Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სიკვდილი ჯაშუშებს" - რუსული არაოფიციალური კონტრდაზვერვა "არასანდო" ხალხზე ნადირობს


ბელგოროდელი დენის ბანბანი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ქალაქის დაბომბვის კადრები სოც.ქსელებში გამოდო. მარცხნიდან და მარჯვნიდან ფორმიანებს ზურგზე აწერიათ СМЕРШ (სმერში).
ბელგოროდელი დენის ბანბანი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ქალაქის დაბომბვის კადრები სოც.ქსელებში გამოდო. მარცხნიდან და მარჯვნიდან ფორმიანებს ზურგზე აწერიათ СМЕРШ (სმერში).

რუსეთში სტალინის დროინდელი საიდუმლო პოლიცია აღადგინეს. მეორე მსოფლიო ომის დროს "სმერში" ჯაშუშებზე ნადირობდა და ეჭვმიტანილებს სასტიკად უსწორდებოდა.

რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, "სმერში" ნადირობს არა(მხოლოდ) ჯაშუშებზე, არამედ არასაკმარისად ლოიალურ მოქალაქეებზე.

უკრაინასთან მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის მერის, ვალენტინ დემიდოვის სიტყვა კანონია.

2 იანვარს, როდესაც ქალაქს, სავარაუდოდ, უკრაინა ბომბავდა, დემიდოვმა მოუწოდა მოსახლეობას, არ გაევრცელებინა დაბომბვის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა და გააფრთხილა, რომ გავრცელება "ღალატის ტოლფასი" იქნებოდა.

რუსული მედია წერს, რომ 23 წლის ბელგოროდელმა დენის ბანბანმა მერს არ დაუჯერა და დაპოსტა ვიდეო, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემის ადგილმდებარეობა გამოაჩინა.

ეს მალევე ინანა.

3 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში ბანბანი "სრულიად რუსეთს" უბოდიშებს და ამბობს, რომ ვიდეო "შეცდომით, დაუფიქრებლად" დაპოსტა.

"სრულიად ვაღიარებ ჩემს ბრალეულობას და მზად ვარ, მკაცრად დავისაჯო", - ამატებს ის.

ბანბანისგან მარცხნივ და მარჯვნივ ორი სამხედრო ფორმიანი დგას. ორივეს კამერისთვის ზურგი შეუქცევია, ზურგზე კი რუსულად აწერია: "СМЕРШ" ("სმერში").

"სიკვდილი ჯაშუშებს"

"СМЕРТЬ ШПИОНАМ" ("სიკვდილი ჯაშუშებს"), შემოკლებულად "სმერში", საბჭოთა საიდუმლო პოლიცია იყო, რომელიც მეორე მსოფლიოს ომის დროს გერმანელ ჯაშუშებზე ნადირობდა.

"სმერში" 1943-1946 წლებში არსებობდა, მაგრამ ისტორიკოსები დღემდე კამათობენ იმაზე, თუ რამდენი ათასი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა ამ სამი წლის განმავლობაში.

სხვადასხვა მონაცემით, ომის დროს საბჭოთა კონტრდაზვერვამ 700 ათას ადამიანამდე დააპატიმრა, მათგან ყოველი მეათე კი დახვრიტა.

"სმერშის" მეთაური, ვიქტორ აბაკუმოვი (მარჯვნივ) გერმანიაში, 1945 წელი
"სმერშის" მეთაური, ვიქტორ აბაკუმოვი (მარჯვნივ) გერმანიაში, 1945 წელი

"სმერშის" მსხვერპლებს შორის იყო რუსი მწერალი ალექსანდრ სოლჟენიცინიც, რომელიც მაშინ საბჭოთა ჯარში მსახურობდა. მეგობართან მიმოწერაში სტალინის უდიერად მოხსენიებისთვის ის რვა წლით გააგულაგეს.

ბოდიში იძულებით

ოპოზიციური რუსული მედია წერს, რომ "სმერში" უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაბრუნდა. არაოფიციალურად და სხვადასხვა ფორმით.

2022 წლის მარტიდან მოყოლებული, "სმერშის" სახელწოდების რამდენიმე ტელეგრამარხი რუს ძალოვნებს "არასანდო" პირების პოვნაში ეხმარება.

მათ შორის ყველაზე აქტიური არხი "ყირიმული სმერშია", რომელიც თავს "რუსოფობების, უკრონაცისტებისა და სამშობლოს მოღალატეების რეესტრს" ეძახის.

არხი მოუწოდებს ყირიმილებს, დაასმინონ არასაკმარისად ლოიალური თანამოქალაქეები. როგორც წესი, ისინი, ვინც ეწინააღმდეგება უკრაინაში ომს, ან უბრალოდ რამით გამოხატავს პროუკრაინულ პოზიციას.

ძალოვნები უკვე არაერთ დასმენილს დაემუქრნენ და შემდეგ საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მოიბოდიშა ქალმა, რომელიც სოციალურ ქსელებში ლურჯ-ყვითელ (უკრაინის დროშისფერ) ნივთებს პოსტავდა. ასევე მოიბოდიშა სტუდენტმაც, რომელმაც დაწერა, რომ უკრაინაში რუსული ენის აკრძალვას მიესალმებოდა.

1 დეკემბერს "ყირიმულმა სმერშმა" ბოდიში მოახდევინა ადგილობრივ ბლოგერს, 18 წლის გლებ მერკუშევს. მერკუშევმა მოიბოდიშა "არატრადიციული სექსუალური კავშირების პროპაგანდისთვის".
1 დეკემბერს "ყირიმულმა სმერშმა" ბოდიში მოახდევინა ადგილობრივ ბლოგერს, 18 წლის გლებ მერკუშევს. მერკუშევმა მოიბოდიშა "არატრადიციული სექსუალური კავშირების პროპაგანდისთვის".

მოსაბოდიშებლად გაუხდა საქმე ყირიმელ ქიმიის მასწავლებელსაც. იგი მოსწავლეებმა დაასმინეს იმისთვის, რომ სკოლის ავტობუსში უკრაინული სიმღერა ჩართო.

მაგრამ შესაძლოა, "სმერში" მხოლოდ ბოდიშის იძულებით არ შემოიფარგლება.

2022 წლის დეკემბერში, გამოცემა "აგენტსტვომ" ის უკრაინის ოკუპირებულ ლუჰანსკში, ხუთი ე.წ. მოღალატის ჩამოხრჩობას დაუკავშირა.

ხუთი ჩამომხრჩვალი ადამიანის ფოტო რუსულმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს. ისინი წერდნენ, რომ დახოცილები "უკრაინის სპეცსამსახურებთან კოლაბორაციისთვის" დაისაჯნენ.

"იგი მონაცემებს სმერშის მტრებს აწვდიდა", - ეწერა ბარათზე, რომელიც ერთ-ერთი ცხედრის გულ-მკერდზე იყო მიმაგრებული.

არაოფიციალური დაბრუნება

ოფიციალურად, "სმერში" რუსეთის ძალოვან უწყებებს შორის არ ირიცხება. მაგრამ დეკემბერში, რუსმა დეპუტატმა და ყოფილმა გენერალმა, ანდრეი გურულიოვმა განაცხადა, რომ შექმნილია "სამსახური", რომელიც "სმერშის" მსგავსად მუშაობს.

გურულიოვმა დააზუსტა, რომ მისი მთავარი სამიზნე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებია, თუმცა იმედი გამოთქვა, ახალმა "სმერშმა" რუსეთის შიგნითაც უნდა იმუშაოსო.

იქამდე, თვეების განმავლობაში "სმერშის" დაბრუნებას ლობირებდნენ როგორც თავად გურულიოვი, ისე ანექსირებული ყირიმის მეთაური, სერგეი აქსენოვი და ნაციონალისტი ფილოსოფოსი, ანდრეი დუგინი.

"სმერშის" საჭიროებაზე საუბარი განსაკუთრებით გახშირდა კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ბოსის, ევგენი პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხის შემდეგ. პრიგოჟინის თვითმფრინავი ჯანყის ორი თვის თავზე, 24 აგვისტოს ჰაერში აფეთქდა.

რუსი სამხედრო ექსპერტების თქმით, სწორედ ამ ამბოხის შემდეგ გაითავისა კრემლმა, რომ რუსეთის შიგნით კიდევ უფრო მკაცრი კონტროლია საჭირო.

მაგრამ საიდუმლო პოლიციის გარშემო ატეხილი მრავალთვიანი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, რუსული მედია წერს, რომ ბელგოროდელი ბანბანის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია.

1946 წლის შემდეგ, ეს "სმერშის" პირველი გამოჩენაა რუსეთის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG