Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძის ოპტიმიზმი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი თბილისი ძიუდოისტთა ტრადიციული საერთაშორისო

ტურნირის სამასპინძლოდ ემზადება, შეჯიბრება 2 დღეს გასტანს: 31 იანვარს დაიწყება და 1 თებერვალს დამთავრდება. ძიუდოს ევროპული ფედერაციის შარშანდელი გადაწყვეტილებით, ამ ტურნირს სალიცენზიო სტატუსი დაუბრუნდა და თბილისში ჩამოსვლის სურვილი 40-მდე ქვეყნის ნაკრებმა გამოთქვა. დღემდე ამგვარი ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მონაწილეთა შორის 20-მდე ქვეყანა თუ იქნება. მიზეზად სახელდება ჩვენში არსებული რთული კრიმინოგენური ვითარება და გაჭიანურებული ენერგოკრიზისი. კიდევ კარგი, რომ ამ პრობლემებს არ შეუშინდნენ იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის, თურქეთის, საბერძნეთის სპორტული დელეგაციები, რომლებიც უძლიერესი შემადგენლობით გვეწვევიან. ამათ დაემატებიან თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ძიუდოისტები და ოთხი გუნდით წარმოდგენილი საქართველოს ნაკრები. მასპინძლები შვიდივე წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას ვარაუდობენ და, როგორც მათი უფროსი მწვრთნელი შოთა ხაბარელი აცხადებს, ძალაც შესწევთ ქადილისა. არგუმენტად თუნდაც 2002 წლის შედეგები გამოადგებათ: ძიუდოისტებმა შარშან მართლაც კარგი მოსავალი მოიმკეს.
მოკლედ, ძიუდოისტები და სპორტის სხვა ინდივიდუალურ სახეობათა წარმომადგენლები ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად გაირჯებიან. შარშანდელი სპორტული სეზონის კიდევ ერთ წარმატებულ გუნდს – მორაგბეთა ნაკრებს კი, ცხადია, სხვა გეგმები აქვს: თებერვალში ევროპის ერთა თასის მორიგი გათამაშება იწყება, შემოდგომაზე კი – მსოფლიო თასის ფინალური ტურნირი. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის ბიძინა გეგიძის თქმით, წლეულს ეროვნულ ნაკრებს სწორედ ამ ორი მთავარი ამოცანის გადაჭრა მოუწევს: ევროპული თასის დაბრუნება და ავსტრალიაში მსოფლიო თასზე ღირსეული გამოსვლა. ამასობაში, რაგბის საერთაშორისო საბჭომ მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიდან გარიცხა ქართველთა მიერ ძლეული რუსეთის ნაკრები. რუსებს თურმე უფლება არ ჰქონდათ გუნდში შეეყვანათ გაურკვეველი წარმომავლობის სამხრეთაფრიკელი მოთამაშეები – პიტერსი, ფოლსხენკსი და ჰედრიქსი. რაგბის საერთაშორისო საბჭომ ამ დღეებში განიხილა ესპანელთა საჩივარი, რუსებს წაგება ჩაუთვალა და სააპელაციოდ ორკვირიანი ვადა დაუწესა. შეგახსენებთ: რუსთა გუნდში სამხრეთაფრიკელები პირველად სწორედ საქართველოსთან მატჩში გამოჩნდნენ, თუმცა ქართველებს ეს ამბავი არ გაუპროტესტებიათ.
რუსები რაგბიში კი ჩამოვიცილეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, მოგეხსენებათ, გაზაფხულზე განახლდება, საქართველო-რუსეთის ჩაშლილი მატჩის გადათამაშება კი 30 აპრილს შედგება. მანამდე ქართველებმა ირლანდიასა და შვეიცარიას უნდა უმასპინძლონ და, თუ საქმე კარგად წაუვიდათ, 30 აპრილის შეხვედრას სწორედ მაშინ ექნება გადამწყვეტი სატურნირო მნიშვნელობა. ოფიციალურ ევროპულ მატჩებს წინ უსწრებს 12 თებერვლისთვის დანიშნული ამხანაგური თამაში - საქართველო-მოლდოვა, რომელიც თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება. რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ სტადიონის ელექტროსისტემა კაპიტალურად შეკეთდა და შარშანდელი 12 ოქტომბრის მსგავსი ინციდენტი გამორიცხულია. თუ ამაში ფეხბურთის ფედერაციაც დარწმუნდება, უახლოესი ოფიციალური მატჩებიც, ალბათ, “ლოკომოტივზე” შედგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ჯერ არ დაუსახელებია სამოლდოვო შემადგენლობა. მაგალითად, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელმა კახა კალაძემ დღემდე არ იცის, მოუწევს თუ არა თბილისში ჩამოსვლა. კალაძის “მილანი” პირველი წრის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, თავად კალაძე კი “სერია-A-ს” პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
(კახა კალაძის ხმა): “მე, პირველ ყოვლისა, კმაყოფილი ვარ მთლიანად გუნდის თამაშით. ძალიან ძლიერად ჩავატარეთ პირველი წრის თამაში. ყველამ კარგად ითამაშა. ჩემი თამაშით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვცდილობთ უფრო მოვუმატოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ, რომ ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ”.
კახა კალაძემ მორიგი ჭორი უწოდა გავრცელებულ ხმებს “ლივერპულში” მისი შესაძლო გადასვლის თაობაზე. “ამგვარი საუბრები არასერიოზულია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, - აცხადებს ფეხბურთელი. - მე ევროპის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში ვთამაშობ და აქედან წასვლას არ ვაპირებ”. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების პერსპექტივას კალაძე ასე აფასებს:
(კახა კალაძის ხმა): “ფეხბურთში არარეალური და შეუძლებელი არაფერია. თამაში ყველასთან შეიძლება. თუ ყველა მოინდომებს, შეიძლება გამარჯვებაზე ფიქრი. თუ თითოეული ფეხბურთელი გამოამჟღავნებს თავის მაქსიმალურ შესაძლებლობას, ვფიქრობ, სამივე თამაშში მაქსიმუმს - ცხრა ქულას ავიღებთ”.
XS
SM
MD
LG