Accessibility links

site logo site logo

სტრასბურგი: ორი საჩივარი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში ორი საჩივარი გაიგზავნა. სახელმწიფოთშორისი სარჩელით - საქართველო, ხოლო ინდივიდუალური სარჩელით რუსეთს არჩილ ტატუნაშვილის მშობლები, გიორგი და რუსუდან ტატუნაშვილები, უპირისპირდებიან. საჩივრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოამზადეს იუსტიციის სამინისტრომ და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე საგანგებო ადგილს იკავებს სახელმწიფოთშორის სარჩელშიც და აქვე ყურადღების ცენტრშია გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეები. საქართველოში იმედოვნებენ, რომ რუსეთს აუცილებლად დაეკისრება პასუხისმგებლობა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებების გამო.

„რუსების გარეშე ოსები ამდენს ვერ გაბედავდნენ“

გიორგი ტატუნაშვილს იმედი აქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთს აუცილებლად გაამტყუნებენ და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯებიან არჩილის მკვლელები. გიორგი ტატუნაშვილისთვის მკვლელების ვინაობა უკვე დიდი ხანია ცნობილია და ზუსტად იცის ისიც, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ადგილობრივი ოსები ამდენს ვერაფრით გაბედავდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის მამა რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი ცენტრმა „ემპათიამ“ არჩილ ტატუნაშვილის მშობლების სახელით მოამზადა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ცენტრში განმარტავენ, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტით, წამებით მოკლულის მშობლები განიხილებიან არა მხოლოდ როგორც დაღუპულის იურიდიული წარმომადგენლები, არამედ როგორც თავადაც წამების მსხვერპლნი. საჩივრის თანახმად, კომპენსაციად მოთხოვნილია 300 ათასი ევრო, თუმცა ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს ოჯახისთვის.

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა წამებამ გამოიწვია

ცენტრ „ეპტათიის“ მიერ მომზადებული საჩივარი რუსეთს ევროკონვენციის ხუთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი), წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი), თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მე-5 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მე-8 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი). საჩივარში მთავარი მტკიცებულებაა კომისიური სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

მარიამ ჯიშკარიანი სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:32 0:00

დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების - მათ შორის „სტამბოლის პროტოკოლისა“ და „მინესოტას პროტოკოლის“ - შესაბამისად. პირველი შეეხება წამების ფაქტების სამედიცინო ექსპერტიზასა და იურიდიული მტკიცებულებების დოკუმენტირებას, ხოლო მეორე - „კანონგარეშე ძალადობრივი სიკვდილის ფაქტის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. დასკვნის მომზადებაში ჩართული იყო ორი საერთაშორისო დონის ექსპერტი. „ემპათიის“ დასკვნა პირდაპირ ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სასტიკად აწამეს და სწორედ ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება. შესაბამისად, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის საბოლოო წარმატებაში ეჭვი არავის ეპარება.

არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

​კიდევ ერთხელ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და სტრასბურგში 21 აგვისტოს გაგზავნილი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული უკვე მესამე სახელმწიფოთშორისი საჩივარია. სამინისტროს ინფორმაციით, ეს საჩივარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებებსა და ადამიანის უფლებების შელახვის მრავალმხრივ ფაქტებს. საქართველო რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში სდებს ბრალს და სტრასბურგს მიმართავს იმიტომ, რომ თავად მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად დაადგინოს ყველა გარემოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს აფარებენ თავს.

„ორი მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი. ეს არის (საჩივრის) მისაღებობის ეტაპი და დავის არსებითი მხარე. ამ საჩივარს ჯერ სასამართლო შეისწავლის, შემდეგ რუსეთის ფედერაციას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიციები წარადგინოს ამ საჩივართან დაკავშირებით. წერილობითი პოზიციების წარდგენა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, დამატებით წარადგინოს საკუთარი არგუმენტაცია და მტკიცებულებები“, - განმარტავს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

რა დროს მოითხოვს სტრასბურგის სასამართლო

თუკი სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილი საჩივრები წარმოებაში მიიღო, ზუსტად მაშინაც ვერავინ იტყვის, რა ვადებს მოითხოვს არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ან ერთ, ან მეორე შემთხვევაში. თუკი კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელებთ, საქართველომ მეორე სახელმწიფოთშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს წარადგინა, რასაც დასაბუთებული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს მოჰყვა და მთელი რიგი პროცედურების გავლის შემდეგ, სასამართლოს დიდი პალატა 2018 წლის 23 მაისს, ანუ 10 წლის შემდეგ, გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე 8-9 წელიწადია განხილვას ელოდება აგვისტოს ომთან დაკავშირებული მრავალი ინდივიდუალური საჩივარი, რომელთა შორის არის ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, შვილების სახელით გაგზავნილი საჩივარიც. ცენტრ „ემპათიაში“ დარწმუნებული არიან, რომ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ინდივიდუალური საჩივრის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოთშორისი საჩივარი, რომელიც სტრასბურგში იუსტიციის სამინისტრომ გაგზავნა.

თამარ ავალიანი სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00

საქართველოში იმედოვნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად დააკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას, თუმცა, როგორც საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, სხვა საკითხია, როგორ აღსრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. რუსეთი ხომ, როგორც წესი, სრულიად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG