Accessibility links

რატომ დააფრთხო თბილისის სვლამ სოხუმი და ცხინვალი?


საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში

სოხუმსა და ცხინვალში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციანმა სიამ, რომლის ფიგურანტებზეც საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესდეს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში უკვე ალაპარაკდნენ კონტრსიების შექმნის შესახებაც. 27 ივნისს გალის შეხვედრის ჩაშლამ და ოფიციალურმა განცხადებებმა აჩვენა, რომ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხიც და ბევრისთვის ნათელია, რომ სოხუმისა და ცხინვალის მწვავე რეაქცია მოსკოვის მწვავე რეაქციას ნიშნავს. რას შეიძლება გამოეწვია საოკუპაციო რეჟიმის ასეთი გაღიზიანება ამ შემთხვევაში, მაშინ როცა თბილისის ქმედებებს ისინი ძირითადად გულგრილად ხვდებიან?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმირ არლანი გალის შეხვედრის ჩაშლას ქართულ მხარეს აბრალებს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა დატოვეს. სოხუმი ვერ ეგუება იმ აზრს, რომ ქართული მხარე არ აპირებს დღის წესრიგიდან მოხსნას გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის საკითხი. გაღიზიანების მთავარი მიზეზი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გამოქვეყნებას უკავშირდება.

Direct link

ვლადიმირ არლანი ამბობს, რომ ოთხოზორიას საკითხი სოხუმისთვის დახურულია, რადგან ქართულმა მხარემ მათ ვერ მიაწოდა გიგა ოთხოზორიას მკვლელის ადეკვატური დასჯისთვის აუცილებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. არადა, 2016 წლის 19 მაისს რაშიდ კანჯი-ოღლის მიერ ჩადენილი დანაშაული სათვალთვალო კამერის ჩანაწერზეც ნათლად არის ასახული.

გალის შეხვედრების გაგრძელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მეტიც, თუკი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 ივნისის განცხადებით ვიმსჯელებთ, საფრთხე ექმნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსაც. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავების გამო, სოხუმმა მწვავე რეაქცია გამოხატა და პროვოკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ითქვა, რომ თბილისის ამ სვლამ შესაძლოა დაანგრიოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი. პარალელურად, როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ალაპარაკდნენ კონტრსიების შექმნის აუცილებლობაზე. თუკი აფხაზეთში ეს იდეა ჯერ მხოლოდ საზოგადოების დონეზე, სოციალურ ქსელებში გახმაურდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ალაპარაკდა. კონტრსიების საკითხს გულგრილად უყურებენ თბილისში.

თვითონ იმ ფაქტს, რომ, პარლამენტის მიერ 21 მარტს დამტკიცებული რეზოლუციის თანახმად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შედგენა და მისი ფიგურანტებისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიგეგმა, უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევს „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელი ლევან გერაძე. მისთვის ცხადია, რომ სოხუმისა და ცხინვალის მწვავე რეაქციები მოსკოვის მწვავე რეაქციების გამოვლინებაა და ეს ყველაფერი საერთაშორისო სარბიელზე მომხდარ თუ მოსალოდნელ პროცესებს უკავშირდება.

როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური ფლანგი საქართველოში პირობას დებს, რომ განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ყველა ფიგურანტს ადეკვატური სანქციები დაუწესდეს. ამ სიამ უკვე მიიპყრო გარკვეული ყურადღება და ამაზე მეტყველებს როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, ასევე აშშ-ის კონგრესში ინიცირებული ორპარტიული კანონპროექტი. ამ სიის მნიშვნელობა და ამოქმედების აუცილებლობა ორივე დოკუმენტშია ხაზგასმული.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ“, რომელმაც ასე გააღიზიანა სოხუმი და ცხინვალი, ბევრს არც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოეწონა. ფაქტია, რომ სიაში ვხვდებით გარდაცვლილ ადამიანებს და არ ვხვდებით მათ, ვინც მართლაც დამნაშავეა საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებასა თუ გატაცებაში. თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არ არის, რადგან სიის შემადგენლობა მუდმივად განახლდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG