Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა


გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა.
გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა, მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ცოლ-შვილი, ნათესავები და მეგობრები დახვდნენ.

"ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი... მინდა მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში... ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის... არის ევროკავშირის ღირსეული წევრი... მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი აქვთ", - უთხრა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს პოლიტიკოსმა.

გიორგი ვაშაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
გიორგი ვაშაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 2025 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. ის სასამართლოს სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილება გამოცხადდა, არ დასწრებია, პოლიციამ ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავა. განაჩენის გამოცხადებამდე გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა 50 000-ლარიანი გირაო, რომელიც გადაიხადა.

7-თვიანი პატიმრობის მისჯის გარდა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი ვაშაძეს 2 წლის ვადით აუკრძალა თანამდებობის დაკავება.

ამასთან, გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ 8 პოლიტიკოსის, მათ შორის გიორგი ვაშაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „საბოტაჟში, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებაში“ ბრალდებით.

კერძოდ გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

ვაშაძემ მედიასთან საუბარში საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ საქმის აღძვრის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. მოგვიანებით კი, მისი სიტყვებით, "მომივიდა საქმე, რომელშიც არის ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი, მეტი არაფერი წერია. აი, საერთოდ არაფერია საქმეში". ვაშაძე მოელის, "ეს საქმე შეწყდება".


ფორუმი

XS
SM
MD
LG