Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის საპირველაპრილო შავი იუმორი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართული საზოგადოება რომ კვლავინდებურად დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ერაყის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ამას ისიც მოწმობს, რომ 1 აპრილს, როცა, საერთო აღიარებით, "მოტყუება ადვილია",

ქართულმა პრესამ ტყუილის ობიექტად, ძირითადად, ერაყის თემა აირჩია. რამდენად ენამოსწრებულად ხუმრობდა 1 აპრილს ქართული პრესა?

ნათქვამია: ვისზეც ლაპარაკობენ, პოპულარულიც ის არისო. - ამ ფრთიანი ფრაზის შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინია. 1 აპრილს, ხუმრობის საერთაშორისო დღეს, ქართულ პრესაში გამოქვეყნებული "აშკარა-დაუჯერებელი" ინფორმაციის ძირითად ობიექტად სწორედ სადამ ჰუსეინი იქცა.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, ჩვეულებრივ, 1 აპრილის დაუწერელი კანონით, ტყუილი იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ მკითხველმა დაიჯეროს, შეიძლება დავადგინოთ, თუ რა წარმოდგენა აქვთ ქართველ ჟურნალისტებს საკუთარ მკითხველებზე. ანუ, ჟურნალისტების აზრით, რას დაიჯერებს მკითხველი.
ერთ-ერთი გაზეთის ინფორმაციით, სადამ ჰუსეინი არა მხოლოდ სტალინის უკანონო შვილია, არამედ ერაყელი დიქტატორის ვაჟს ქართველი ცოლი ჰყავს. კერძოდ, სადამ ჰუსეინის თანამებრძოლ აბდულა ჯაზირ ალ სულეიმანზე დაყრდნობით, გაზეთი წერს, რომ სადამის შვილი უსაი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, სადაც არა მხოლოდ ქისტებს, არამედ ქართველებსაც დაუმეგობრდა. თურმე უსაიმ საქართველოში ცოლი შეირთო და ახლა მისი მეორე ცოლი პანკისელი ქართველი შათირიშვილია. შესაბამისად, წერს გაზეთი, სადამ ჰუსეინს ნახევრად ქართველი შვილიშვილი ჰყავს და საქართველოს მომავალი მისთვის სულერთი ვერ იქნება.
ცნობისთვის: ფსიქოლოგთა განმარტებით, იუმორი კრიტიკული სიტუაციის შერბილების საუკეთესო საშუალებაა. ამ განმარტების შემდეგ, ცოტა გაუგებრად გამოიყურება კიდევ ერთი გაზეთის ინფორმაცია, თითქოს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი გამხდარა ერაყის ომის გაჭიანურება და მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე. გაზეთის ცნობით, მობილიზებულია პოლიციის ყველა ქვედანაყოფი, თავდაცვის სამინისტროს მოქმედების სრული თავისუფლება მიეცა.
ეს ინფორმაცია ბევრმა დაიჯერა. ყოველ შემთხვევაში, 1 აპრილს რადიო "თავისუფლებაში" აღელვებული მსმენელების რამდენიმე სატელეფონო ზარი გაისმა. რამდენად ეთიკურია ისედაც შეშფოთებულ საზოგადოებასთან ასეთი ხასიათის ხუმრობა? - ამ კითხვაზე ფსიქოლოგმა დალი ბერიკაშვილმა მითხრა:
[დალი ბერიკაშვილის ხმა] "სამწუხაროდ, ძალიან არის მომძლავრებული დესტრუქციული საზოგადოების ნიშნები ჩვენთან და ნეკროფილურიც, რაც გამოიხატება იმაში, რომ სულ დეპრესია და აგრესიულობაა. ამას ხსნიან ეკონომიკური მდგომარეობით, მაგრამ შეიძლება იყო ძალიან ღარიბი და არ იყო არც დეპრესიული და არც აგრესიული."

იმავე ხუმრობამ მაინცდამაინც ვერც უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაამხიარულა. ცნობისთვის: იგი ოთშაბათს სადისკუსიო მაგიდის სტუმარია და პოლიტილოგ მამუკა არეშიძესთან ერთად ერაყის ომსა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG