Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრომ ელექტრონული მედიის კანონპროექტი შეიმუშავა


ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის იყო პირობა ელექტრონული პრესის მარეგულირებელი კანონის მიღების შესახებ.

კანონპროექტი ელექტრონული მედიის შესახებ იუსტიციის სამინისტროში ევროსაბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და 27 მაისს შემდგომი განხილვისათვის საზოგადოებას წარედგინა. კანონპროექტში რამდენიმე ისეთი მუხლია, რომელიც შეიძლება ელექტრონული პრესის მესაკუთრეთა ინტერესებს შეეხოს და ამიტომ სადავოც გახდეს.

ელექტრონული მედიის შესახებ კანონპროექტის შემუშავებისას იუსტიციის სამინისტროს, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გარდა, ელექტრონული პრესის განსაკუთრებულმა მისიამაც უბიძგა. ტელევიზიას, რადიოსა და ინტერნეტს საზოგადოებაზე ზეგავლენის გაცილებით ფართო საშუალებები აქვს, ვიდრე ბეჭდვით მედიას. თუმცა კანონპროექტი ინტერნეტის სფეროს არ შეეხება და ის ჯერ კიდევ ქართული კანონმდებლობის ყურადღების მიღმა რჩება. სამაგიეროდ, კანონპროექტი დეტალურად განსაზღვრავს სამაუწყებლო საშუალებების სახეებს და ადგენს ელექტრონული მედიის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. 27 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კანონპროექტის ფუნქციონალური მნიშვნელობა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ ასე ახსნა.

[ეზუგბაიას ხმა] „პროექტის უდიდესი ნაწილი მიძღვნილია, ერთი მხრივ, ელექტრონული მედიის საშუალებების საქმიანობისათვის სამართლებრივი გარანტიების შესაქმნელად და მათ შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და, მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების, ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული საზოგადოების უფლებების დასაცავად.“

პირველი ამოცანა, ანუ ელექტრონული მედიის საშუალებებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება, მონოპოლიის დაუშვებლობის გარანტიებს ქმნის. აქვე ჩადებულია მუხლი, რომელიც შეიძლება საკამათო გახდეს. კერძოდ, კანონი ზღუდავს ელექტრონული პრესის საშუალებათა დამფუძნებლების რაოდენობას. ტელე ან რადიო კომპანიას 3 დამფუძნებელი მაინც უნდა ჰყავდეს, თითოეული კი არაუმეტეს 34 პროცენტს ფლობდეს. თუმცა პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს მათთვის პრინციპული საკითხი არ არის და მედიის წარმომადგენელთა მოსაზრებებსაც გაითვალისწინებენ.

ასევეა აკრძალული სამაუწყებლო საშუალების დაფუძნება რელიგიური ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ და რახან კანონს უკუქმედების ძალა არა აქვს, აქამდე ამ ტიპის ორგანიზაციების მიერ შექმნილი ელექტრონული მედიის საშუალებები კვლავ გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

[ეზუგბაიას ხმა] „ჩვენი აზრით, სამაუწყებლო საშუალება უნდა ემსახურებოდეს - გნებავთ, კერძო, გნებავთ, საჯარო მიზნებით - ობიექტური და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომ არ შეიძლება სამაუწყებლო საშუალება გახდეს ანგაჟირებული ან მიზანმიმართული ერთი კონკრეტული არა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მის დაფუძნების დროს შეიძლება იყოს გაჟღერებული.“[სტილი დაცულია]

თუმცა არც ამ დებულების გვერდის ავლაა რთული: ამა თუ იმ პოლიტიკური ან რელიგიური დაჯგუფების წარმომადგენლები დამოუკიდებლად შექმნიან ელექტრონული მედიის კომპანიას და მაუწყებლობას თავის პოლიტიკურ თუ რელიგიურ პროპაგანდას დაუთმობენ.

ის, რაც კანონპროექტში ნაკლებად შეიძლება შეიცვალოს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნორმებია, რაც, ძირითადად, ეროტიკისა და პორნოგრაფიის ჩვენების ლიმიტების დაწესებით შემოიფარგლება.

კანონპროექტში მოკრძალებითაა ასახული ერთი წლით ადრე სერიოზულ ვნებათა ღელვის მიზეზად ქცეული ეროვნული ტელეპროდუქციის აუცილებელი მოცულობის ოდენობა. ადრე თუ განხილვის საგანი 50 პროცენტი იყო, ახლა საკამათო 15-20 პროცენტიანი ლიმიტი მსჯელობის თემადაც კი შეიძლება არ იქცეს.

კანონპროექტს შემოაქვს საქართველოს კანომდებლობისთვის დღემდე უცნობი ინსტიტუტი -საზოგადოებრივი მაუწყებლობა. ელექტრონული მედიის კანონი მის რეგულირებასაც განახორციელებს, თუმცა მანამდე თავად საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესაბამისი კანონის მიღებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG