Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ გადაყლაპა "ქართულმა ოცნებამ"


საქართველოში საჯარო სივრცეებსა და მედიების ეთერს პერიოდულად იპყრობენ ხოლმე ულტრაკონსერვატიული, ძალადობით და ქსენოფობიით გამორჩეული ჯგუფები, რომელთა ერთმა ნაწილმა სასტიკი ანგარიშსწორება მოაწყო 5-6 ივლისს, თბილისის ცენტრში, სადაც რამდენიმე ათეულ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს სცემეს. შავრაზმელთა ამ ჯგუფებს პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ, ღიად თუ ფარულად, პრორუსული პოლიტიკური პარტიები, თუმცა, როგორც 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, კონსერვატიულ ფლანგზე, რადიკალთა მზარდი აქტიურობის მიუხედავად, შესაბამისი პარტიების ელექტორატი, ზრდის ნაცვლად, შემცირდა.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მიხედვით, ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებული პარტია „ერი“ 2%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსისათვის“ ხმის მისაცემად მზად იყო ამომრჩეველთა 3%.

2021 წლის 5 ივლისი. თბილისი
2021 წლის 5 ივლისი. თბილისი

კონსერვატიულ ფლანგზე მოთამაშე ამ ორმა გამორჩეულმა პარტიამ არჩევნების წინაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ლევან ვასაძემ და მისმა თანამებრძოლებმა (მმკ, „ალტ-ინფო“ და სხვ.) თავი გამოიჩინეს 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის მოწყობით, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვითა და ჯვრის აღმართვით, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი - ღია წერილით, რომლითაც ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა, „განმუხტოს დაძაბულობა და აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე“.

ლევან ვასაძის „ერმა“ 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა მხოლოდ 1.46 %-მა დაუჭირა მხარი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 3,1% იყო, 2016 წელს - 5%.

ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი
ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი

არჩევნების შედეგების კომენტირებისას, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2018 წლიდან ცდილობს გადააბაროს ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსი“ კი ხელს უშლის მას:

„აქედან მოყოლებული, ჩვენ გამალებით გვებრძვის „ქართული ოცნება“ და მუდმივად გვიყალბებს შედეგებს. ყველას ესმის, რომ წარმოუდგენელია, ჩვენს პარტიას ჰქონდეს 1,5 პროცენტი“.

რატომ არის წარმოუდგენელი?

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი, კობა თურმანიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელი არაფერია იმაში, რომ კონსერვატიულ ფლანგზე, ისეთი დიდი პარტია, როგორიც „ქართული ოცნებაა“, ამომრჩეველს ართმევს იმავე იდეოლოგიის პატარა პარტიებს.

„ამ პარტიების მხარდაჭერამ მოიკლო იმის გამო, რომ დიდმა პარტიებმა, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ“, დაიწყეს მსგავსი რიტორიკით გამოსვლა, რაშიც მაინცდამაინც პრორუსულ რიტორიკას არ ვგულისხმობ. საუბარია უფრო მეტად კონსერვატიულ-ურაპატრიოტულ რიტორიკაზე, რომელიც შედარებით ნაკლებად იყო დიდი პარტიის საარჩევნო პროგრამაში და რის გამოც ამომრჩეველი პატარა პარტიებთან მიდიოდა ხოლმე“, - ამბობს კობა თურმანიძე.

კობა თურმანიძე
კობა თურმანიძე

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილიც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ იძულებულია, დაიბრუნოს თავისი ბუნებრივი ნიშა, რაც, გასაგები მიზეზების გამო, ამომრჩევლებს ართმევს პატარა პარტიებს, რომელთა არსებობა, ვიდრე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ხელს აძლევდა ბიძინა ივანიშვილს.

„იმ პერიოდში, როცა „ქართული ოცნება“ ძლიერად იყო, თუნდაც 2016 წელს, ივანიშვილს ჰქონდა ფუფუნება თვითონ ეთამაშა პოლიტიკური სპექტრის შუაში, გარშემო კი ჰყოლოდა რადიკალური, შავრაზმული, ქსენოფობიური და ჰომოფობიური პრორუსული ჯგუფები, მაგრამ, როცა გაუჭირდა, როცა დაიწყო ლეგიტიმაციის დაკარგვა, იძულებული გახდა დაბრუნებოდა თავის ბუნებრივ ნიშას, ე.წ. ასავალ-დასავლის იდეოლოგიას. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ბუნებრივად შეიწოვა ამ იდეოლოგიის ელექტორატი, რომელიც მანამდე გაფანტული იყო. სინამდვილეში ასეთი ტიპის „შავრაზმული“ ელექტორატი მხოლოდ 3-5 პროცენტი კი არ არის, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ იღებდა ხოლმე, არამედ გაცილებით მეტია. მათი ნაწილი ისედაც იყო „ქართულ ოცნებაში“, ახლა კი თითქმის მთლიანად შეიწოვა“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

რამდენად მობილურია ამომრჩეველი, იოლად იცვლის არჩევანს?

კობა თურმანიძის თქმით, საქართველოში პარტიებისადმი ლოიალურობა ძალიან სუსტია და დამყარებულია არა იმდენად იდეოლოგიაზე, რამდენადაც სიმბოლურ სარგებელზე:

„ყველას უნდა ისეთ პარტიასთან ასოცირდებოდეს, რომელიც გამარჯვებულია. მრავალწლიანი გამოცდილება გვეუბნება, რომ გამარჯვებულ პარტიას პოსტფაქტუმ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე არჩევნებამდე ჰყავდა. მსგავსი მექანიზმი მუშაობს აქაც. ქართველი ამომრჩეველი არ არის პარტიებთან მჭიდრო იდეოლოგიურ ბმაში, ამიტომ მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს პატარა პარტიიდან დიდი პარტიის მხარდამჭერებში გადასვლა მაშინ, როცა დაპირებები, იდეოლოგია და შეხედულებები მსგავსია“.

პრორუსული და სიძულვილის პროპაგანდაზე დაფუძნებული პოლიტიკური ჯგუფების წარუმატებლობა დიდწილად განაპირობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებამ, რამაც თითქმის მთლიანად „გაიწოვა“ ის 2-3%, რასაც ეს ჯგუფები წინა არჩევნებში იღებდნენ, - ამბობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბექა მინდიაშვილი, რომლის თქმითაც, ე.წ. პუტინისტი ექსტრემისტების ადგილი თავად „ქართულმა ოცნებამ“ დაიკავა.

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

„ამაზე მეტყველებს ხელისუფლების მხრიდან ანიტიდასავლურობაზე წინასაარჩევნოდ გაკეთებული აქცენტი: 5 ივლისი და ორჯერ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა, უმცირესობების დაცვაზე ოფიციალურად გამოცხადებული უარი და დემარში ევროკავშირის წინააღმდეგ, მისი გამოსვლა „შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან“. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, სწორედ საპატრიარქოსთან მაქსიმალურ დაახლოებასა და რადიკალების ადგილის დაკავების მცდელობადაც შეიძლება იყო წაკითხული“, - უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საით არის მიმართული ეკლესიის ელექტორალური ძალა?

ბექა მინდიაშვილის თქმით, ამ მხრივ, რეალობა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არსებითად არ შეცვლილა. ეკლესიის მხარდაჭერა, რომელიც წლების განმავლობაში მიმართული იყო მთლიანად ხელისუფლებისკენ, კვლავ გადამწყვეტ თუ არა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მმართველი პარტიის წარმატებაში.

„გავიხსენოთ წინა არჩევნებისას „გარეჯი საქართველოა“-ს სამარცხვინო ერთობლივი სპეცოპერაცია. თუმცა, მომავალში ფარული ჩანაწერების ეფექტი, ალბათ, უფრო გაიზრდება, და ეკლესიის ფაქტორიც შესაბამისად შემცირდება, მაგრამ ახლა ეს ასე ცხადი ადგილობრივი არჩევნებისას არ იყო“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

  • სად წავიდა ვასაძის ელექტორატი?

ლევან ვასაძის პარტიას „ერს“ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ზურაბ ჭიაბერაშვილის ვარაუდით, ამის მიზეზიც ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა ელექტორატის ფრაგმენტაცია.

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ვასაძის თუ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები, ნებისმიერი ასეთი ჯგუფები, ალტ-ინფო, ასავალ-დასავალი და ა.შ. - ყველა ახლა თავმოყრილია ივანიშვილთან. პოლიტიკურად ყოველთვის მასთან იყვნენ, მაგრამ ახლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბაშიც არიან“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურად შეიწოვა ე.წ. შავრაზმული ელექტორატი, ჯამურად, წინა არჩევნებთან შედარებით, მაინც 110 ათასი ხმით ნაკლები მიიღო, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ზრდის არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუმცა, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი „ურბანულ ცენტრებში“ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობს, „ქართულ ოცნებას“ მალე სხვა ელექტორატი არც ეყოლება.

ლევან ვასაძე
ლევან ვასაძე

„ურბანული მოსახლეობა ძალიან შეაშინა იმ სიძულვილმა და ძალადობამ, რაც ივლისის განმავლობაში მთელმა საქართველომ იხილა. სწორედ ამიტომ უთხრა უარი „ქართულ ოცნებას“ თითქმის მთელმა ურბანულმა მოსახლეობამ. ეს ძალიან დიდი ფაქტორი იყო. რაც უფრო მეტად მოხდება „ოცნების“ გაუცხოება პროგრესზე ორიენტირებულ ურბანულ მოსახლეობასთან, მით უფრო მკვეთრად და მკაფიოდ გამოჩნდება მისი შავრაზმული სახე და ის, რომ ვასაძე, „პატრიოტთა ალიანსი“ და მათი ელექტორატი, მთლიანად „ქართული ოცნების“ ელექტორატია“, - უთხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG