Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ანალიტიკოსები ნატო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 10 ივლისს, ორმა რუსმა ანალიტიკოსმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება ავნებს როგორც რუსეთს, ისე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, და ევროპის დაქუცმაცებას გამოიწვევს.



“პოლიტიკის ფონდის” თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ნიკონოვმა (ამ ორგანიზაციას მჭიდრო კავშირი აქვს კრემლთან) განაცხადა, რომ რუსეთისთვის არავითარი აზრი არა აქვს ნატოში ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების მხარდაჭერას, რადგან “ომის მანქანის საკუთარ საზღვრებთან მოახლოებისას, თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობთო”.

ნიკონოვის აზრით, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა, როგორც ნატოს ახალი წევრები, ალიანსს სარგებლობას ვერ მოუტანენ, ვინაიდან სუსტი წევრები მხოლოდ დაასუსტებენ მას სამხედრო თვალსაზრისით.

ექსპერტი ამბობს, რომ ნატოს გაფართოება იზოლაციაში მოაქცევს რუსეთს და გაყოფს ევროპას. გარდა ამისა, ალიანსში ყოფილი საბჭოთა ბლოკის დამატებითი ქვეყნების შესვლა მხოლოდ გააძლიერებს ატლანტიკის პაქტში ანტირუსულ სენტიმენტებს და ავნებს მასა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს.

ნიკონოვი თვლის, აგრეთვე, რომ გაფართოება ნატოს ახალ წევრებსაც არ არგებს, ვინაიდან ისინი დაკარგავენ საკუთარ დამოუკიდებელ ხმას. ”ნატო თვითონ არავითარ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ყველაფერი ვაშინგტონში წყდებაო,” ამბობს ნიკონოვი.

სერგეი ოზნობიშევი, სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ ძველი წინასწარშეგონება და შიში დღესაც თამაშობს როლს ნატოს გაფართოების საკითხში. ექსპერტი იხსენებს, რომ 1990-იან წლებში ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ამართლებდა ნატოს გაფართოებას, როგორც მოსკოვის იმპერიალისტური ამბიციების შეჩერების საშუალებას. და ახლა, ათი წლის შემდეგ, ამბობს ოზნობიშევი, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ეს მიდგომა კვლავაც ძალაშიაო.

[ოზნობიშევის ხმა] “ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ისტორიის საათი გაჩერდა და რუსეთს აღიქვამენ, როგორც ძველ საბჭოთა კავშირს, თითქოს ის კვლავაც ემტერებოდეს ვინმეს მენტალურად თუ ფიზიკურად.”

ოზნობიშევის თქმით, ეს შიში გაუმართლებელია. რუსეთი ახლა დასავლეთის მოკავშირეა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს – რუსეთის პოლიტიკური ელიტისა და სამხედრო წრეების რჩევების საწინააღმდეგოდ – დასავლეთის ქვეყნები რუსეთს მაინც ეჭვის თვალით უყურებენ.

ოზნობიშევი ამბობს, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს დაარსება გასულ მაისში, რომში, ადასტურებს რუსეთის სურვილს, ნატოსთან ახლო ურთიერთობები დაამყაროს. საბჭოში რუსეთმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა მთელი რიგი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მშვიდობის დაცვის ოპერაციები, შეიარაღების კონტროლი.

ამასთან, ოზნობიშევი აღიარებს, რომ საბჭო არის მხოლოდ ბიუროკრატიული სტრუქტურა, პრაქტიკული უფლებამოსილების გარეშე. მისი თქმით, ეს დადასტურდა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონთან საუბარში. შეკითხვაზე, როგორ იმუშავებს ახალი სტრუქტურა, მან 15 წუთი ილაპარაკა ევროპის მთელს კონტინენტზე დემოკრატიის პერსპექტივებისა და ტრიუმფის შესახებ, მაგრამ საბჭოს მუშაობის შესახებ არაფერი უთქვამს.

ნატო-რუსეთის საბჭოს “პოლიტიკის ფონდის” თავმჯდომარე ნიკონოვიც აკრიტიკებს. მისი თქმით, მოსკოვს არც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება მისცემია, და არც მომავალ მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალება. მაგალითად, მოსკოვის აზრს ნატოს გაფართოების შესახებ ანგარიშს არც უწინ უწევდნენ და არც ახლა უწევენ.

რუსეთს ხმის უფლება მიეცა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ანტიტერორისტული ოპერაციები და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა. ამასთან, ცხადია, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის ეს საკითხები მთავარი არ არის. “მნიშვნელოვან საკითხებს სხვა მაგიდასთან განიხილავენ, რუსეთის გარეშეო”, ამბობს ნიკონოვი.

ნიკონოვი ასკვნის, რომ დასავლეთთან ურთიერთობების კონტექსტში ნატოსთან კავშირი რუსეთისთვის მეორეხარისხოვანია და თუ ალიანსთან მეგობრობა ვერ აეწყო, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. თანამედროვე სამყაროში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კეთილ ორმხრივ კონტაქტებსო, ამბობს რუსი ანალიტიკოსი.
XS
SM
MD
LG