Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ არმიტაჯი არ გამორიცხავს, რომ ”ალ-ყაიდის” წევრებმა ჩრდილოეთ ერაყში ნახეს თავშესაფარი


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, ტოკიოში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რიჩარდ არმიტაჯმა განაცხადა,

რომ ”ალ-ყაიდის” წევრებმა, როგორც ჩანს, ქურთების მიერ კონტროლირებულ ჩრდილოეთ ერაყში ნახეს თავშესაფარი. ამდენად, არმიტაჯმა სარწმუნო გახადა ოფიციალური ბაღდადის მტკიცება, რომ ავღანეთიდან გაქცეული ”ალ-ყაიდის” წევრებს ერაყი არ მასპინძლობს. ”ჩვენთვის არაა ცნობილი, რომ ”ალ-ყაიდის” წევრები ერაყში იმყოფებიან. სავსებით შესაძლებელია მათი ყოფნა ერაყის იმ ნაწილში, რომელსაც ბაღდადი ვერ აკონტროლებს”- განაცხადა რიჩარდ არმიტაჯმა.

ხოლო შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, გასულ კვირაში განაცხადა, რომ ”ალ-ყაიდის” წევრები, როგორც ჩანს, ერაყში იმყოფებიან ოფიციალური ბაღდადის თანხმობით.

შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გასულ კვირაში გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ”ალ-ყაიდის” წამყვანმა წევრებმა ერაყს შეაფარეს თავი რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ტერორიზმისადმი სადამ ჰუსეინის მხარდაჭერასო. პაპსუხად, ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თარიქ აზიზმა, ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცეულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ალ-ყაიდის” წევრები არიან ჩრდილოეთ ერაყში, რომელსაც ბატონ რამსფელდის მოკავშირე, ქურთების ოპოზიციის ლიდერი ჯალალ თალაბანი უწევს კონტროლსო.

”არ მინდა იმის თქმა, რომ ”ალ-ყაიდის” წევრებს ქურთები იცავენ. არ მგონია, ქურთებს სხვებზე მეტად ეხატებოდეთ გულზე ”ალ-ყაიდა”. მაგრამ ტერორისტების ყოფნა ”საკამათო ტერიტორიაზე” ჩრდილოეთ ერაყში, ჰუსეინის მთავრობისთვის არაა ხელმისაწვდომი”- განაცხადა პრესკონფერენციაზე ტოკიოში რიჩარდ არმიტაჯმა.

არმიტაჯის ძალისხმევას, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა მიეღო ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაში, არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ, დაამთავრა რა ოთხშაბათს თავისი 6-დღიანი მოგზაურობა აზიის რეგიონში, რიჩარდ არმიტაჯმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არც აპირებს ხსენებულ ოპერაციაში რომელიმე ქვეყნის მხარდაჭერა მიიღოს.”იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ რაიმე კონკრეტულის გაკეთება ვთხოვო იაპონიას ერაყთან მიმართებაში, ან კიდევ რომელიმე სხვა საკითხში. მე, მოსალაპარაკებლად ჩამოვედი. ჩვენ, აზრები გავუზიარეთ ერთმანეთს” – განაცხადა შეერთებულ შტატებში გამგზავრების წინ რიჩარდ არმიტაჯმა.

ჩინეთმა და ინდოეთმა, რომლებსაც იაპონიაში ჩასვლამდე ესტუმრა არმიტაჯი, მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტ ბუშის განზრახვას – სამხედრო ძალის გამოყენებით დაამხოს ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი. ამავე პოზიციაზეა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი კოფი ანანიც, აგრეთვე გერმანია, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალის გამოყენებით ერაყის პრობლემა ვერ მოგვარდება და დესტაბილიზაციას გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. დელიში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაშვანთ სინჰამ განაცხადა, რომ ”გაუმართლებელია ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, და განსაკუთრებით, არსებული რეჟიმის დამხობის მიზნით”.
XS
SM
MD
LG