Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველების ცხედრების ევაკუაციაში მეც ვმონაწილეობდი - ინტერვიუ უკრაინელ მოხალისე მებრძოლთან


ალექსეი ბობროვნიკოვი
ალექსეი ბობროვნიკოვი

18 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი მებრძოლებიდან ორი - დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა. მეორე დღეს გავრცელდა ამბავი მესამე ქართველი მოხალისე მებრძოლის ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებაც.

რადიო თავისუფლება უკრაინელ მოხალისეს დაუკავშირდა, რომელიც დაღუპულ ქართველებთან ერთად იბრძოდა.

ალექსეი ბობროვნიკოვი უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტია. 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომს ის ბრძოლის ველიდან აშუქებდა, დღეს თავადაც იბრძვის იარაღით ხელში.

- ალექსეი, თუ შეიძლება მოგვიყევით, რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მოხალისეები?

- ირპენისთვის ბრძოლაში, ერთ-ერთი მისიის შესრულებისას ჩვენმა ჯგუფმა პირველ შეტაკებაში მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამის შემდეგ მოწინააღმდეგის ძალებმა ჩვენზე კონტრშეტევა ტყვიამფრქვევებით დაიწყო და ტყვიამფრქვევების შედეგად ბატალიონიდან ორი ადამიანი დაგვეღუპა. ერთ-ერთი - დათო რატიანი, მესტიელი სვანი, უკრაინაში საბრძოლველად ჩამოსულ პირველ ჯგუფში იყო, ჩემთან, დათო ქაცარავასა და გიგა რობაქიძესთან ერთად, რომლებიც ჩვენი ბატალიონის ხელმძღვანელები არიან. დათო რატიანი აფეთქების შედეგად მომენტალურად დაიღუპა. ის ფეხში დაჭრილ ფრანგ ჯარისკაცს პუნქტამდე მისვლაში ეხმარებოდა.

ცხედრების ევაკუაციის პროცესში მეც ვმონაწილეობდი. პირველად გია ბერიაშვილი გამოვიყვანეთ ადგილიდან, სადაც ის მძიმედ დაჭრეს. სადღაც ერთი საათის განმავლობაში გია სიცოცხლისთვის იბრძოდა, სუნთქავდა, მაგრამ სანამ შეკრების წერტილამდე მივიყვანეთ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, როდის მოხდება დაღუპული მოხალისეების ცხედრების საქართველოში ჩამოსვენება?

- არა, სამწუხაროდ, გადასვენების თარიღზე ინფორმაციას არ ვფლობ.

- როგორც ფეისბუკის პოსტში გეწერათ, ერთ-ერთ დაღუპულ დავით რატიანს ომამდეც იცნობდით, სად გაიცანით ის?

- დათოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან არსებულ სადემარკაციო ხაზზე, სამეგრელოს პატარა ქალაქ ჯვარში, შევხვდი. აქედან მოყოლებული დათო ჩემო ახლო მეგობარი გახდა. ერთმანეთთან კავშირი შევინარჩუნეთ და ჩვენ მოხალისეთა პირველი ჯგუფი ვიყავით, რომლებიც უკრაინულ ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ამჯერად უკრაინის ანექსიის შესაჩერებლად შევუერთდით. ჩვენს ბატალიონშიც ყველას ძმა იყო. ის ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრიც იყო, რომელსაც დათო ქაცარავა და გიგა რობაქიძე ხელმძღვანელობენ.

- როგორც ვიცით, უკრაინაში ომის დაწყებისას საქართველოში იმყოფებოდით. როგორ ჩახვედით სამშობლოში?

- როცა რუსეთმა ჩემს მშობლიურ ქალაქ კიევზე პირველი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, ნათელი გახდა, რომ საქართველოში ვერ დავრჩებოდით, მაგრამ პირველ დღეს საქართველოდან ვერ გამოვფრინდით, რადგან ჩარტერული რეისი თბილისიდან საქართველოს მთავრობამ შეაჩერა და აფრენის საშუალება არ მისცა. უკრაინაში ჩაფრენა მხოლოდ მესამე დღეს მოვახერხეთ.

რუსეთის აგრესიის მასშტაბი 2008 წელს გავიაზრე, როცა ყოფილ ცოლთან ერთად საქართველოში შვებულებას ვატარებდი, ველოსიპედებით ვსეირნობდით გურიაში. მაშინ ჩვენ ფრონტის ხაზთან ახლოს არ ვყოფილვართ, მაგრამ რუსეთის თავდასხმის ობიექტ საპორტო ქალაქ ფოთთან რამდენიმე კილომეტრში ვიყავით. მაშინ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, ვერ აანალიზებდნენ რუსეთის აგრესიის მასშტაბს. მაშინ უკრაინელების მიდგომაც რუსული აგრესიის წინააღმდეგ შესაბამისი არ იყო. 2008 წლიდან სწორედ ამაზე დავიწყე მუშაობა, უკრაინელებს ვეხმარები გაიგონ, რომ მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ მტერი, ან აგრესიული ქმედებისგან მაინც შევაჩეროთ.

- მოვლენების რა განვითარებას მოელით მომდევნო დღეებისგან?

- ყველა ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესია ფართომასშტაბიანია. ვხედავთ, რომ რუსეთს აზოვის ზღვაზე პროგრესი აქვს, ვხედავთ, რომ მარიუპოლი ალყაშია, ვიცით, რომ კიევის მახლობლად ბევრი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული და ეს ომის შუა ნაწილიც კი არაა, ეს მხოლოდ დასაწყისია.

პუტინს ვერ შეაჩერებ, თუ არ შეებრძოლები. ვერ დაიცავ საქართველოს, შვეიცარიას, ინგლისს, ნიდერლანდს, ესტონეთს, პოლონეთს, აზერბაიჯანს თუ რომელიმე სხვა ქვეყანას ამ კონტინენტზე, თუ ბოლოს, მთელი ძალებით არ დავდგებით ახლა უკრაინის გვერდით ამ სრულმასშტაბიან ომში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. დღეს უკრაინაში ომის 25-ე დღეა.

სამხედრო აგრესიას ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.

პუტინმა უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად ქვეყნის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

რუსული ჯარი უკრაინაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG