Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი 10 ივლისს "თავისუფლების ინსტიტუტის" დარბევას მეორე დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკრება მოჰყვა სახელმწიფო მართვის საქართველოს ინსტიტუტში.

მცირე დარბაზში ასზე მეტი ადამიანი შეგროვდა ოთხშაბათის ვანდალური აქციის დასაგმობად და გასაპროტესტებლად. საზოგადოებას გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა, ხოლო იქ მყოფმა ადამიანებმა ხელი მოაწერეს ქართულ და ინგლისურ ენაზე დაწერილ ასეთ სიტყვებს: "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო. ჩვენ ვგმობთ სიტყვისა და პოლიტიკური თავისუფლების ჩასახშობად მიმართულ ყველა ქმედებას". ტექსტი ბროსეს ქუჩაზე, ხსენებულ ინსტიტუტშია გამოკრული: ყველა მსურველს შეუძლია მივიდეს და თავისი ხელმოწერა შეუერთოს. თუმცა, ძალადობის გასაპროტესტებლად იქ მისულ ადამიანებს ილუზიები არ ჰქონიათ: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას განცხადებათა კეთებისა და მიმართვათა დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ამას მისთვის სასურველი შედეგი ჯერ არ მოჰყოლია.

ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვან დარღვევაზე საქართველოში ასევე მრავალგვარი რეაქცია ყოფილა. შედეგად, დარღვევათა რაოდენობა არ შემცირებულა. ამიტომ თუ იყო, რომ შეკრებაზე მყოფმა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ განაცხადა, აღშფოთების გამოხატვას აზრი არა აქვსო. ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან ესკალაცია გრძელდება და, ღმერთმა ქნას, ის მცირე სისხლი, თავისუფლების ინსტიტუტში რომ დაიღვარა, უკანასკნელი იყოს. მე არ ვიცი, რა საშუალება უნდა გამოინახოს ამის აღსაკვეთად, თქვა ზურაბ კიკნაძემ, დღეს ერთადერთი გზაა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შეუერთდეს ამ მიმართვას, ხვალე კი ხვალისას გამოაჩენს.

ჩვენ შეიძლება არ გვაქვს მკაცრი სამოქმედო გეგმა, მაგრამ მთავარია, რომ გამოვხატავთ პროტესტს, აღნიშნა ფილოსოფოსმა გია ნოდიამ [ნოდიას ხმა]: “გუშინდელი აქცია, რა თქმა უნდა, დაშინების აქცია იყო. მისი მთავარი მიზანი იყო ის, რომ საქართველოში ვერავინ გაბედოს, ნაძირალას დაუძახოს ნაძირალა. მე მგონი, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, იმის სათქმელად შევიკრიბეთ, რომ არ გვეშინია დავუძახოთ ნაძირალას – ნაძირალა, თაღლითს – თაღლითი და ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაშინებს. საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ რაღაც ერთი მუჭა ხალხია, ვისაც მართლა აღელვებს სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის ღირსება. მე მგონი, ეს ასე არ არის; ჩვენი ძალები და ორგანიზაციის უნარი ჯერჯერობით არც ისე დიდია, როგორც გვინდა, მაგრამ საქართველოში არის ბევრი ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს მორალური აღშფოთების გრძნობა და უნარი, გაარჩიოს შავი და თეთრი. ეს ხელმოწერები, თავისთავად, ამ ქვეყანას არ გადააბრუნებს; ჩვენ, ალბათ, უნდა ვიფიქროთ უფრო ქმედით, უფრო ეფექტურ, უფრო აგრესიულ მეთოდებზე იმისათვის, რომ დავიცვათ თავისუფლება, დავიცვათ ის რაღაც უფლებები, ბოლო ათ წელიწადში რომ მოვიპოვეთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, ეს მაინც უნდა გავაკეთოთ”.

“სულ მცირეში” გია ნოდია მიმართვაზე ხელმოწერას გულისხმობდა, რაზედაც შეკრებაზე მყოფი ყველა პიროვნება შეთანხმდა.

თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა გიგა ბოკერიამ საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლების ყურადღება გაამახვილა დასავლეთში მიღებულ სტერეოტიპზე, თითქოს საქართველო ნელა, მაგრამ მაინც მიიწევს დემოკრატიული განვითარების გზით. ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს და გაუგებრობა გაიფანტოს. საქართველო ბელარუსიზაციის გზას ადგას და არა დემოკრატიის. ამას მხოლოდ გუშინდელი შემთხვევის გამო არ ვამბობ, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
XS
SM
MD
LG