Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ "იურეიჟა ვიუში"


ინგლისურიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ, პრაღა ავტორიტეტიანმა ინგლისურენოვანმა საინტერნეტო გამოცემამ, "იურეიჟა ვიუმ", 7 იანვრის გამოშვებაში გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, პარლამენტარ მიხეილ სააკაშვილთან.

შესავალში ნათქვამია, რომ ბევრი ექსპერტი სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ედუარდ შევარდნაძის ერთ-ერთ შესაძლო მემკვიდრედ მიიჩნევს. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ინტერვიუდან.

ჯეფრი სილვერმანი: თქვენი დასავლური ორიენტაცია მითქმა-მოთქმას იწვევს. ზოგი "დასავლეთის მარიონეტადაც" კი მოგიხსენიებთ.

მიხეილ სააკაშვილი: საქმე ეხება არა ორიენტაციას არამედ ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, შემწყნარებლობა, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა. მთავარია, ჩვენში ეს ძირითადი ფასეულობები დავამკვიდროთ, ნიადაგი შევამზადოთ გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით მხარში გვიდგანან. იმისთვის, რათა სწორ გზას არ ავცდეთ, დასავლეთმა საქართველოზე ზეწოლა უნდა მოახდინოს: ქვეყანაში იზრდება ორგანიზებული დანაშაულის მასშტაბი, ფულის რეცხვით დაწყებული და ნარკოტიკებით ვაჭრობით დამთავრებული. გამორიცხული არ არის, დასავლეთმა ამ პრობლემაზე სათანადო რეაქციის მოხდენა დააგვიანოს. რაღაც უნდა ვიღონოთ, სანამ პროცესი უმართავი გამხდარა. დასავლურ ორიენტაციაზე ჩვენი პოლიტიკური ლიდერებიც საუბრობენ, მათ შორის, შევარდნაძეც. მაგრამ ურთიერთგაგება წყდება, როგორც კი ხელისუფლებას ეუბნებიან, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოსო, ეკონომიკური შესაძლებლობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოსო. თანასწორობისა და ძირითადი ფასეულობების არსებობა მნიშვნელოვანია დემოკრატიის დასამკვიდრებლად, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. (...)

სილვერმანი: დასავლეთი შევარდნაძით დღესაც კმაყოფილია?

სააკაშვილი: დასავლეთი დაინტერესებულია და კმაყოფილია იმით, რასაც საქართველოში მეტ-ნაკლებად სტაბილური პოლიტიკური ვითარება ჰქვია. ყველაზე ნაკლებად მას ქაოსის ხილვა და იმის დანახვა სურს, რომ მთელმა მისმა ძალისხმევამ და დახმარებამ ფუჭად ჩაიარა. შევარდნაძემ ეს კარგად იცის და სიტუაციას თავისთვის სასარგებლოდ იყენებს, აცხადებს რა, რომ იგი ყველასთვის მისაღებია: მათ შორის, დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც; და რომ თუ ის გადადგა, ქვეყანას მაშინვე ქაოსი მოიცავს და ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

სილვერმანი: რას იტყვით კახა თარგამაძეზე? (...) რჩება თუ არა იგი პოლიტიკურად ანგარიშგასაწევ ფიგურად?

სააკაშვილი: თარგამაძეს ბევრი ფული აქვს და სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებში დღემდე დიდი გავლენით სარგებლობს. ამ კავშირების მოშლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. კიდევ მეტი დრო გავა, ვიდრე ის და მისი თანამზრახველები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. ამას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს, შესაძლოა, ეს არც არასოდეს მოხდეს. (...)

სილვერმანი: მართალია, რომ თარგამაძეს თქვენი და პარლამენტის ყოფილი სპიკერის ზურაბ ჟვანიას დაპატიმრების გეგმა ჰქონდა?

სააკაშვილი: მხოლოდ "რუსთავი-2"-ის გარშემო, სტუდენტების მიერ მოწყობილმა საპროტესტო აქციამ და ამ გეგმისადმი თავდაცვის მინისტრის, დავით თევზაძის, უარყოფითმა პოზიციამ ჩაშალა მათი ზრახვები. (...) თავდაცვის მინისტრი, შესაძლოა, დიდი გაქანებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ პატიოსანი კაცი მაინც არის. (...)

სილვერმანი: რა კომენტარს გაუკეთებდით საქართველოს როლს ნარკოტიკების კონტრაბანდის ბიზნესში?

სააკაშვილი: ნარკოტიკების წყარო სათავეს ავღანეთში იღებს, უწინარესად იმ რეგიონში, რომელსაც, თალიბანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, "ჩრდილოეთის ალიანსი" აკონტროლებდა. შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შესაძლოა, არც ესიამოვნოთ ამის მოსმენა, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, თალიბანის ძალების დამარცხების შემდეგ ეს ბიზნესი საქართველოში უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს. (...) საქართველოში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება საუცხოო პირობებს ქმნის ნარკობიზნესის შეუფერხებელი განვითარებისთვის. ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ჩვენ იდეალური სიტუაცია შევქმენით, თუ გავითვალისწინებთ უკონტროლო ტერიტორიების არსებობასა და სტრატეგიული თვალსაზრისით ჩვენს ხელსაყრელ მდებარეობას. ჩვენ პირდაპირი გასასვლელი გვაქვს ზღვაზე და, შესაბამისად, უმოკლესი გზები გვაკავშირებს დასავლეთთან. დასავლეთი ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი ამბების მოგვარებით არის დაკავებული და ნარკოტიკების საკითხს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. ეს შეცდომაა.

სილვერმანი: საიდან იღებთ ინფორმაციას ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ? რა წყაროებით სარგებლობთ? (...)

სააკაშვილი: წყარო ბევრი მაქვს, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ დავასახელებ. ადამიანის სიცოცხლე საქართველოში და, განსაკუთრებით, პანკისის ხეობაში, არაფერს ნიშნავს. ვინმეს გვარი რომ დაგისახელოთ, იმ ადამიანს მაშინვე მოკლავენ ან, კიდევ უარესი, მიზანში ამოიღებენ მისი ოჯახის წევრებს.

სილვერმანი: როგორია თქვენი აზრი საქართველოში პრესის თავისუფლების შესახებ?

სააკაშვილი: რუსეთთან და უკრაინასთან შედარებით, ჩვენ შედარებით თავისუფალი ვართ: სუნთქვისთვის რაღაც სივრცე ჯერ კიდევ არსებობს. უფრო მნიშვნელოვანია შეკითხვა, რამდენ ხანს გასტანს ეს? არსებობს არაერთი ძალა, რომელსაც პრესის თავისუფლების მოსპობა სურს. (...) ასეთ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ პრესას და ჭეშმარიტად დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

სილვერმანი: იქნებ, კომენტარი გაუკეთოთ შესაძლო გარიგებებს შევარდნაძესა და ბადრი პატარკაციშვილს შორის. (...)

სააკაშვილი: ეს კავშირები იმდენად ეკონომიკური ხასიათისა არ არის, რამდენადაც პოლიტიკურად მოტივირებულია. შევარდნაძეს სჭირდება ვინმე, ვინც მას პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი ცდილობს, მონოპოლიზება გაუკეთოს არა მარტო ბიზნესს, არამედ პოლიტიკურ სტრუქტურებსაც. ისინი ამბობენ: დიახ, შევარდნაძე უნდა შეიცვალოსო. მაგრამ სინამდვილეში ისინი სასახლის გადატრიალებისმაგვარ რამეს ესწრაფიან: რაღაც შუააზიური მოდელის მსგავსს. მაგრამ მეორე მხრივ, შევარდნაძეს დანებება არ სურს, იგი ბოლომდე ეცდება, ძალაუფლება შეინარჩუნოს. (…)
XS
SM
MD
LG