Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისაღები გამოცდების გარდა, კიდევ რისი შეცვლა სურთ სტუდენტებს უნივერსიტეტში


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენმა მკითხვეელებმა უკვე იციან, რომ ვაკე-საბურთალოს სასამართლომ მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სარჩელი, რომელიც მისაღები გამოცდების წესთან

დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას მოითხოვს. მაგრამ სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნების დაყვანა პრეტენზიამდე მხოლოდ მისაღები გამოცდების მიმართ – სათქმელის გაუბრალოება იქნებოდა. ხუთშაბათს, 8 აგვისტოს უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს და გააცნო წინადადებები, რომელთა განხორციელებაც, სტუდენტების აზრით, სასურველია (თუ აუცილებელი არა) უმაღლეს სასწავლებლებში. ვფიქრობთ, საზოგადოებისთვისაც ღირებული იქნება სტუდენტების თვალსაზრისის გაცნობა. ამიტომაც წარმოგიდგენთ მათ ზოგიერთ მოსაზრებას.

შეხვედრაზე, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა, სტუდენტებმა თავიანთი წინადადებები მტკიცებისა და მოტივირების გარეშე წარმოადგინეს. შესაძლოა, ეს ტაქტიკის საკითხია – საზოგადოებმადე ჯერ მთავარი სათქმელი უნდა მივიდეს და უკვე შემდეგ – არგუმენტაცია. ასე, მაგალითად, სტუდენტებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ უნივერსიტეტის 21 ფაკულტეტის კონსოლიდაცია 5 სკოლად – იურიდიული, ბიზნესი, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და სამედიცინო, აგრეთვე, უნივერსიტეტში და ფაკულტეტებზე ადმინისტრაციული და აკადემიური ხელმძღვანელობის გამიჯვნა. ამასთან, ხელმძღვანელი პირებისათვის ვადების ლიმიტის შემოღებას ითხოვენ და მაიჩნიათ, რომ ეს პირები ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეიძლება მსახურობდნენ თანამდებობაზე.

ფაკულტეტების ხელმძღვანელებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფაკულტეტთა საბჭოები ირჩევენ, მაგრამ სტუდენტებს სურთ, რომ საბჭოში სამეცნიერო და სტუდენტური საბჭოები თანაბარ საწყისებზე იყვნენ წარმოდგენილნი, ხოლო უნივერსიტეტის დიდ საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლობა გაიზარდოს წევრთა მესამედამდე. თავად ფაკულტეტებს უნდა ჰქონდეთ სრული აკადემიური, ადმინისტრაციუილი და ფინანსური ავტონომია, შემოსავლების უმეტესი ნაწილი რჩებოდეს ფაკულტეტის ბიუჯეტში.

სტუდენტთა ერთი წინადადება ითვალისწინებს უნივერსიტეტის გარდაქმნას არასამეწარმეო იურიდიულ პირად და საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადასახადისაგან გათავისუფლებას.

რახან გადასახადებსა და შემოსავლებს შევეხეთ, ვიტყვით, რომ სტუდენტებს საჭიროდ მიაჩნიათ დაფინანსების სისტემის შეცვლაც; სახელდობრ, საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ბიუჯეტის 5% უნდა დაიხარჯოს სტუდენტურ პროგრამებზე, საიდანაც სტუდენტური ღონისძიებები დაფინანსდება. თავად უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების დღევანდელი, ე.წ. სახელმწიფო შეკვეთის სისტემა შესაცვლელია “ვაუჩერული სისტემით”: სახელმწიფო წარჩინებულ სტუდენტს ან აბიტურიენტს აძლევს ვაუჩერს, ვაუჩერი მას მიაქვს იმ უნივერსიტეტში, სადაც სწავლას აპირებს. უნივერსიტეტი ვაუჩერებს წარადგენს ფინანსთა სამინისტროში, რომელიც საბიუჯეტო სახსრებს გაანაწილებს აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის ვაუჩერების პროპორციულად.

მისაღები გამოცდების გაუქმების სანაცვლოდ სტუდენტები გვთავაზობენ სკოლის დამთავრებისას თვითეული მოსწავლის მიერ სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებას. უმაღლესი შეფასების მქონე მოსწავლეთა უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს 100%-ანი ვაუჩერით, კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სწავლება – 75%-ანი ვაუჩერით. საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები სწავლის საფასურს თავად გადაიხდიან.

უნივერსიტეტში უწყვეტი შეფასების სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს ყოველი სემესტრის დახურვისას 100 და 75%-ანი ვაუჩერების ხელახალ გადანაწილებას სტუდენტებს შორის მათი აკადემიური მოსწრების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო და ფასიანი სექტორის სტუდენტებმა შეიძლება ადგილებიც გაცვალონ, რომ არაფერი ვთქვათ სკოლიდან “ჩაწყობით” წამოღებული უმაღლესი შეფასების დაკარგვაზე.
XS
SM
MD
LG