Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის წარმოადგენენ ბოროტმოქმედები, რომელთაც მოსკოვში რამდენიმე ასეული მძევალი ჰყავთ დატყვევებული?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რა იდეოლგიური სარჩული უდევს შეიარაღებული ჩეჩენი თავდამსხმელების მოქმედებას, რომელთაც მოსკოვის "დუბროვკის" თეატრალურ ცენტრში რამდენიმე ასეული მძევალი ჰყავთ დატყვევებული?

არის ეს მარგინალური ჯგუფი თუ ჩეჩენ მებრძოლებს შორის იზრდება უფრო ექსტრემისტულ მეთოდებზე გადასვლის ტენდენციები?

გავრცელებული ცნობების თანახმად, თავდამსხმელთა ჯგუფს სათავეში უდგას 23-25 წლის მოვსარ ბარაევი, შარშან რუსეთის ძალების მიერ მოკლული ჩეჩენი საველე მეთაურის არბი ბარაევის ძმისშვილი.

ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორის, ასლან დუკაევის თქმით, არბი ბარაევი იყო რუსებთან მებრძოლი მაჰმადიანი ფუნდამენტალისტების ერთ-ერთი ჯგუფის მეთაური იყო.

[დუკაევის ხმა] "არბი ბარაევის შესახებ ვიცი, რომ მის ჯგუფში რელიგიური ექსტრემიზმის ელემენტები ჭარბობდა. მას ხშირად ადანაშაულებდნენ, რომ ჩეჩნეთში ის ვაჰაბიზმის კონსერვატული მოძრაობის იდეებს ატარებდა. ასე რომ, ჩემი ვარაუდით, მოვსარ ბარაევიც თავისი ბიძის კვალს მისდევს."

ასლან დუკაევი ამბობს, რომ ბარაევის ჯგუფი დიდი ხანია ცნობილია, როგორც კონსერვატული ვაჰაბისტური მოძრაობის ცენტრი, რომელიც ჩეჩნეთში არაოდეს არ სარგებლობდა პოპულარობით.

[დუკაევის ხმა] "ის არასოდეს ყოფილა პოპულარული მეთაური. არასოდეს ყოფილა მეთაური, რომელსაც პატისვს სცემენ. მას ხშირად ადამიანების გატაცებაში ადანაშაულებდნენ."

დუკაევის მტკიცებით, ვერც არბი ბარაევისა და ვერც მისი ძმისშვილის მოქმედებებს ვერ აკონტროლებდა და ვერც ახლა აკონტროლებს ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერი ასლან მასხადოვი. ასლან დუკაევი აღნიშნავს, რომ მასხადოვმა დაგმო მოსკოვში მძევალთა აყვანის ოპერაცია. ეს ოპერაცია გააკრიტიკეს ასევე, მასხადოვის მოადგილე ახმად ზაკაევმა და სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილიაზ ახმადოვმა.

დუკაევის თქმით, მასხადოვი და მისი გარემოცვა არ ეკუთვნიან მუსლიმან ფუნდამენტალისტთა რიცხვს და ბარაევი ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის მარგინალურ დინებას წარმოადგენს.

[დუკაევის ხმა] "ისინი, როგორც ჩანს, საკუთარ მიზნებს ახორციელებენ, საკუთარ გეგმას, რომელიც ძალიან განსხვავდება მასხადოვისა და მისი მთავრობის გეგმებისგან."

ჩეჩენი ჟურნალისტის აზრით, სწორი არ იქნებოდა იმის თქმა, თითქოს ჩეჩნეთში ისლამური ექსტრემიზმი აღმავლობას განიცდის.

[დუკაევის ხმა] "არა მგონია, ასე იყოს. რასაკვირველია, ჩეჩნეთში მოიძებნებიან ექსტრემისტული ჯგუფები, ან ექსტრემისტი ადამიანები. მაგრამ მთლიანობაში, ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და არა ისლამური იდეებისთვის თუ ისლამური პრინციპებისთვის, ანაც ისლამური მთავრობის დაარსებისთვის."

დუკაევი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნების ბევრი ჯგუფი ისლამურ რიტორიკას მიმართავს, მათი უმთავრესი მოთხოვნა რესპუბლიკიდან რუსეთის ჯარების გაყვანაა. ის იხსენებს ჩეჩნეთის ინფორმაციის ყოფილი მინისტრის მოვლადი უდუგოვის საინტერნეტო გვერდს,
kavkaz.org-ს, რომელშიც ბარაევის მოქმედებებისადმი მხარდაჭერაა გამოხატული. რადიო "თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ვებსაიტი არ გამოხატავს ჩეჩნეთის სეპარატისტული მთავრობის ოფიციალურ პოზიციას. მისივე განმარტებით, მასხადოვის პოზიცია აისახება საიტზე ChechenPress.com.

ამასობაში უკვე მოსკოვშიც გაისმის ჩეჩნეთიდან ფედერალური ჯარების გაყვანის მოთხოვნა. დღეს დილით ჩვენი რადიო მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თეატრის დარბაზში მყოფ ერთ-ერთ მძევალს, სახელად ელენას. მან მოითხოვა, რომ თეატრთან მივიდეს ხალხი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვოს.

[ელანას ხმა] "ჩვენ გვინდა, რომ ხალხი აქ მოვიდეს და მოითხოვოს, ჩვენი გათავისუფლების მიზნით, დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ჩეჩნეთის რესპულიკიდან ჯარების გაყვანის შესახებ."

ელენას თქმით, მძევლები გრძნობენ, რომ დრო იწურება. ამ მოწოდების საპასუხოდ, მძევალთა 70-მდე ნათესავმა მოსკოვში დემონსტრაცია მოაწყო. ისინიც მოითხოვენ, რომ რუსეთის ჯარმა ჩეჩნეთი დატოვოს.

[დემონსტრანტების შეძახილები] "შეაჩერეთ ომი ჩეჩნეთში! ძირს ჩეჩნეთის ომი!"
XS
SM
MD
LG