Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკუდიერის თბილისი


ლუიჯი მონტაბონეს 1862 წელს გადაღებული ფოტო
ლუიჯი მონტაბონეს 1862 წელს გადაღებული ფოტო

პირველი ოპერის თეატრი თბილისში, პირველი ქვის, ე.წ. „მშრალი“, ხიდი, პირველი საზოგადოებრივი შადრევანი, პირველი კაფე, პირველი ბაღი, აღმაშენებლის გამზირის გეგმა, დღევანდელი საკრებულოს შენობა - ეს ყველაფერი თბილისში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის, სახელს უკავშირდება - კაცს, ვინც თითქმის 150 წლის წინანდელ თბილისს ევროპული იერი მისცა.

სკუდიერის ოპერის თეატრი
სკუდიერის ოპერის თეატრი

„თავისუფლების მოედნის ანსამბლი“ და დამწვარი თეატრი

თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც დღეს წმინდა გიორგის ქანდაკება დგას, მიწის ქვეშ დღესაც არსებობს სკუდიერის მიერ დაპროექტებული ოპერის თეატრის ქვედა ორი სართულის ნანგრევები. მაშინ მოედანს ერევანსკის მოედანი ერქვა. 1847 წელს თბილისის მთავარმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ ამიერკავკასიაში პირველი გრანდიოზული ოპერის თეატრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაფინანსება მდიდარმა ვაჭარმა თამამშევმა იტვირთა. თეატრის დარბაზი, თურმე, 700 მაყურებელს იტევდა, გვითხრა არქიტექტორმა თამაზ გერსამიამ, რომელიც, წლებია, სკუდიერის ცხოვრებასა და შემოქმედებას იკვლევს. გვითხრა ისიც, რომ თეატრის შენობას 4 000 კვადრატული მეტრი სჭერია და იმ დროის თბილისის მაღალი საზოგადოების თავშეყრის უცვლელი ადგილი ყოფილა.

საკრებულოს შენობა
საკრებულოს შენობა

თეატრს გარშემო დუქნები ერტყა, რის გამოც მას „ქარვასლასაც“ უწოდებდნენ. შენობის შესასვლელებს თუჯის ოთხი გრიფონი ამშვენებდა, თავზე დამაგრებული ფარნებით, რომლებიც დაბნელებისას ინთებოდა. მათგან ორი დღეს საკრებულის შენობის შესასვლელთან დგას.

ამ თეატრის შესახებ მოგვიანებით ფრანგი მწერალი, ალექსანდრე დიუმა, თავის წიგნში „კავკასია“ წერდა, „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის თეატრის დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავსო“... თეატრი 1874 წელს ძლიერი ხანძრის დროს დაიწვა და აღარ აღუდგენიათ.

თავისუფლების მოედანი იყო პირველი არქიტექტურული ანსამბლი თბილისში, გვითხრა თამაზ გერსამიამ. თეატრის გვერდით სკუდიერის დაპროექტებული ქვის შადრევანი მდგარა. მაშინდელ თბილისში პატარა შადრევნები ე.წ. შემოსავლიანი სახლების განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა ეს შადრევანი იყო პირველი, რომელიც მთელ ქალაქს ეკუთვნოდა. ამ შადრევანმა 1885 წლამდე იარსება და იტალიელი ფოტოგრაფის, ლუიჯი მონტა-ბონეს, 1862 წლისდროინდელ ფოტოზე შემორჩა. ანსამბლის ნაწილი იყო „სკუდიერის სახლის“ სახელით ცნობილ შენობასა და თეატრს შორის სივრცე, „სკუდიერის სახლი“ კი დღევანდელი საკრებულოს (ქალაქის სათათბიროს) სულ პირველი შენობაა, რომლის არქიტექტორი სწორედ იტალიელი არქიტექტორი გახლდათ.

სკუდიერის გაბედული მალი - „მშრალი“ ხიდი

ერთმალიანი „მშრალი“ ხიდი, იგივე „მიხეილის მცირე ხიდი“, სკუდიერიმ 1846-1847 წლებში დააგეგმარა და მაშინდელ რუსეთის იმპერიაში სიდიდით პირველი ქვის ხიდი ყოფილა - მთელი 32 მეტრი სიგრძისა.

მიხეილის დიდი და მცირე ხიდები
მიხეილის დიდი და მცირე ხიდები

ამ ხიდმა თბილისისთვის პირველი განივი მაგისტრალის როლიც შეასრულა და ალექსანდრეს ბაღიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე ქალაქის ორი ნაპირი ერთმანეთს დაუკავშირა. მიხეილის დიდი ხიდის, დღევანდელი ჩუღურეთის ხიდის, მთელ სიგრძეზე კი, მაშინდელი ევროპული ხიდების მსგავსად, პატარ-პატარა დუქნები იყო ჩამწკრივებული. მშრალი ხიდი დღესაც დიდი ყიდვა-გაყიდვის ადგილია.

თუჯის გრიფონები
თუჯის გრიფონები

კიდევ იყო პირველი საზოგადოებრივი ბაღი (დღევანდელი „ლონდონის ბაღის“ ადგილას), პირველი კაფე, როგორც მაშინ უწოდებდნენ, „საჯარო საკონდიტრო და ყავახანა“, ქალაქის ნაწილად გადაქცეული გერმანელთა კოლონია - ფაქტობრივად, თავიდან დაგეგმარებული აღმაშენებლის გამზირი, „ვორონცოვის მოედნიდან“ თამარ მეფის გამზირამდე. 1846 წლის ნოემბრის ერთ-ერთ ნომერში გაზეთი „კავკაზი“ ჯოვანი სკუდიერიზე წერდა, მის მიერ შექმნილი „ახალი პროექტები სულ მალე ჩვენს ქალაქს თვალსაჩინო ქალაქად აქცევენ თავისი მოხდენილი იტალიური სტილითო“.

სკუდიერის დაგეგმარებული აღმაშენებლის გამზირი
სკუდიერის დაგეგმარებული აღმაშენებლის გამზირი

ჯოვანი სკუდიერი 35 წლისა იყო, როდესაც, 1851 წელს, სამხედრო ტაძრის მშენებლობისას, ტრაგიკულად დაიღუპა. იტალიელი არქიტექტორი თბილისის კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს - დღევანდელი გერგეთის ქუჩის ბოლოში. ეს სასაფლაო 1930-იან წლებში გააუქმეს და იმ კაცის საფლავიც, ვინც თბილისს „მშრალი“ ხიდი, საკრებულოს შენობა თუ „ვორონცოვის მოედანი“ დაუტოვა, მაშინ დაიკარგა.

მისი გარდაცვალებიდან 150-ზე მეტი წლის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯოვანი სკუდიერის სახელი დაერქმევა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG