Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ექმნება პრობლემა 1 და 2 თეთრიან მონეტებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სამომხმარებლო ბაზარზე და ვაჭრობის თუ მომსახურების ობიექტებში მომხმარებელი, ალბათ, წააწყდება შემთხვევას, როდესაც მომსახურების საფასურის გადახდისას ამაოდ ელოდება მისთვის

დასაბრუნებელ ხურდა ფულს. ამგვარი შემთხვევები მით უფრო ხშირია, თუ საქმე დაბალი ნომინალის მონეტებს ეხება. ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ფასები იმგვარად არის დამრგვალებული, რომ 1 და 2 თეთრიან მონეტაზე მოთხოვნილება, ფაქტობრივად, გაქრა. არადა, ბრუნვაში ეს მონეტები საკმაო რაოდენობით არის. რატომ ექმნება პრობლემა 1 და 2 თეთრიანებს და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები?

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ფულის მიმოქცევის სისტემაში გაშვებულია 103 ათას 332 ლარის ღირებულების 10 მლნ. 333 ათას 218 ერთთეთრიანი და 104 ათას 348 ლარის ღირებულების 5 მლნ. 217 ათას 403 ცალი ორთეთრიანი მონეტა. ანუ საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ყველაზე დაბალი ნომინალის რამდენიმე მონეტა მოდის. მიუხედავად ამისა, სამომხმარებლო ბაზარზე 1 და 2 თეთრიანის პოვნა საკმაოდ რთულია.

საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბალი ღირებულების ლითონის ფულის კონტროლი რამდენიმე სამსახურს ევალა, რომლებიც სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს სისტემატურად ამოწმებდნენ და სალაროში საჭირო რაოდენობის 1, 2, 3 და 5 კაპიკიანი მონეტების უქონლობის შემთხვევაში დაწესებულება სერიოზულ ჯარიმას ვერ ასცდებოდა.

დღევანდელ რეალობაში გამყიდველი თავის პროდუქციასა თუ მომსახურებაზე იმგვარად ამრგვალებს ფასებს, რომ 1 და 2 თეთრიანი საჭირო აღარ ხდება, ხოლო იმ მცირერიცხოვან შემთხვევებში, როდესაც ფასებს დაუმრგვალებელი "კუდები" ახლავს, ხშირად, ცნობილი ფილმის ("მიმინო") პერსონაჟის მსგავსად, თავად მომხმარებელი იჩენს "ქართულ" ხელგაშლილობას და კუთვნილ ხურდას არ ითხოვს.

არადა, 1 და 2 თეთრიანიც ჩვეულებრივი ფულის ნიშანია და მასაც იმგვარი მოპყრობა სჭირდება, როგორც სხვა უფრო პოპულარულ მონეტებსა თუ ბანკნოტებს.

ზემოაღნიშნულ ნომინალებთან დაკავშირებით პრობლემებს, როგორც წესი, ადგილი აქვს უშუალოდ მიმოქცევის პროცესში. კერძოდ, აღნიშნული ნომინალის მიუღებლობის ან მათი დაუბრუნებლობის ფაქტები, ძირითადად, ხდება საბანკო სისტემის გარეთ - სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეკონომიკის მოთხოვნა ყველა ნომინალის ფულის ნიშნებით /მათ შორის, 1 და 2 თეთრიანებით/ და შეუძლია დაიცვას მოსახლეობის ინტერესები მხოლოდ საბანკო და საგადამცვლელო სისტემაში, მაგრამ იმის გამო, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები ჩვენთან განუზომლად დიდია და ფულის ძირითადი ნაკადიც ნაღდი სახით მოძრაობს, ცენტრალური ბანკი მოკლებულია უფლებას ჩაერიოს და რაიმე ზემოქმედება მოახდინოს ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებზე.

ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ის, რომ გააქტიურდნენ სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, რომელნიც, კანონმდებლობითა და სამოქმედო დებულებებით, ვალდებულნი არიან დაიცვან მომხმარებელთა ინტერესები და უფლებები. კერძოდ, ამგვარი ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლება მინიჭებული აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოებს ან სახელმწიფო მმართველობის მიერ საამისოდ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ან სახელმწიფო საგადამხდელო ორგანოებს, ფასების სახელმწიფო ინსპექციას, კონტროლის პალატას და სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს. თუმცა ჩვენი უფლებების დაცვა და მისი რეალიზაცია, პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელია ვინმე ძალით აიძულო კუთვნილი ხურდა ჯიბეში ჩაგვიჩხრიალოს.
XS
SM
MD
LG