვალა. ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულია ნავალნაიამ გასული წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლის თებერვალში, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ „მოვახერხეთ ალექსეის ბიოლოგიური მასალის მოპოვება და კონტრაბანდის გზით, მისი უსაფრთხოდ გატანა საზღვარგარეთ. მინიმუმ ორი ქვეყნის ლაბორატორიებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიკვლიეს ეს ნიმუშები და ორი სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიები მივიდნენ ერთ დასკვნამდე - ალექსეი მოკლეს, უფრო ზუსტად კი - ის მოწამლეს“.


რადიო თავისუფლება იხსენებს რუსეთის ხელისუფლების სხვა ოპონენტებს, რომლებიც ქიმიური მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ.

ნოვიჩოკი

Novichok, Novichok agent - ფტორფოსფორორგანული აზოტორგანული ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების მომწამვლელი ნივთიერებების ოჯახი. ნოვიჩოკის, როგორც საბრძოლო მომწამვლელი საშუალებების მიღებაზე საბჭოთა ქიმიკოსები მუშაობდნენ 1970-იანი წლების დასაწყისიდან. ღია წყაროებში ამ ნივთიერების ქიმიური სტრუქტურის შესახებ მწირი მონაცემები არსებობს. ნოვიჩოკის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის მარტში „ნოვიჩოკი“ გამოყენებულ იქნა მამა-შვილ სკრიპალების, ხოლო 2020 წლის აგვისტოში - ალექსეი ნავალნის მოსაწამლად.

  • სერგეი და იულია სკრიპალები

2018 წლის 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა იყო. თავდასხმის შედეგად მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალიც და დაზიანდა სულ მცირე 21 ადამიანი.

სერგეი და მისი შვილი კრიტიკულ მდგომარეობაში სოლსბერის სამხარეო ჰოსპიტალში მოხვდნენ. ბრიტანეთმა გამოძიება მკვლელობის მიზნით თავდასხმის კვალიფიკაციით დაიწყო. 14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის 23 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მოგვიანებით დადასტურდება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს.

1990 წელს სერგეი სკრიპალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ოფიცრად მუშაობდა, 1995 წლიდან კი, ორმაგ აგენტად დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურისთვის მანამ, სანამ 2004 წლის დეკემბერში იგი მოსკოვში არ დააკავეს. ორი წლის შემდეგ სკრიპალი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში და პატიმრობა მიუსაჯეს. 2010 წელს ჯაშუშთა გაცვლის პროგრამით სკრიპალი ციხიდან გათავისუფლდა და დიდ ბრიტანეთში დასახლდა.

გელსემიუმი – „ინფარქტის ბალახი“

ამ შხამის ერთ-ერთი მთავარი ტოქსიკური კომპონენტია Gelsemium elegans ანუ „ინფარქტის ბალახი“ — მცენარის იშვიათი სახეობა, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ აზიაში, ძირითადად ჩინეთში. გელსემიუმით მოწამვლა ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია რუს და ჩინელ დაქირავებულ მკვლელებს შორის.

  • ალექსანდრ პერეპილიჩნი

ალექსანდრ პერეპილიჩნი იყო რუსი ოლიგარქი, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა კრემლს. 2009 წელს დიდ ბრიტანეთში მიიღო თავშესაფარი, მოგვიანებით კი შვეიცარიის პროკურატურას ეხმარებოდა მოსკოველი ჩინოვნიკების მიერ ფულის გათეთრების საქმის გამოძიებაში. ალექსანდრ პერეპილიჩნი იყო ინფორმაციისა და მტკიცებულებების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იურისტ, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის (2009 წ) საერთაშორისო გამოძიების საქმეში.

2012 წელს 44 წლის პერეპილიჩნი უეცრად გარდაიცვალა დილის ვარჯიშის დროს, სარეის საგრაფოში, საკუთარი სახლის მახლობლად. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბიზნესმენმა გაიარა სამედიცინო შემოწმება, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოავლინა.


გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პერეპილიჩნიმ კოლეგებს აცნობა, რომ მას ემუქრებოდნენ - და ეს მუქარები რეალური აღმოჩნდა. გვამის გაკვეთისას ექსპერტებმა 44 წლის ბიზნესმენის ორგანიზმში აღმოაჩინეს კვალი, რომელიც შესაძლოა Gelsemium elegans-ით მოწამვლაზე მიუთითებდეს.

ალექსანდრ პერეპილიჩნი „მაგნიტსკის საქმესთან“ დაკავშირებული მეოთხე ადამიანია, რომელიც უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ადგილობრივმა პოლიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ბიზნესმენის სიკვდილი საეჭვო გარემოებებს შეიცავდა. გამოძიების ვერსიით, პერეპილიჩნი შესაძლოა მოწამლეს იმის გამო, რომ ამხელდა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მაღალჩინოსნებს საგადასახადო მაქინაციებსა და შვეიცარიულ ბანკებში მრავალმილიონიანი ანგარიშების გახსნაში.

პოლონიუმ - 210

პოლონიუმი იშვიათი და ძლიერ რადიოაქტიური ელემენტია, რომელიც ურანის მადანშია. პოლონიუმ-210 დაახლოებით 250 ათასჯერ უფრო ტოქსიკურია, ვიდრე ციანწყალბადი, რომლის კონცენტრირებული დოზა სწრაფად კლავს.

  • ალექსანდრ ლიტვინენკო

ლიტვინენკო - რუსეთის ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) ყოფილი ოფიცერი, რომელმაც 2000 წელს ოჯახთან ერთად ლონდონში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2006 წლის ნოემბერში ის მოწამლეს ლონდონის სუში-ბარში ჩაის მეშვეობით. გაკვეთამ აჩვენა, რომ მის ორგანიზმში პოლონიუმ-210-ის კვალი იყო. ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, ლიტვინენკო ისტორიაში პირველი ადამიანია, ვინც პოლონიუმ-210-ის მწვავე რადიაციული ზემოქმედებით გარდაიცვალა. თავდაპირველად მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ პაციენტი თალიუმით იყო მოწამლული.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლიტვინენკომ წერილი დაწერა, სადაც განაცხადა, რომ მისი მკვლელობის ბრძანება პუტინმა გასცა. ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს ეჭვები საფუძვლიანი იყო.

ლიტვინენკო ФСБ-ს ადანაშაულებდა საცხოვრებელი სახლების აფეთქებებსა და რუსეთში მოწყობილ სხვა ტერაქტებში, რომლებიც, მისი თქმით, პუტინის რეიტინგის გასაძლიერებლად და მისთვის მეტი ძალაუფლების მისაცემად განხორციელდა. რუსი ოფიციალური პირები ამ ბრალდებებს სრულად უარყოფენ.

ლიტვინენკომ ასევე დაადანაშაულა ვლადიმირ პუტინი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაია-ს მკვლელობაში. ცნობილი ჟურნალისტი ლიტვინენკოს გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე მოკლეს.

თალიუმი

თალიუმი ქიმიური ელემენტია, რომელიც გვხვდება კალიუმის მინერალებსა და სულფიდურ მადნებში. მცირე, არატოქსიკური რაოდენობით თალიუმ-201 იყენებენ ბირთვულ მედიცინაში დიაგნოსტიკისთვის.

თალიუმის შხამიან მარილებს იყენებენ ვირთხების საწინააღმდეგო შხამებსა და ინსექტიციდებში. თალიუმით მოწამვლის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია თმის ცვენა. იმის გამო, რომ თალიუმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული შხამია, მას „მომწამვლელის შხამსაც“ უწოდებენ.

  • ნიკოლაი ხოხლოვი

ხოხლოვი - საბჭოთა КГБ-ს (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის) აგენტი, რომელიც 1953 წელს აშშ-ის მხარეს გადავიდა და КГБ-ს ოპერაციებზე ჩვენება მისცა. 1957 წელს ხოხლოვს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში თალიუმით მოწამვლისგან მკურნალობდნენ - ეს მოხდა მას შემდეგ, რაც КГБ-მ ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ წარუმატებელი თავდასხმის მცდელობა განახორციელა.

КГБ-ს ზოგიერთი ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ხოხლოვი თალიუმით კი არა, პოლონიუმით მოწამლეს - ისევე, როგორც ლიტვინენკო.

  • იური შჩეკოჩიხინი

იური შჩეკოჩიხინი იყო პარტია „იაბლოკოს“ წევრი, დეპუტატი და ჟურნალისტი, რომელიც ცნობილი იყო თავისი გამოძიებებით, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მხილებებით.

შჩეკოჩიხინი 2003 წლის ივლისში გარდაიცვალა. აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტი მოულოდნელად ცუდად გახდა (ძლიერი ალერგიული რეაქციის სიმპტომებით) და მალევე გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილი გამოიწვია მძიმე საერთო ინტოქსიკაციამ, რომელიც ლაიელის სინდრომით (ალერგიული ბულოზური დერმატიტის ვარიანტი) გამოვლინდა. ФСБ-მ ყველა სამედიცინო ჩანაწერი და გაკვეთის შედეგები გაასაიდუმლოა.

„ორი კვირის განმავლობაში (შჩეკოჩიხინი) ისე დაბერდა, რომ ვეღარავინ ცნობდა. თმა ბღუჯა-ბღუჯად სცვიოდა, სხეულიდან თითქმის მთლიანად ჩამოსძვრა კანი, ერთიმეორის მიყოლებით ეთიშებოდა შინაგანი ორგანოები“, - იხსენებს სერგეი სოკოლოვი, „ნოვაია გაზეტას“-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე.

ჟურნალისტების ინფორმაციით, შჩეკოჩიხინის დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავდა ხოხლოვისა და ლიტვინენკოს სიმპტომებს.

ტეტრაქლორდიბენზოდიოქსინი (TCDD) – „დიოქსინი“

ტეტრაქლორდიბენზოდიოქსინი - მყარი, უფერო და უსუნო ნაერთია; ხშირად მას შეცდომით უბრალოდ „დიოქსინს“ უწოდებენ. TCDD არის რეაგენტ „ორანჟის“ მთავარი კომპონენტი — ქიმიური ნარევისა, რომელსაც აშშ ვიეტნამის ომის დროს მცენარეულობის გასანადგურებლად იყენებდა. კიბოს კვლევის სააგენტოს მონაცემებით, ეს ნივთიერება ძლიერი კანცეროგენია.

  • ვიქტორ იუშჩენკო

უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ იუშჩენკო 2004 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, TCDD-ის დიდი დოზით მოწამლეს. მაშინ იუშჩენკოს მთავარი მოწინააღმდეგე, პრორუსი კანდიდატი, ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.

ვიქტორ იუშჩენკო მოწამვლამდე და მოწამვლის შემდეგ
ვიქტორ იუშჩენკო მოწამვლამდე და მოწამვლის შემდეგ

ორგანიზმში ტეტრაქლორდიბენზოდიოქსინის მაღალი შემცველობის გამო ვიქტორ იუშჩენკოს სახე ქლორაკნემ (ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტით გამოწვეული აკნეს მსგავსი კანის დაზიანება) დაასახიჩრა. თუმცა პოლიტიკოსი გადარჩა.

იუშჩენკომ, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, რუსეთის ოფიციალური პირები დაადანაშაულა მისი მოწამვლის გამოძიების ხელის შეშლაში.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნები, რომლის დროსაც იუშჩენკო მოწამლეს, იანუკოვიჩმა მოიგო. თუმცა ეს „გამარჯვება“ უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მოგვიანებით უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა და დანიშნა ახალი არჩევნები, რომელშიც იუშჩენკომ გაიმარჯვა.

რიცინი

ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში იარაღად გამოიყენებოდა რიცინი. КГБ-ს აგენტებს მინიმუმ სამ შემთხვევაში ადანაშაულებდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებიდან გაქცეული პირების წინააღმდეგ რიცინის გამოყენებაში.

რიცინი მიიღება მცენარის Ricinus communis (აბუსალათინის) თესლებისგან, რომლებსაც აბუსალათინის ზეთის მისაღებად წურავენ. რვა ცალი დაჭყლეტილი თესლის რბილობი მიიჩნევა ზრდასრული ადამიანისათვის სახიფათო დოზად. თუმცა თესლის მარცვლების მიღებით სიკვდილის შემთხვევები იშვიათია, რადგან მარცვლის გარსი რთულად ასათვისებელია, ხოლო ადამიანის ორგანიზმს შეუძლია ტოქსინის გადამუშავება.

გაცილებით საშიშია რიცინი, როდესაც ის ინიექციის სახით სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გამდიდრებული, ფხვნილის სახის რიცინის ისეთი მცირე დოზაც კი, როგორიც მარილის რამდენიმე კრისტალია, საკმარისია ადამიანის მოსაკლავად.

  • გეორგი მარკოვი და ვლადიმირ კოსტოვი

ბულგარელი დისიდენტი, BBC-ისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ ჟურნალისტი გეორგი მარკოვი 1978 წელს გარდაიცვალა რიცინით მოწამლული ნემსის ჩხვლეტიდან ოთხი საათის შემდეგ. ბრიტანელი გამომძიებლების აზრით, ნემსი ქოლგაში იყო დამალული. მარკოვს ფეხში უჩხვლიტეს ლონდონში, ავტობუსის გაჩერებაზე.

გეორგი მარკოვი
გეორგი მარკოვი

მსგავსი მეთოდით თავდასხმის მცდელობა ათი დღით ადრე განხორციელდა კიდევ ერთ ბულგარელ დისიდენტსა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ რეპორტიორ, ვლადიმირ კოსტოვზე. 1978 წლის აგვისტოში პარიზის მეტროში მას ზურგში ესროლეს ამავე შხამით სავსე ნემსი. კოსტოვის საბედნიეროდ, დოზა ძალიან მცირე აღმოჩნდა და ის გადარჩა.

  • ბორის კორჟაკი

1981 წლის აგვისტოში, CIA-ს ორმაგი აგენტი ბორის კორჟაკი აშშ-ის ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში თირკმელში დაჭრეს რიცინიანი საფანტით. კორჟაკს პნევმატიკური იარაღიდან ესროლეს, თუმცა ის გადარჩა. გაშიფრული აგენტი“ მიიჩნევს, რომ თავდასხმა КГБ-ს აგენტებმა განახორციელეს.

დაუდგენელი შხამები

  • ჰაფიზულა ამინი

ამინი ცივი ომის პერიოდის ავღანელი პოლიტიკოსი იყო. 1979 წელს მისი ბრძანებით მოკლეს პროსაბჭოთა პრეზიდენტი ნურ მუჰამედ ტარაკი. თუმცა თავად ამინმა პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ სამი თვე გაატარა. საბჭოთა ლიდერებმა, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ რომ ამინი CIA-სთან თანამშრომლობდა, 1979 წლის ბოლოს მისი მოწამვლა გადაწყვიტეს.

ამინის საბედნიეროდ, ბოლო მომენტში მან უარი თქვა საკვებზე, რომელიც КГБ-ს აგენტის მიერ იყო მოწამლული. ამინის ნაცვლად მოიწამლა მისი სიძე. თუმცა ორი კვირის შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტი საბჭოთა სამხედროებმა მაინც მოკლეს, ამჯერად ქაბულის სასახლის შტურმის დროს. ახალ პრეზიდენტად კი საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი ბაბრაქ ქარმალი დაინიშნა.

  • ანა პოლიტკოვსკაია

რუსი ჟურნალისტი, უფლებადამცველი და კრემლის კრიტიკოსი ანა პოლიტკოვსკაია 2004 წლის სექტემბერში მძიმედ მოიწამლა მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისით მგზავრობისას ჩაი დალია. ჟურნალისტი მიფრინავდა ბესლანში, სადაც იმ დროს ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი.

პოლიტკოვსკაია მიიჩნევდა, რომ მოწამვლის უკან ФСБ იდგა. პრესის ცნობით, ჩაის დაუმატეს უცნობი ტოქსინი, რომელიც საბჭოთა დროის ერთ-ერთ საიდუმლო ქიმიურ ლაბორატორიაში იყო მომზადებული. ორი წლის შემდეგ, 2006 წლის 7 ოქტომბერს, ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

  • ვლადიმირ ყარა-მურზა

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ვლადიმირ ყარა-მურზა, Bellingcat-ისა და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2015 და 2017 წლებში ორჯერ მოწამლეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა.

გამოძიების თანახმად, რუსეთის ФСБ-ს თანამშრომლები (რომან მეზენცევი, ალექსანდრ სამოფალი, კონსტანტინ კუდრიავცევი და ვალერი სუხარევი), რომლებიც მოწამვლამდე ალექსეი ნავალნის უთვალთვალებდნენ, მანამდე, 2015 და 2016 წლებში, ასევე სისტემატურად უთვალთვალებდნენ კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, ვლადიმირ ყარა-მურზას გადაადგილებასაც. ამ პერიოდში ყარა-მურზა მოწამვლის სიმპტომებით ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში: პირველად ვლადიმირ ყარა-მურზა 2015 წლის 26 მაისს აღმოჩნდა მოსკოვის საავადმყოფოში თირკმლების უკმარისობის გამო, რამაც მისი კომაში ჩავარდნა გამოიწვია. ძირითადი დიაგნოზი იყო ”ორმხრივი პნევმონია” და ”უცნობი ნივთიერების ტოქსიკური ზემოქმედება”. ყარა-მურზას მეუღლე განმარტავს, რომ მის მეუღლეს ფილტვების ანთება უკვე საავადმყოფოში განუვითარდა და მას ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ. როდესაც ვლადიმირ ყარა-მურზა თითქმის ორი წლის შემდეგ კვლავ გადაიყვანეს საავადმყოფოში ორგანოთა მრავლობითი უკმარისობით, მისი ოფიციალური კლინიკური დიაგნოზი ეხმიანებოდა წინა დიაგნოზს: "დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიკური მოქმედება".

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG