Accessibility links

ახალი ამბები

ისრაელის რადიოს ცნობით, ისრაელის მთავრობა

ისრაელის რადიოს ცნობით, ისრაელის მთავრობა კვირას განიხილავს საგანგებო სხდომაზე საკითხს იმის თაობაზე, რომ მოხსნილ იქნეს ქალაქ რამალაჰის ალყა,

ისრაელის რადიოს ცნობით, ისრაელის მთავრობა კვირას განიხილავს საგანგებო სხდომაზე საკითხს იმის თაობაზე, რომ მოხსნილ იქნეს ქალაქ რამალაჰის ალყა,
სადაც პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი, ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფება. ცნობაში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები: ბინიამინ ბენ ელიეზერი და შიმონ პერესი აცხადებენ, რომ არაფატმა შეასრულა ისრაელის მოთხოვნები და ალყის მოხსნას მოითხოვენ. არაფატის ბრძანებით ისრაელის ტურიზმის მინისტრის რეხავემ ზეევის მკვლელები, აგრეთვე პალესტინელთა ტერიტორიებზე იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის მცდელობის ორგანიზატორები დააპატიმრეს. მაგრამ, ისრაელის მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ მისი პარტია გავა სამთავრობო კოალიციდან, თუ არაფატს რამალაჰიდან წასვლის შესაძლებლობა მიეცემა.

ყველა ახალი ამბავი

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ლიდერებს ესაუბრა რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჩამოვიდა „ძალიან ტექნიკურ დონეზე“, რის გამოც „დადგა დრო“, რომ საქართველოს პარტნიორებმა გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები.

„გვინდა, ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად ჩაერთონ დიალოგში, რუსეთს და რაღაცნაირად გააგებინონ, რომ საჭიროა პოზიციები შეიცვალოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გერმანიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

„გერმანია და საფრანგეთი არის ის ორი ქვეყანა, რომლებიც დღეს ევროპისა და ევროკავშირის ძრავას წარმოადგენენ და ჩვენ ეს ორი ქვეყანა გვყავს, როგორც ძალიან ძლიერი მეგობრები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიამდე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს უმრავლესობის რიგების დატოვებას

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი, აცხადებს, რომ თუ ყველა მისი კოლეგა იზიარებს აკაკი ზოიძის მოსაზრებას, მაშინ მას უმრავლესობა დატოვებული აქვს.

„7 წელია, ხელისუფლება შეიცვალა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ძირეულად ვერაფერი შევცვალეთ, გარდა ჯანდაცვის რეფორმისა და ისიც საბოლოო ჯამში, ახლა მიზნობრივი გავხადეთ. საყოველთაო ხასიათი, რაც ჯანდაცვის რეფორმას ჰქონდა, ისიც დავუკარგეთ და საპენსიო რეფორმა იძლევა, უნიკალურ შანსს, რომ ის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად გადავიაზროთ“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას, რომელიც დაგროვებით საპენსიო რეფორმას ეხება,პარლამენტი 21 თებერვალს განიხილავს. როგორც გასულ დღეებში ნაცვლიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ის "ქართულ ოცნებას" დატოვებს. როგორც ცნობილია ინიციატივას არ ექნება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. სავარაუდოდ, მსგავს პოზიციაზეა მმართველი პარტიის დეპუტატთა უმეტესობაც.

მანამდე საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი საპენსიო რეფორმა იქნება ქვეყანაში, ვიდრე - დატოვებს თუ არა ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას.

პეტრო პოროშენკო: რუსეთი ემზადება ყირიმში ბირთვული იარაღის განთავსებისათვის

რუსეთი ცდილობს გადააქციოს ანექსირებული ყირიმი თავისი რაკეტების სასტარტო მოედნად, - ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს. პოროშენკოს თქმით, ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე იმყოფება კერძოდ 32,5 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე და 50-ერთეულზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი.

„უკრაინა რეალურად გადაიქცა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგად ტრანსატლანტიკური თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის საქმეში“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ გაეროში.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვმა უკვე მოაწყო ინფრასტრუქტურა ბირთვული იარაღის განსათავსებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება, ჩამოერთვას რუსეთს სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოში, უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებების პასუხად.

რუსეთი იმყოფება დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციების ქვეშ 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისთვის, რომლის შედეგად 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

შსს: პარამკლავჭიდელთა დარბაზში ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკლავჭიდის ფედერაციის დარბაზიდან სავარჯიშო ინვენტარის ქურდობის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შეიტყო.

„სამართალდამცავები დარბაზში ინფორმაციის მიღებისთანავე მივიდნენ, მაგრამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმე არ აღძრულა. ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა. არც კარი იყო გატეხილი. გასაღებით გაეღოთ და გაეტანათ ინვენტარი, რომელიც საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის კუთვნილებაა“ - გვითხრეს შსს-ში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა დღეს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დარბაზის კარი გატეხილი იყო, ინვენტარი კი მოპარული და როგორც მას აცნობეს, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი. გურჩიანისვე სიტყვებით, მოგვიანებით, მას უკვე აცნობეს, რომ ვიდეოკადრებით დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იყო.

კომენტარი სოსო ჯაჭვლიანმაც გააკეთა - თქვა, რომ ერეკლე გურჩიანის ბრალდება ცილისწამება იყო. საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გენადი კვიკვინიას განცხადებით კი ინვენტარი ფედერაციის ბალანსზეა და საქართველოს ნაკრების წევრებმა გადაიტანეს ერთი დარბაზიდან მეორეში, ოღონდ კარი კი არ გაუტეხავთ, გასაღებით გააღეს.

მაია ცქიტიშვილი: მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ანაკლიის პორტის კონსორციუმის მხრიდან ხელშეკრულების გარკვეული პირობების დარღვევაზე ისაუბრა.

„საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ... ათ კომპანიაზე მეტი გახლდათ და ბოლოს გამარჯვებულად გამოვლენილი იყო ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. საქართველოს მთავრობა უშუალოდ არის დაინტერესებული ამ პროექტით. საფრთხე პროექტს არ ემუქრება საქართველოს მთავრობისგან, ახლა მთავარია უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც აღებული აქვს სახელმწიფოს წინაშე. თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ პორტი არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საკუთრებაში და ის უნდა აეშენებინა და ემართა კერძო სუბიექტს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონოდა გამოცდილება ან ჰყოლოდა პარტნიორები, ვისაც ჰქონდა გამოცდილება პორტის მართვის, ვინაიდან პორტმა უნდა შეძლოს და მოიზიდოს ახალი ტვირთები და ჩვენი გეოგრაფიული არეალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა მინისტრმა.

მაია ქციტიშვილის თქმით, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პორტისთვის უნდა გამოეყო მიწა და არ უნდა აეღო ფინანსური ვალდებულება, გარდა გზის დაგებისა და რკინიგზის მოწესრიგებისა. „ხელისუფლებას არ ჰქონდა არც სურვილი და არც გეგმა, რომ ფინანსური მონაწილეობა მიეღო პროცესში. მაგრამ მას შემდეგ, რაც კონსორციუმმა მოგვმართა თხოვნით, რომ პროექტი იყო ძალიან რთული მხოლოდ ერთი კომპანიისთვის, საპარტნიორო ფონდმა გამოყო 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხი. სულ პორტისთვის საჭიროა 600 მილიონი დოლარი. 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია თავად კონსორციუმს უნდა მოეხდინა და მოეზიდა 400 მილიონი სესხის სახით. ეს თანხა მობილიზებული უნდა ყოფილიყო 2018 წლის პირველი იანვრისთვის. თუმცა, ვერ მოხდა და ამიტომაც ჩვენ გადავუვადეთ 2019 წლის პირველი იანვრისთვის. ამ დროისთვის უნდა დაწყებულიყო პორტის აქტიური მშენებლობა. ჩვენ დღესაც არ გვაქვს სრული საპროექტო დოკუმენტაცია“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა საკუთარი ძალებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე თუ სტრატეგიულ პარტნიორთან ხაზს უსვამს პორტის მნიშვნელობას და ცდილობს კონსორციუმს დაეხმაროს სესხის მოპოვებაში.

,,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და შესწავლის შემდეგ მოგვაწოდეს პირობა, რომ განხორციელდეს ცვლილება ხელშეკრულების პირობებში. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მთავრობისგან ითხოვენ ტვირთების გარანტიას ანუ სესხების უზრუნველყოფას მთავრობის მხრიდან, რაც არ იყო ჩვენს თავდაპირველ ხელშეკრულებაში კონსორციუმთან ჩადებული. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ოთხივე საფინანსო ინსტიტუტთან, რომ მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში და დავეხმაროთ კონსორციუმს თანხების მოძიებაში, თუმცა უნდა მისცეს თუ არა სრული საფინანსო გარანტია სახელმწიფომ სესხის აღების პროცესში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ამაზე ალბათ მომავალშიც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

TBC--ის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ზოგადად მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შეიკავებდა, აღნიშნულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროდ მიგვაჩნია, საჯარო განცხადება გავაკეთოთ,- ნათქვამია განცახდებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი.

„TBC ბანკი“, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ, 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია. უფრო მეტიც, „თიბისი ბანკი“ საქართველოსა და რეგიონის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ ftse 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოსთვის წარმატების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის ქმედება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ის თავს არიდებს მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც „თიბისის“ აქციონერებისგან სრული პროცედურის გარეშე მოითხოვს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს „თიბისი ბანკის“ უმაღლესი მენეჯმენტის უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით სასამართლოში გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება.

პალატა ასევე აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლსა და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილებებს, გამოიძიონ ყველა შესაძლო კანონდარღვევის შემთხვევა. ამ მიმართულებით ჩვენ მივესალმებით „თიბისი ბანკის“ შეთავაზებას სრული გამჭვირვალობის მიზნით ყველა შესაბამისი დოკუმენტის მიწოდების მზადყოფნის შესახებ, ასევე სრულად ვუჭერთ მხარს სამთავრობო ან სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას, რათა დაჩქარდეს საგამოძიებო პროცესი.

რაც მთავარია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ დროული, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოსავლის ძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე საჯარო დავა შეუქცევად ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და მომავალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, – ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი აწერს ხელს.

დონალდ ტრმაპმა ხელი მოაწერა განკარგულებას კოსმოსური ძალების შექმნის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ახალი სახეობის - კოსმოსური ძალების- შექმნის შესახებ, შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად და კოსმოსში ქვეყნის ნაციონალური ინტერესების დცვის მიზნით.

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მიერ წინა კვირაში გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად ქვეყნის მთავარ პოტენციურ მოწინააღმდეგეებად დასახლებულია ჩინეთი და რუსეთი. ისინი, სააგენტოს მტკიცებით, რიგ ნაბიჯებს დგამენ კოსმოსში აშშ-თან საბრძოლველად - ენერგეტიკული იარაღის, შეიარაღებული თანამგზავრების და სათვალთვალო ქსელების შექმნის სახით.

კოსმოსური ძალების შექმნის შესახებ დონალდ ტრამპმა პირველად განაცხადა 2018 წელს და პირობა დადო, რომ ამ მიზნისათვის გაზრდიდა თავდაცვის ბიუჯეტს. გასული წლის ივნისში ტრამპმა გასცა განკარგულება აშშ-ის კოსმოსური ძალების შექმნის შესახებ 2020 წლისათვის. ამერიკის დასაცავად „აუცილებელია უპირატესობა კოსმოსში“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, კოსმოსური ძალების შექმნის კანონპროექტი უახლოეს ხანში შევა აშშ-ის კონგრესში.

პარამკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანი ქურდობაში დაადანაშაულა

სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, დარბაზის კარის შემტვრევის ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს ქურდობაში სდებს ბრალს.

ერეკლე გურჩიანის განცხადებით, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე პარალიმპიელთა სავარჯიშო დარბაზი გაქურდეს და დარბაზიდან ნივთები ჯაჭვლიანმა წაიღო, რაც სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

„20 თებერვალს, დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ დარბაზიდან ინვენტარია წაღებული და ამ ამბავში სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია. სწორედ ის მოსულა თანმხლებ პირებთან ერთად, გატეხეს კარი და გაიტანეს ინვენტარი. თავად მე ვიდეოთვალის ჩანაწერი არ მინახავს. სხვებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ კადრებში ჯაჭვლიანიც ჩანდა... მაგრამ ახლა მეუბნებიან, რომ ვიდეოთვალს ტექნიკური პრობლემა აქვს და კადრებით დასკვნის გაკეთება შეუძლებელია", - უთხრა ერეკლე გურჩიანმა რადიო თავისუფლებას.

სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, გურჩიანის მიერ გაჟღერებული ბრალდება ცილისწამებაა და დარბაზის კარის შემტვრევის ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გენადი კვიკვინიამ კი თქვა, რომ, ინვენტარი, რომელზეც გურჩიანი საუბრობს, სინამდვილეში ფედერაციის ბალანსზეა. თავის დროზე, ფედერაციამ ნაკრებს გადასცა და ახლა ეს ინვენტარი ერთი დარბაზიდან მეორეში გადაიტანეს, ოღონდ კარი გასაღებით გააღეს და არ შეუმტვრევიათ.

ეკა ბესელია: ვერავინ გამრიცხავს. ასეთი საუბრის უფლება არავის აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დეპუტატ ეკა ბესელიაე განცხადებით, არავის აქვს უფლება მასთან ასე საუბრის - „გაგრიცხავ და ა.შ“

კომენტარი ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა. მას ჰკითხეს შესაძლოა თუ არა მისი გუნდიდან გარიცხვა.

ეკა ბესელიას თქმით, მას ამ ტონით გუნდში არავინ ელაპარაკება და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

„მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემთან ასეთი საუბარი: გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს. მე არ მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ“

ეკა ბესელიას განცხადებით შემდგომ გადაწყვეტილებებსაც თავად მიიღებს.

„ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ ყველა გადაწყვეტილება ეკა ბესელიას მიუღია და სხვისი არავისი", - უპასუხა მან მედიის წარმომადგენლებს.

ეკა ბესელიას თქმით, ხვალინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და ეს დამოკიდებულია იმაზე, მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

პუტინი იმუქრება, რომ რუსეთი რაკეტებს დაუმიზნებს ვაშინგტონს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ვაშინგტონი საშუალო სიშორის რაკეტებს განათავსებს ევროპაში, მაშინ მოსკოვი მიზანში ამოიღებს არა მხოლოდ ამერიკული რაკეტების მასპინძელ ქვეყნებს არამედ საკუთრივ აშშ-ს. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა 20 თებერვალს ისაუბრა ფედერალური კრებისადმი - რუსეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების დეპუტატების წინაშე, ყოველწლიური მიმართვით გამოსვლის დროს.

„დაე აშშ-ში დათვალონ ჩვენი შეიარაღებული სისტემების სისწრაფე და სიშორე. მოდი ჯერ დათვალონ და შემდეგ გადაწყვეტონ დამუქრება ვენქვეყნის მისამართით“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომლის აზრით, აშშ-ი ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, ხოლო რუსეთი არ არის დაინტერესებული აშშ-თან კონფრონტაციით და მშვიდობას ესწრაფვის.

ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მალე არმია შეიარაღებაში მიიღებს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს „სარმატს“, ჰიპერზებგერით კომპლექს „ავანგარდს“, ლაზერულ კომპლექს „პერესვეტსა“ და საზღვაო კომპლექს „პოსეიდონს“.

პუტინის წლევანდელი მიმართვის ფონია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ბოლო 13 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის სარეკორდოდ დაბალი ნდობა. კრემლთან დაახლოებული კვლევითი კომპანიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ყველა ხუთი გამოკითხულიდან ერთი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. რუსეთი კვლავ იმყოფება მკაცრი ეკონომიკური სანქციების ქვეშ 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისთვის, რომლის შედეგად 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული აფეთქების შედეგად აღმოსავლეთით მდებარე ლაგმანის პროვინციაში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ თალიბები რეგულარულად აწყობენ იერიშებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგ.

ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ავღანეთში გაეროს მხარდამჭერი მისიის (UNAMA) თანახმად, 2018 წლის იანვრიდან სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში მომხდარი განუკითხავი თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2800 და დაიჭრა 5200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

8 მარტს გაიმართება ქალების მსვლელობა სლოგანით „არ არსებობს უმუშევარი ქალი“

„არ არსებობს უმუშევარი ქალი“ - ამ სლოგანით გაიმართება 8 მარტს მსვლელობა, რომლის ორგანიზატორიც არიან „სოლიდარობის ქსელი“ და „ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი“ (EMC).

ქალთა დაცვის საერთაშორისო დღეს ისინი გამოაქვეყნებენ მანიფესტს,რომელშიც ლაპარაკია ქალების უხილავ შრომაზე.

სამსახურში 40 საათზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, ქალებს სახლში "მეორე ცვლა" ელოდებათ. მსვლელობის ორგანიზატორთა თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირებაა.

"გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის "ბუნებრივ" მოვალეობად ითვლება, როგორიცაა: დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვირთის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების გათენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელია, ვიდრე პრივილეგია და შეღავათი", - წერენ მსვლელობის ორგანიზატორები.

მათივე განცხადებით, ქალები ითხოვენ დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ: „ქალებმა უკვე გამოაცხადეს გაფიცვა და აღარ აჩენენ ბავშვებს, რადგან კაბალურ პირობებში ცხოვრობენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც ჰქონდეთ. ასევე ორ წლამდე გაიზარდოს დეკრეტული შვებულება და საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების მიღება ექვსი თვიდან ორ წლამდე იყოს“.

"8 მარტს გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ვიცით რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა", - წერია მსვლელობის ორგანიზატორთა განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში:

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს. გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.

საპატრიარქო: ითქვა, რომ უკრაინაში ტომოსის გადაცემის შემდეგ ხშირია კონფლიქტი

20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. მიღებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი პოზიციის საქართველოს საპატრიარქოსთვის გაცნობა:

„ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით თანახმადვე, ილია მეორემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო.

საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს. სხდომის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა სხდომა, სავარაუდოდ, სააღდგომოდ გაიმართება.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 6 იანვარს მოიპოვა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა მოხდა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.

ემზარ კვიციანი „მსუყე თანხას“ ეძებს შეყვარებულთა აღსარიცხად

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატს ემზარ კვიციანს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მსუყე თანხას ჩარიცხავს შეყვარებულთა აღმრიცხავ ცენტში. რომელიც ემზარ კვიციანმა რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.

„6 დღეა რაც დარეგისტრირდა, მაგრამ ანგარიში 2 დღეა რაც გაიხსნა. ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, მხედველობაში მაქვს ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომელთა თხოვნითაც შეიქმნა, სხვათაშორის, ეს ცენტრი და ვნახოთ რა იქნება მომავალში. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ, ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და არის ქართველი ხალხის გვერდით ამდენი წელიწადია, ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი შეყვარებულთა აღმრიცხავი ცენტრი საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. ცენტრის სახელწოდებაა "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი"

ქუთაისის ცენტრში საჯარო სივრცეების შშმ პირებისთვის ადაპტირება იგეგმება

ქუთაისის ცენტრალურ უბანში საჯარო სივრცეების შშმ პირებისთვის ადაპტირება იგეგმება.

ქუთაისის ცენტრში, იქ, სადაც ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობაა განთავსებული, მომავალი კვირიდან დაიწყება შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა და რუკაზე დატანა.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გარემოს ადაპტირებისათვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 2019 წლის ბოლომდე კი უნდა მოხდეს ქუთაისის მერიის შენობის, შშმ პირების ხელმისაწვდომობისთვის სრული ადაპტაცია.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.

ნატო ჩხეიძე: ქალისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო მძიმე ტვირთია

"მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში, ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალზე, როგორიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის და გგულშემატკივრობთ კიდეც, როგორც ქალს ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში”, – მიმართა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატები მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

საპარლამენტო უმცირესობამ "თიბისის" დამფუძნებელს კომიტეტის სხდომაზე დასწრება შესთავაზა

დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის და ოპოზციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა, დაესწროს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომას, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა მოუსმინონ.

„26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკურის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მობრძანდება. ჩვენ ვთავაზობთ ‘’თიბისი ბანკის’’ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მოვიდეს ამ სხდომაზე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად კომიტეტის ფორმატში ღიად და საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით და საზოგადოებისთვის გასაგებად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ, რა პროცესს აქვს ადგილი, ვინ არის დაინტერესებული და რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებასა და მომავალზე“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ

მისი თქმით, პარლამენტი ვალდებულია ჩაერთოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი საკითხის განხილვაში და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება იმ ბანკთან მიმართებით, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ანაბრები, სახელფასო ანგარიშები და ზოგადად, ფინანსური სტაბულურობა.

26 თებერვალს, 12 საათზე დანიშნულია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უნდა წარმოადგინოს მოხსენება, ჭარბვალიანობის შესამცირებლად ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალ წესებზე და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე.

14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისათვის.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს არალეგალური შემოსავლების ლეგალიზების მუხლით უკვე თვეებია იძიებს საქართველოს პროკურატურა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და სახელმწიფოსთან სამართლებრივი დავა წამოიწყეს.

პუტინი: ყირიმთან დამაკავშირებელი რკინიგზა მიმდინარე წელს ამუშავდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი რკინიგზა მიმდინარე წელს ამოქმედდება.

რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსირება უკრაინისგან. რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაეკისრა ყირიმის ანექსირების და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო ომში, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე გამოსვლაში, პუტინმა განაცხადა, "ჩვენი რაკეტები აშშ-ს ამოიღებს მიზანში და არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მათი რაკეტები იქნება განთავსებული".

წელს პუტინმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკაზე და გამოვიდა ახალი ზომების გატარების მოწოდებით რუსეთის ოჯახების დასახმარებლად, იმ ფონზე, როცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ პუტინის რეიტინგი თითქმის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა, მოსახლეობაში ეკონომიკური სირთულეების ფონზე.

პარლამენტში გამოსვლისას პუტინმა თქვა, ქვეყანას ახლა შეუძლია "კოლოსალური" რესურსები ჩადოს საკუთარ განვითარებაში, მათ შორის ფული, რომელიც "გამომუშავებულია და არა ნასესხებიო". პუტინი რუსებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ერთი წლის ვადაში დაპირდა.

ახლახან ჩატარებული გამოკითხვით, პუტინის რეიტინგი 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კრემლთან დაკავშირებული ინსტიტუტის გამოკვლევის მიხედვით, ხუთიდან ერთზე მეტი რუსი სიღარიბეში ცხოვრობს.

როჰანი: ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მაქსიმალურია

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 20 თებერვალს განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა ამჟამად მაქსიმალურია, და ეს ვითარება იშვიათია ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ, ანტაგონისტურ ურთიერთობაში.

კავშირები აშშ-სა და ირანს შორის - რომლებიც ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაპირისპირებული არიან - განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც მაისში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეთიშა 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებას და ირანს დაუბრუნა ამ ხელშეკრულებით მოხსნილი სანქციები.

ტრამპი აცხადებდა, რომ ხელშეკრულება ნაკლოვანი იყო, რადგან არ შეიცავდა შეზღუდვას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების განვითარებაზე, ან სირიაში, იემენში, ლიბანში და ერაყში თავისი მოკავშირე ძალების მხარდაჭერაზე.

"ირანსა და ამერიკას შორის ბრძოლა ამჟამად მის მაქსიმუმზეა. ამერიკამ მთელი მისი ძალა მომართა ჩვენს წინააღმდეგ" - როჰანის მიერ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე წარმოთქმულ ამ სიტყვებს ავრცელებს სახელმწიფო მაუწყებელი IRIB-ი.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა გრაფიკის წარმოდგენით უპასუხა თანხების აუთვისებლობის ბრალდებას

მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს უჩვენა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის თანხების ათვისების გრაფიკი.

ცქიტიშვილის განმარტებით, ეს გააკეთა გასული წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ სამინისტრო ბიუჯეტის თანხებს ვერ ითვისებს და პროექტებს ვერ ახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, 2009 წლიდან მზარდია ფაქტობრივად ათვისებული თანხების დინამიკა. მაია ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენლილი გრაფიკით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, პირველად იყო 40%-მდე ზრდა, მომდევნო წლების მაჩვენებელი კი 20%-ია. მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს დაიხარჯა მილიარდ 662 მილიონი ლარი.

კახა კალაძე: თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში კრიტიკულ ზღვარს აღწევს სატრანსპორტო საშუალებებით ჰაერის დაბინძურება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განსაკუთრებულად პრიორიტეტულ საკითხებს შორის დაასახელა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია. მერის ინფორმაციით, 6-7 პროცენტით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობაც.

კალაძის განცხადებით, პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია, თუმცა, არსებული რესურსით და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სატრანსპორტო პოლიტიკით პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება.

კახა კალაძის განმარტებით, ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს ქალაქში ნაკლებ ავტომამანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მერის ინფორმაციით, თბილისის მთავრობის სურვილია 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად შეცვალოს „ყვითელი ავტობუსების“ პარკი და დამატებით შეიძინოს ახალი, თანამედროვე, კომფორტული და სწრაფი ავტობუსები

"თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში" - განაცხადა თბილისის მერმა.

ივლისიდან თბილისში პარკინგისთვის საათობრივი გადასახადი დაწესდება

პირველი ივლისიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე პარკინგისთვის საათობრივი გადასახადი დაწესდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

„ამ ინსტრუმენტით შესაძლებლობა გვექნება დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი. ეს მოდელი დიდი ხანია დანერგილია ევროპის ყველა განვითარებულ და განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში“.

კახა კალაძის თქმით, თბილისის საკრებულოს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება პროექტი თბილისში ზონალური, საათობრივი პარკირების წესების დამტკიცების შესახებ:

„წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება არის კოტე აფხაზის ქუჩა და ასევე მიმდებარე ქუჩები. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას სხვა არეალებზეც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, ზონალური პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4-ჯერ 15-წუთიანი პარკირებით.

პარკირების საფასური არ შეეხება:შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; ელექტროძრავიან ავტომობილებს; ტაქსებს, რომელთათვის გამოყოფილია საპარკინგე ადგილები.

საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით ან ქუჩაში დამონტაჟებული აპარატებით.

პუტინი აცხადებს რიგითი რუსების დასახმარებელ გეგმებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ახალი ზომების გატარების მოწოდებით რუსეთის ოჯახების დასახმარებლად, იმ ფონზე, როცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ პუტინის რეიტინგი თითქმის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა, მოსახლეობაში ეკონომიკური სირთულეების ფონზე.

20 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლაში პუტინმა თქვა, ქვეყანას ახლა შეუძლია "კოლოსალური" რესურსები ჩადოს საკუთარ განვითარებაში, მათ შორის ფული, რომელიც "გამომუშავებულია და არა ნასესხებიო". პუტინი რუსებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ერთი წლის ვადაში დაპირდა.

ახლახან ჩატარებული გამოკითხვით, პუტინის რეიტინგი 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კრემლთან დაკავშირებული ინსტიტუტის გამოკვლევის მიხედვით, ხუთიდან ერთზე მეტი რუსი სიღარიბეში ცხოვრობს.

წარმომადგენელთა პალატა იძიებს აშშ-ის ბირთვულ გეგმებს საუდის არაბეთში

კონგრესის ახალი ანგარიშის თანახმად, თეთრი სახლის მაღალჩინოსნები მხარს უჭერენ გეგმას საუდის არაბეთთან ატომური ენერგიის ტექნოლოგიაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ, მიუხედავად წინააღმდეგობისა ეთიკის და ეროვნული უშიშროების სფეროთა წარმომადგენლების მხრიდან.

ანგარიში, რომელიც დემოკრატთა ხელმძღვანელობით მოქმედმა, მეთვალყურეობის და რეფორმის კომიტეტმა შეადგინა, ეყრდნობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით მომუშავე წყაროებს და დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს კომუნიკაციას ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ბირთვული ენერგიის კომპანიებს შორის.

ანგარიშის თანახმად, გამოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ადმინისტრაციის მცდელობა აშშ-ის ბირთვული ტექნოლოგია საუდის არაბეთში გადაიტანოს, გრძელდება. კომიტეტმა გამოძიება 19 თებერვალს დაიწყო, ადმინისტრაციის შიგნით მოქმედი წყაროების მიერ გავრცელებულ ცნობებზე, რომ ისინი თეთრ სახლში შეესწრნენ "არანორმალურ აქტებს", საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ათობით ბირთვული რეაქტორის აშენების გეგმებთან დაკავშირებით. კომიტეტმა თეთრ სახლს მოსთხოვა დოკუმენტები, მათ შორის ისინი, რომლებიც ასახავს ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ორ თვეში შემდგარ შეხვედრას ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერსა და საუდის არაბეთის მუჰამედ ბინ სალმანს შორის, რომელიც მოგვიანებით ტახტის მემკვიდრე გახდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG