Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საბოტაჟის საქმეზე" გიორგი ვაშაძეს 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა


გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი
გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერს გიორგი ვაშაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ამგვარი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა დამატებითი აკრძალვა მოითხოვა, კერძოდ გიორგი ვაშაძისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა და პროკურორის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლების აკრძალვა. მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

პროკურორის თქმით, არსებობს გიორგი ვაშაძის მიმალვის საფრთხე, რადგან მას ჩადენილი აქვს დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას.

“სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი და არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე”, - თქვა პროკურორმა, მისი სიტყვებით "გიორგი ვაშაძე მსჯავრდებულია განზრახი დანაშაულისთვის, კონკრეტული მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის... ეს ქმნის ვარაუდს, რომ თავისუფლების შემთხვევაში ჩაიდენს ახალ დანაშაულს”.

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ. საქმე ეხებოდა სადავო პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს.

ამჟამად პროკურატურა პოლიტიკოსს საბოტაჟს ედავება. 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

გენერალური პროკურორის თქმით:

  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
  • ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს - „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
  • ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
  • მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.


სასამართლოს სხდომაზე, ვაშაძემ გაიმეორა, რომ ბრალდების საქმეში არაფერი დევს.

ვაშაძის ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ თქვა, რომ არ ეთანხმებიან აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

როგორც გიორგი ვაშაძემ უთხრა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე, ის გირაოს "რა თქმა უნდა გადაიხდის".

ამ საქმეზე მილიონ-მილიონ-ლარიანი გირაო შეუფარდეს „ლელოს“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს. ხოლო "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს 30 000- ლარიანი გირაო, მას ამავდროულად, ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და პასპორტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG