Accessibility links

ყირიმის ანექსიაზე ჩეხი სასტუმროს მეპატრონის პროტესტი და გამარჯვება


ტომაშ კრჩმარჟი სასტუმრო Brioni Boutique Hotel-ის წინ ოსტრავაში.

ხუთი წლის წინ ტომაშ კრჩმარჟმა, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავის ცენტრში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელმა, კარზე ჩამოკიდა შემდეგი განცხადება: „2014 წლის 23 აპრილიდან სასტუმროში გაჩერებაზე უარს ვეუბნებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს. ამის მიზეზია ყირიმის ანექსია. წინასწარ ბოდიშს ვიხდით რუსეთის ფედერაციის წესიერი მოქალაქეების წინაშე“.

სულ რამდენიმე კვირაში სავაჭრო ინსპექციამ მეწარმეს ჯარიმა გამოუწერა, მაგრამ კრჩმარჟმა გადაწყვიტა ამის სასამართლოში გასაჩივრება. საქმე ხუთი წლის განმავლობაში განიხილებოდა სხვადასხვა ინსტანციაში. 30 აპრილს კი ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, რომ ფულადი სასჯელი უსაფუძვლო იყო: ამიერიდან ჩეხეთის ნებისმიერი სასტუმროს მფლობელს შეეძლება ოსტრავის სასტუმროს მაგალითს მიბაძოს.

სასტუმროს კარზე 2014 წლის აპრილში გაკრული განცხადება
სასტუმროს კარზე 2014 წლის აპრილში გაკრული განცხადება

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ახსნილია, რომ მეწარმე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის სტუმრებისგან წერილობით ითხოვს იმის დადასტურებას, რომ არ ეთანხმება ყირიმის ანექსიას, საზოგადოების საკეთილდღეოდ იქცევა, ვინაიდან ეს მოქმედება მთლიანად თანხვედრაშია ჩეხეთის საგარეო პოლიტიკასთან და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკასთან. ამის შესახებ მოსამართლე ვოიტეხ შიმიჩეკმა განუცხადა ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ. მისი აზრით, საქმე არ ეხება დისკრიმინაციას, ვინაიდან ევროპის კავშირში ხშირ შემთხვევაში მოქმედებს განსხვავებული წესები იმათთვის, ვისაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის პასპორტი აქვს, და იმათთვის, ვინც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია იმ კანონების გამოყენება, რომლებიც ეროვნული და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს. სასამართლომ ჩათვალა, რომ სასტუმროს მფლობელს უფლება ჰქონდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც მის სასტუმროს მისცემდა საშუალებას, განსხვავებული ყოფილიყო სხვებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს განსხვავება პოლიტიკურ შეხედულებებს შეეხება. სასამართლოს აზრით, მიზეზები, რომელთა გამოც ამბობდა სასტუმროს მფლობელი უარს კონკრეტული ადამიანების მომსახურებაზე, არ არის ზიზღის გამოვლინება ან არ არღვევს საერთაშორისო სამართალს.

ჩეხეთის სავაჭრო ინსპექციას, რომელიც სასამართლოში მოსარჩელის როლში გამოდის, კიდევ აქვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Brioni Boutique Hotel-ი ოსტრავის ცენტრში მდებარეობს. ეს ქალაქი ჩეხეთის ერთ-ერთი სამრეწველო ცენტრია და იქ ხშირად ჩადიან ხოლმე რუსები საქმიანი ვიზიტით. ოსტრავაში არის რუსეთის საკონსულო, 2008 წლიდან კი ქალაქში ყოველწლიურად იმართება რუსეთის დღეები: ეს არის არა მხოლოდ კულტურული ღონისძიებები, არამედ მოიცავს კონფერენციასაც, რომელზეც ჩეხ მეწარმეებს შეუძლიათ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ თავიანთ რუს კოლეგებთან. და სწორედ ამ ქალაქში გაჩნდა ხუთი წლის წინ განცხადება რუსეთის მოქალაქეებისთვის მომსახურებაზე უარით. ოღონდ განცხადება რუსეთის ყველა მოქალაქეს არ გულისხმობდა, მისი ადრესატები იყვნენ ისინი, ვისაც არ სურს, ხელი მოაწეროს ყირიმში რუსეთის მოქმედების დამგმობ განცხადებას.

ოსტრავის სასტუმროს მფლობელი ტომაშ კრჩმარჟი ინტერვიუში ხსნის, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რა რეაქცია ჰქონდათ მასზე:

- აი, ასეთი ემოციური რეაქცია მქონდა ყირიმის ანექსიაზე. წინასწარ ყველას ვაფრთხილებდი, არ მინდოდა, რომ ვინმე ქუჩაში დარჩენილიყო. მინდოდა შანსი მიმეცა იმათთვის, ვინც წინააღმდეგი იყო, და წინასწარ ვთხოვდი განცხადებისთვის ხელის მოწერას. ვინც ეს გააკეთა - შეეძლო ჩვენთან დარჩენა, ვინც არა - არ შეეძლო.

- ამ თხოვნაზე უარყოფითი რეაქცია თუ ჰქონდათ?

- კი, რა თქმა უნდა. თუმცა მაშინ ის არ ყოფილა ისე ემოციური, როგორც ახლა - სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ახლა ნეგატიური გამოხმაურებების ქარიშხალი ამოვარდა. მაგრამ მთლიანობაში ჩემი სტუმრებიდან მაქსიმუმ ათი პროცენტი მოეკიდა ჩემს თხოვნას უარყოფითად. იძულებული გავხდით, პოლიციისთვის გადაგვეცა ზოგი წერილობითი რეაქცია, რაც ჩვენი სასტუმროს მისამართით მივიღეთ უკანასკნელ დღეებში. ეს უკვე ნამეტანი იყო. სიკვდილით მემუქრებოდნენ. ეს ჩეხები იყვნენ, რუსები არა.

- და რუსები? მათი რეაქცია როგორი იყო?

- ბევრმა მათგანმა მოაწერა ხელი და მშვიდად ცხოვრობდა აქ. სინამდვილეში რუსებისგან არავითარი უარყოფითი რეაქცია არ ყოფილა. იმიტომ, რომ წინასწარ იცოდნენ ჩვენი პირობების შესახებ და ვინც წინააღმდეგი იყო, გადაწყვიტა, სხვა ადგილას გაჩერებულიყო. ანდა სხვანაირად წყვეტდნენ ამ პრობლემას. ჩვენგან რუსეთის არცერთი მოქალაქე არ წასულა სკანდალით. ყველამ მოაწერა ხელი. ახლა ამ დოკუმენტებს სასტუმროს არქივში ვინახავთ, როგორც იტყვიან, უკუნითი უკუნისამდე.

- შეზღუდვები, რომლებიც თქვენ შემოიღეთ სასტუმროში, მხოლოდ ორ კვირას მოქმედებდა. ამის შემდეგ რატომ აღარ ითხოვდით რუსეთის მოქალაქეებისგან წერილობით დასტურს, რომ არ ეთანხმებიან ყირიმის ანექსიას?

- მე ალბათ მსოფლიოში პირველი ვიყავი, ვინც შემოიღო ასეთი შეზღუდვები, და უნდა ვთქვა, რომ ჩემს მაგალითს სხვებმაც მიბაძეს. მაგრამ დაიწყეს მთელი ამ ტალღის ჩახშობა, ერთი მხრივ, სხვადასხვა სახელმწიფოებრივი სანქციით, მეორე მხრივ - ჩემ წინააღმდეგ მასირებული იერიში დაიწყეს მაკონტროლებელმა ორგანოებმა. სავაჭრო ინსპექციამ ჯარიმა გამოგვიწერა, შემდეგ დაიწყო სხვადასხვა სახის შემოწმებები, რომლებიც ცხოვრებას გვირთულებდა. ყოველივე ამის გამო ვეღარ გავაგრძელეთ სტუმრების მიმართ მოთხოვნების მოქმედება.

სასტუმრო Brioni Boutique Hotel-ი
სასტუმრო Brioni Boutique Hotel-ი

- სასამართლოში ვინ გიჩივლათ? სავაჭრო ინსპექციამ თუ სტუმრებმა?

- სავაჭრო ინსპექციამ ჯარიმა გამომიწერა და ამან გამაჯავრა, მაგრამ არა ფულის გამო. უბრალოდ, გადავწყვიტე დამემტკიცებინა, რომ მართალი ვარ. ინსპექციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთადერთი გზა კი არის ამის სასამართლოში გასაჩივრება. პირველი სასამართლო მოვიგეთ, მაგრამ ჩინოვნიკებმა განაჩენი გაასაჩივრეს. ამის შემდეგ წავაგეთ და მივმართეთ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც ჯარიმა 50 ათასი კრონიდან 5 ათასამდე შეგვიმცირა. მაგრამ საჩივარი შევიტანეთ და მოვიგეთ. საკონსტიტუციო სასამართლომ კი - მე ეს წარმატებად მიმაჩნია - გადაწყვიტა, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა.

- მაგრამ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ საქმე უზენაეს სასამართლოში გაპროტესტდება.

- მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევამ თავისი საქმე გააკეთა. და მთელმა მსოფლიომაც გაიგო ამის შესახებ. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკრაინის ახალ პრეზიდენტ ზელენსკიზე, როგორ გამოიყენებს ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ქვეყნისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას და უკრაინას.

- თქვენს საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი სასამართლო სხდომის შემდეგ ამბობდით, რომ პარალელის გავლება შეიძლება იმას შორის, რაც ჩეხოსლოვაკიაში მოხდა 1968 წელს და იმას შორის, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში.

- რა თქმა უნდა, პარალელი იმაშია, რომ ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა მეორდებოდეს. ესაა სცენარი, რომელიც ისტორიაში მრავალჯერ განმეორდა. პრეზიდენტ პუტინს არაფერი ახალი არ გამოუგონია. შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბევრი ადამიანი ცუდად სწავლობდა ისტორიას და მე მათ დავეხმარე ცოდნის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, ეს გამომივიდა - საზოგადოებაში დაიწყო დისკუსია, თუმცა, როცა ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ ასეთი ტალღა აზვირთდებოდა. კოშმარულ სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა, რომ ყველაფერი ეს ხუთ წელს გაგრძელდებოდა. მაგრამ მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა.

​- თავდაპირველი იმპულსი იყო ის, რომ არ ეთანხმებოდით ანექსიას. რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკას როგორ აფასებთ?

- მე ვფიქრობ, ყველა ყველაფერს ხედავს. აი, ახლახან პუტინმა დონბასში რუსული პასპორტების მიღება გააიოლა. აქ ყველაფერი გასაგებია - ის თავისას არ იშლის. ერთი მხრით, გარკვეული ეფექტი აქვს მეზობელი ქვეყნების რეაქციას და ევროპის კავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ შემოღებულ სანქციებს. მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ცუდი მიმართულებით მიდის. რუსეთის იმპერიული პოლიტიკა არ იცვლება, - მიაჩნია ჩეხ სასტუმროს მეპატრონეს, ტომაშ კრჩმარჟს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG