Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისია "სისხლიანი ბანერები"? - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 სექტემბერს


ბანერებში დაკარგულები - როცა არავინ არაფერი იცის?

წინასაარჩევნოდ გამოკრულ სიძულვილის შემცველ ბანერებს, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მედიამენეჯერები არიან გამოსახული, სულ მცირე, ორი სავარაუდო ავტორი გაემიჯნა: „ქართული ოცნება“ და კომპანია „ალმა“.

გუშინ რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვია სარეკლამო კომპანია „ალმამ“. მათი პასუხი ზოგადი იყო და მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ბილბორდის შინაარსი მათთვის მიუღებელია, თუმცა ისინი დამკვეთის მოთხოვნებს ყოველთვის ასრულებენ.

კომპანია „ალმა“ ბანერების ავტორად მას მერე მოიაზრებოდა, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თქვა, რომ ბანერებთან დაკავშირებით სწორედ ეს კომპანია იღებდა გადაწყვეტილებას და მისი პარტია არაფერ შუაში იყო.

იდეის ავტორად, მედიაში დასახელდა ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძე. საჯარო რეესტრის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა.

რადიო თავისუფლებამ დაკავშირება სცადა მიხეილ გაბრიაძესთან, თუმცა ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებსა და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. ორი დღის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ მოკლე სატელეფონო კომენტარში კი ადასტურებს, რომ ქალაქებში ბანერების განთავსება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ მისი და მისი მეგობრების იდეა და ინიციატივა იყო.

კომპანია „ალმას“ გუშინ არაფერი უთქვამს კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან დეტალზე - რატომ გადააკრა ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში გაკრულ ბილბორდებს ოპოზიციის საწინააღმდეგო ბეჭდური მასალა. ამ ფაქტით უკმაყოფილო დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე მიმართა წერილობით „ალმას“, რომელთანაც თბილისში 14 ბილბორდის განთავსებაზე ჯერ კიდევ აპრილში გააფორმა ხელშეკრულება ვადით - 31 დეკემბერი.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კალაძის თქმით, სუს-ი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და "თუ საჭიროა", დიპლომატებსაც მოუსმინონ

"ქართული ოცნების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ამბობს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა მოუსმინოს ყველას, ვისი მოსმენაც საჭიროა, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ასე უპასუხა დიდი ალბათობით სუს-იდან გამოჟონილ ჩანაწერებზე მომზადებულ ანგარიშებზე დასმულ კითხვას.

"უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე - აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში... [დიპლომატებსაც] თუ ასეა საჭირო", - თქვა კალაძემ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კობახიძის განცხადებით, გახარია კოკაინს არ მოიხმარდა "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს

ავსტრიაში ნარკოტესტირების ჩატარების მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კვლავ კოკაინის მომხმარებელს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახარია კოკაინს არ მოიხმარდა.

„ეს პრობლემა მას არ ჰქონია, მაშინ, იმ დროისათვის [„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს]. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია, გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი და ა.შ.“

როდესაც ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, არა მარტო ნარკოტიკებთან.

კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანები ძალიან საეჭვო კავშირებთან არიან მხილებულები. როდესაც ნიკა მელიას გამო გადადგები, ამის შემდეგ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გასულ კვირასთან შედარებით მცირედით იკლო საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელმა. ორშაბათის მონაცემებით, გასულ შვიდ დღეში მაჩვენებელმა 6,91% შეადგინა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ვაქცინაციის ტემპის შემცირების შესახებ. ამ ტენდენციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ „საგანგაშოც“ უწოდა.

"ვაქცინაციის ტემპი ბოლო პერიოდში შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კვირა იყო და მეტ ადამიანს ჰქონდა დრო, წასულიყო ვაქცინაციაზე, ასე არ მოხდა - 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის საგანგაშო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება... უფრო მეორე დოზებით მიიღწეოდა ის შედეგი, რაც გვქონდა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პერმის სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი იმსხვერპლა

შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა რუსეთის ქალაქ პერმის ერთ-ერთ სასწავლებელში, საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული, მას შემდეგ, რაც დაკავებისას სამართალდამცველებმა დაჭრეს.

საგამოძიებო კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ 20 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ექვსი ადამიანი, დაიჭრა 28, სანამ თავად თავდამსხმელს ესროდნენ. მანამდე კომიტეტი რვა დაღუპულის შესახებ აცხადებდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში 24 ადამიანია მოთავსებული, მათი მდგომარეობის შესახებ დეტალები არ არის დაკონკრეტებული.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ხმების 48,56%-ით

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ბიულეტენების 95%-ის გადათვლის შედეგად მიღებული შედეგები, რომლის თანახმად, სახელმწიფო დუმის არჩევნებში მმართველ „ერთიან რუსეთს“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 49,63%-მა, კომუნისტურ პარტიას 19,20%-მა და ხმების 7,48% ხვდა წილად ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას. ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს „სამართლიანმა რუსეთმა“ – 7,43% და „ახალმა ადამიანებმა“ - 5,4%.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის გადაამუშავა ბიულეტენების 72,48%, რომლის თანახმად, „ერთიან რუსეთს“ აქვს ხმათა 86,23% (194 მანდატი), რუს კომუნისტებს - 15 მანდატი (6,67%), სამართლიან რუსეთს - 8 მანდატი (3,56%) და ლიბერალ-დემოკრატებს - 1 მანდატი (0,44%).

წაიკითხე მეტი.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად გამოკვლევების დაწყება იგეგმება

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად მალე კვლევები დაიწყება.

„კუნძულს რაც შეეხება, ძალიან მალე ნახავთ, როგორ დავაანონსებთ, როგორ დაიწყება კვლევები და როგორ აშენდება, ისევე როგორც ძალიან ბევრი პროექტი“, - თქვა რიჟვაძემ.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, კვლევების ჩატარება სამომავლოდ თუ იგეგმება, როგორ შეიძლება დარწმუნებით ლაპარაკი პროექტის განხორციელებაზე, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ ის გულისხმობდა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს: „ყველა პროექტის განხორციელების წინ ტარდება ე.წ. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, „Feasibility Study“, როგორც მას უწოდებენ. საკმაოდ კარგი პერსპექტივებია, რომ ეს პროექტი იყოს კომერციულად მიმზიდველი. სახელმწიფო აქ იქნება მხოლოდ კონცენსის გამცემი და კერძო ინვესტიციით მოხდება ამ ყველაფრის აშენება. ამიტომ სახელმწიფო მინიმალურ რისკებს აიღებს საინვესტიციო და ფინანსური თვალსაზრისით“.

წაიკითხე მეტი.

გალელი მოსწავლეები: როგორ ხდება მშობლიური ენა უცხო

გალის რაიონის სკოლები საბოლოოდ გადაჰყავთ რუსულენოვან სწავლებაზე. ცვლილება სხვა დანარჩენებთან ერთად რაიონის ქვედა ზონაში არსებული სკოლების მე-11 კლასელებსაც შეეხოთ, ისინი ბოლოები იყვნენ, ვინც განათლებას დღემდე მშობლიურ ქართულ ენაზე იღებდნენ. მოსწავლეები ამბობენ, რომ დე ფაქტო განათლების სამინისტროს განკარგულება სკოლებში მოულოდნელად მოვიდა, მაშინ როცა სწავლა უკვე დაწყებული იყო.

17 წლის ანასთან (სახელი შეცვლილია) ერთად კლასში 20 ბავშვი სწავლობს. მთელი 10 წლის განმავლობაში ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებდნენ, მაგრამ, როგორც გოგონა ჰყვება, 12 სექტემბერს სკოლის ადმინისტრაციამ დე ფაქტო განათლების სამინისტროსგან ახალი განკარგულება მიიღო, რომლის თანახმადაც ახლა სწავლა რუსულად უნდა გააგრძელონ.

„ამას არავინ ველოდით. დაახლოებით 5 წლის წინ სხვა კლასები რუსულ ენაზე სწავლებაზე გადაიყვანეს, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სკოლის დამთავრებას ქართულად შევძლებდით. ერთი კვირის წინ, სრულიად მოულოდნელად, დირექტორს განათლების სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ბოლო კლასიც უნდა გადაეყვანა რუსულენოვან სწავლებაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის რთულია, მე და ჩემმა თანაკლასელებმა რუსული ისეთ დონეზე არ ვიცით, რომ ყველა საგნის რუსულად სწავლა შევძლოთ. გარდა ენობრივი ბარიერისა, პროგრამული სხვაობაც არის. რუსული და ქართული კლასები სხვადასხვა პროგრამებით სწავლობენ“.

ანას თქმით, ეს ცვლილება მათთვის იმითაც არის რთული, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ჩააბარონ. გოგონა თბილისში სამართლის შესწავლას აპირებს.

წაიკითხე მეტი.

სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წელი ისევ კომპიუტერების მონიტორებთან იწყება. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ხსნის კორონავირუსის დელტა შტამის ფართო გავრცელებით, მათ შორის ბავშვებში. როგორია მშობლების პოზიცია, რა ხარვეზებს ხედავენ ისინი დისტანციურ სწავლებაში? ჩვენი გადაცემის სტუმარია მედეა ტურაშვილი - ორი შვილის დედა. მასაც და მის შვილებსაც კოვიდი უკვე გადატანილი აქვთ.

XS
SM
MD
LG