Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით შეიძლება დასრულდეს რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის კანონით დარეგულირების მცდელობა საქართველოში


კანონპროექტი სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური დაჯგუფებების შესახებ არ მოსწონს არავის, მისი ავტორის, ანუ იუსტიციის სამინისტროს, გარდა.

მართალია, სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მას აკრიტიკებენ როგორც რელიგიური უმცირესობების, ასევე, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები. ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს ასეთი კანონის მიღების საჭიროებას, რადგან მიაჩნია, რომ ეს, რეგულირების ნაცვლად, კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა შორის და დისკრიმინაციის საფუძვლად გადაიქცევა.

ვინაიდან დღეს მსჯელობა მიმდინარეობს არა იმდენად კანონპროექტის მუხლებზე, რამდენადაც მის კონცეფციასა და კანონის საჭიროებაზე, ზოგადად, მეც სწორედ ამ ჭრილში წარმოგიდგენთ ხელისუფლებისა და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენელთა პოზიციებს. იუსტიციის სამინისტრო თავის განმარტებით ბარათში, რომელიც ერთვის კანონპროექტს ”სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ”, კანონის მიღების აუცილებლობას ასე ასაბუთებს: ”ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოების (იგულისხმება საბჭოთა პერიოდის სათანადო უწყებები) არარსებობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების ფაქტიური გაუქმების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართებით პროცესები უმართავ ხასიათს ატარებს, არაერთი რელიგიური სექტა, ფაქტიურად, უკანონოდ ახორციელებს თავის საქმიანობას, რაც რიგ შემთხვევებში სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენლებს შორის მძიმე დაპირისპირების საფუძველი ხდება. აღნიშნული, ბუნებრივია, არასასურველ სოციალურ პროცესებს ქმნის და საზოგადოების უმართებულო გახლეჩისა და დაპირისპირების საფუძვლად გვევლინება”. კანონპროექტის ავტორები იუსტიციის სამინისტროდან ფიქრობენ, რომ დოკუმენტის ფუნდამენტური ღირებულება სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და მათი საკანონმდებლო რეალიზაციის პრინციპებია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი, ძირითადად, იმეორებს კონსტიტუციის იმ მუხლებს, რომლებიც მოქალაქეთა თანასწორობას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ეხება. ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ იმასაც, რომ ნებისმიერი მოტივით განხორციელებული ძალადობა ისედაც დასჯადია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად. ამ კონტექსტში დიდ კამათს იწვევს, აგრეთვე, კანონპროექტის ის მუხლი, სადაც ”არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმია” ნახსენები. ოპონენტთა აზრით, ეს ძალიან ბუნდოვანი ტერმინია და შეიძლება ცალკეულ პირთა დისკრიმინაციის მოტივად იქცეს. არსებობს ასეთი აზრიც: რომ არ ყოფილიყვნენ იეღოველები, ასეთი კანონის მიღებასაც არავინ მიიჩნევდა საჭიროდ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, საფუძველს მოკლებულია აზრი, ვიღაცის ნების გამო, კანონპროექტის ფორსირებული წესით განხილვა-მიღების შესახებ და მისი პარლამენტისთვის მიწოდება მხოლოდ შემოდგომაზე გახდება შესაძლებელი.

ახლა კი კონკრეტული პოზიციების თაობაზე. საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ კანონი საჭიროა, ოღონდ ის აუცილებლად დასავლეთ ევროპის შესაბამის კანონებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს:

[გიორგი ანდრიაძის ხმა]
”გავეცნოთ როგორი კანონი არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მის ბაზაზე დავიწყოთ კანონის შექმნა. არავითარ შემთხვევაში - ცარიელ ადგილზე, არავითარ შემთხვევაში - ამერიკული, ან უზბეკეთისა და კიდევ რაღაც ასეთი... ”ესენგე”-ს ტიპის ქვეყნების მოდელებით”

”კათოლიკური ლიგის” კოორდინატორი საქართველოში სტანისლავ ლითანიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ”სინდისის თავისუფლებისა და რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის” მიღებას.

ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი მალხაზ სონღულაშვილი კი ფიქრობს, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს პრობლემის გადაჭრას, რაც გულისხმობს იმ სოციალური საქმიანობის კანონის ქოლგის ქვეშ მოქცევას, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიები აწარმოებენ საქართველოში. რაც შეეხება ამის გაკეთებას ცალკე კანონის მიღების გზით, ის დასძენს:

[მალხაზ სონღულაშვილი]
”ჩვენს საზოგადოებაში საფრთხე არის არა კანონების არქონა, არამედ კანონიერების კულტურის არქონა და მე მეშინია, რომ როგორი საუკეთესო კანონიც არ უნდა მივიღოთ ამ ეტაპზე, ეს გახდება მანიპულაციისა და ვიღაცაზე ძალადობის მიტანის საფუძველი.”

კანონპროექტის მიმართ კრიტიკით გამოდის ”თავისუფლების ინსტიტუტი”. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი დისკრიმინაციულია და სახელმწიფოსთვის სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებათა ”კანონიერი” გზით შეზღუდვის უფლების მინიჭებას ისახავს მიზნად. ლევან რამიშვილი აცხადებს:

[ლევან რამიშვილის ხმა]
”თქვენ ახლა გვთავაზობთ, რომ იურიდიული დეფინიცია მოვახდინოთ რელიგიური გაერთიანების, ხო? თუ ეს ახალი დეფინიცია შემოგვაქვს, რატომ უნდა იყოს ეს უფრო დამამძიმებელი, ვიდრე არის, დავუშვათ, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური გაერთიანება. ზიანის მოტანა გაცილებით მეტი შეუძლია პოლიტიკურ გაერთიანებას. არც ერთი რელიგიის გამო იმდენი ადამიანი არ დაღუპულა, რამდენიც დაიღუპა პოლიტიკური იდეოლოგიების გამო”.

”დემოკრატიის კოალიციის” წარმომადგენელი კახა ლომაიაც ფიქრობს, რომ არსებული კანონპროექტი შემზღუდავი ხასიათის არის და ისევ და ისევ მართლმადიდებლურ ეკლესიას მოუტანს ზიანს.

უნივერსიტეტის პროფესორ, თეოლოგ ზურაბ კიკნაძისათვის კი სრულიად ცხადია, რომ რელიგიას კანონით ვერ დაიცავ, რომ რელიგია თვითონ იცავს საკუთარ თავს:

[ზურაბ კიკნაძის ხმა]
”მე მართლმადიდებელი ვარ თვითონ, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი იმას, რომ აბა ჩაიკეტოს ყველაფერი, მიეცეს მას აკრძალვები, შეზღუდვები, რომ მე ვიპარპაშო. არ გამოვა ეს. ეს არის დამამცირებელი თვით მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყველაზე დიდი ეკლესიისა, რომელიც არის საქართველოში”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG