Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ცოცხალი წიგნები” ასტრიდ ლინდგრენის ქვეყანაში


გამიმართლა და იმ 27 ქართველ ავტორს შორის მოვხვდი, ვისი ლექსებიც შვედურად ითარგმნა და ანთოლოგიად გამოიცა. შვედეთშიც ასე აღმოვჩნდი - პროექტ „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე კიდევ ორ პოეტთან, ლია სტურუასა და პაატა შამუგიასთან ერთად. კოპენჰაგენის და მალმოს დამაკავშირებელი ცნობილი ხიდი გადავიარეთ და მალმოში ჩავედით - ჩვენი პოეტური ტურიც იქ დაიწყო.

ქართველი პოეტები შვედმა ავტორმა და გამომცემელმა, კრისტიან კარლსონმა თარგმნა, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეც იყო. ქართველი პოეტების ლექსების შვედური ბწკარედები კი მანანა კობაიძემ მოამზადა. ამ ანთოლოგიამდე კრისტიანმა მაია სარიშვილის, ლია ლიქოკელის, ზურა რთველიაშვილის, პაატა შამუგიას კრებულებიც დაბეჭდა. დღე-დღეზე ნიკა ნიკა ჯორჯანელის პოეტური კრებულიც გამოვა.

ქართული პოეზიის ანთოლოგია შვედურად
ქართული პოეზიის ანთოლოგია შვედურად

პოეტური კითხვა შვედეთის სამ ქალაქში - მალმოში, სტოკჰოლმსა და უფსალაში გვქონდა. ქართულ-შვედური აუდიტორია გვისმენდა. ორ ენაზე ვკითხულობდით - ჩვენ ქართულად და კრისტიანი შვედურად - საინტერესო შეგრძნებაა, როცა ლექსი, რომელიც მშობლიურ ენაზე დაწერე, უცებ უცნობ ენაზე გესმის და თან მსმენელის ემოციასაც აკვირდები - როგორი გაიგებენ, რაზეც შენ წერ, მათაც იგივე აწუხებს თუ არა, რაც შენ.

„წიგნის ბაზრობებისგან განსხვავებით, სადაც შემთხვევითი მსმენელიც შეიძლება შენს კითხვაზე მოხვდეს, აქ, ადამიანი, კონკრეტულად შენს მოსასმენად მოდის. ბოლომდე და ყურადღებით გისმენს. აქაც ასე იყო. ჩემდა გასაკვირად, სტერეოტიპების ტყვეობაში ვყოფილვარ, როცა შვედები ცივები და მოთოკილი ემოციის ხალხი მეგონა. სულ სხვა აუდიტორია დამხვდა, თითქოს მეც მათი ნაწილი ვყოფილიყავი, ისე გვისმენდნენ“, - თქვა პაატა შამუგიამ, როცა კითხვის შთაბეჭდილებებს ერთმანეთს ვუზიარებდით.

პაატა შამუგია და კრისტიან კარლსონი, პოეზიის ფესტივალი, სტოკჰოლმი
პაატა შამუგია და კრისტიან კარლსონი, პოეზიის ფესტივალი, სტოკჰოლმი

„არადა, როცა „ცოცხალი წიგნები“ დავიწყეთ, ვერც წარმოვიდგენდით, რომ ეს პროექტი საზღვრებს გასცდებოდა და ქართველ მწერლებს უცხოური აუდიტორიის წინაშეც წარვადგენდით“, - გვითხრა პროექტ „ცოცხალი წიგნების“ იდეის ავტორმა ქეთი დუმბაძემ.

თავიდან, როცა კულტურის სამინისტრომ ეს პროქტი წამოიწყო და მასში დაახლოებით 70 ავტორი ჩაერთო, „ცოცხალი წიგნები“ უფრო რეგიონალური პროექტი იყო, რომლის იდეაც საქართველოს თითქმის ყველა რაიონსა თუ სოფელში მწერლების მოგზაურობა და ადგილზე საკუთარი ტექსტების კითხვა იყო.

მერე, როცა ფეისბუკზე „ცოცხალი წიგნების“ გვერდი გაჩნდა და მწერლების მოგზაურობების ამბებიც ხშირად იწერებოდა, მათთან შეხვედრის სურვილი საქართველოს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმაც გამოთქვეს:

„ემიგრანტები სულ გვწერდნენ, რომ მათაც სურდათ ქართველ ავტორებთან შეხვედრა, თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა, ახალი წიგნები. თუმცა მივხვდი, რომ მარტო ქართულ დიასპორასთან ჩასვლა და იქ წაკითხვა, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის საკმარისი არ იქნებოდა. ადგილობრივ მკითხველსაც უნდა გაეცნო ქართველი ავტორები. დავიწყე იმ ადამინების ძებნა, ვინც უცხოეთში თარგმანით და წიგნების გამოცემით იყო დაკავებული. ასე გამოჩნდა იტალიაში ნუნუ გელაძე, შვედეთში კრისტიან კარლსონი... ვფიქრობ, ყველაფერი წინაა“, - ამბობს ქეთი დუმბაძე.

საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლა და ქართველი ავტორების პროზის თუ პოეზიის თარგმნა და იქაური აუდიტორიის წინაშე კითხვა „ცოცხალი წიგნების“ ახალი მიმართულება გახდა.

„ისე, რატომაც არა? - საუბარში ლია სტურუა ჩაგვერთო, - მე სულ ვკითხულობ თანამედროვე მსოფლიო პოეზიას და არავიზე ნაკლები ქართული პოეზია არ არის. ასეთ ანთოლოგიებსაც მოჰყვება ხოლმე კარგი გაგრძელება. მაგალითად, ჩემს ლექსებს ერთი გამომცემელი გერმანულენოვან ანთოლოგიაში წააწყდა, მოეწონა და მთელი წიგნის თარგმნა და გამოცემა გადაწყვიტა...“

ერთ-ერთი შეხვედრა სტოკჰოლმის საჯარო ბიბლიოთეკაში გვქონდა - სადაც ჩვენი სტუმრობა პოეზიის ფესტივალს დაემთხვა. სწორედ იქ, წიგნებით გატენილ მრგვალ დარბაზში წაიკითხა ლექსები პაატა შამუგიამ. უცხოური მსმენელიც თითქმის ისეთი რეაქციით ხვდებოდა მის თვითირონიით სავსე ლექსებს, როგორც აქ, საქართველოში.

„მე მგონი, საჭიროზე მეტიც არის დროდადრო ჩვენი გასვლა და უცხოურ აუდიტორიასთან შეხვედრა. უკეთესად აფასებ შენს თავს. გამოცდილებასაც იძენ და ცოტათი იცვლები კიდეც. თან, იმდენად დიდი ენერგეტიკული მუხტი მოდის, როცა მოდიან, შთაბეჭდილებას გიზიარებენ, მადლობას გეუბნებიან ან უბრალოდ, საკუთარ აზრს, რომ ესეც კმარა, საგზალივით რომ გაიყოლო და დიდხანს გეყოს“, - ამბობს პაატა შამუგია.

ლია სტურუა
ლია სტურუა

მალე „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ქართველი პოეტების იტალიური ანთოლოგიაც მზად იქნება - მასში ექვსი ქალი ავტორის ლექსები შევა. წიგნის პრეზენტაცია იტალიაში, პიზის პოეზის ფესტივალზეა დაგეგმილი. ქართველი ავტორების ერთი კრებული უკვე დაიბეჭდა ისრაელშიც.

ქართველი ავტორების ბოლო შეხვედრა უფსალაში გაიმართა. იქ ბანგლადეშელი პოეტი, ანისურ რაჰმანი დაგხვდა - ანისურიც თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმარი იყო - მისი ლექსები ქართულად მანანა მათიაშვილმა თარგმნა. სიამოვნებით ჩამოვიდოდი ისევ თბილისშიო, გვითხრა. დავპირდით, რომ ერთმანეთს ჩვენი ლექსების ინგლისურ თარგმანებს გავუცვლიდით.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG