Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში გაგაცნობთ ექსპერტების აზრს ევროსთან მიმართებაში დოლარის ესოდენ მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით, და საუბარი გვექნება იმაზეც,

რომ კრემლი ფართო ავტონომიური უფლებების მინიჭებას ჰპირდება ჩეჩნეთს.

როგორც გაზეთი "ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, მხოლოდ ბეც ევროპელ პოლიტიკოსებს უნდა ახარებდეს ის ფაქტი, რომ ევრო წარმოუდგენლად გაძლიერდა დოლართან მიმართებაში. გაზეთი წერს:

"დოლარის გაუფასურება პირველ რიგში ევროპის ეკონომიკისთვისაა საზიანო. ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში, სადაც უმუშევრობის პრობლემა დგას წინა პლანზე, კიდევ უფრო გაუარესდება ამ მხრივ მდგომარეობა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, როგორც ჩანს, დღემდე ვერ გააცნობიერა დოლარის დაცემით მოახლოებული საფრთხე, და სწორედ ეს უნდა იყოს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ბრიტანეთის საფინანსო უწყების მესვეურნი კვლავაც თავს იკავებენ ევროზონაში გაწევიანებისაგან".

ამავე აზრისაა ბრიტანეთის მეორე გაზეთი "ფაინენშალ ტაიმსიც", როცა წერს, რომ თუ ხსენებული ტენდენცია გაგრძელდა, ამას მეტად სავალალო ეკონომიკური შედეგები მოჰყვება: ამერიკული ნაწარმი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდება მსოფლიოს ბაზრებზე ევროზონაში შემავალი ქვეყნების ნაწარმთან შედარებით, რაც თავის მხრივ შეამცირებს ევროპული კომპანიების შემოსავალს.
გაზეთი განაგრძობს:

"აშშ-ის ამჟამინდელი ვეებერთელა დეფიციტის ფონზე ალბათ ამაო იქნება მცდელობა დოლარის შემდგომი დაცემის შესაჩერებლად. ამიტომ რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ლიბერალიზაცია უნდა მოახდინოს; ხოლო აზიის ქვეყნებმა უნდა დაუშვან თავიანთი ვალუტების გაძლიერება დოლართან მიმართებაში. მაგრამ გავლენიან პირებს არ სურთ ამგვარი ზომების მიღება. დოლარის გაუფასურება კიდევ უფრო სახიფათო ხდება".

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ეკონომიკური მიმომხილველი რობერტ სამუელსონი დარწმუნებულია იმაში, რომ დოლარის დაცემა სახიფათოდ დაასუსტებს საბოლოო ჯამში უცხოეთის ეკონომიკებს. როგორც სამუელსონი აღნიშნავს:

"არის კიდევ ერთი საფრთხე: უცხო კაპიტალის გატანა ამერიკის ბირჟებიდან, რაც დარტყმას მიაყენებს ბაზარს, და შესაძლოა პანიკაც გამოიწვიოს. 2002 წლის დამლევს, უცხოელები ამერიკული აქციების თითქმის 12 პროცენტს ფლობდნენ, ანუ 7 პროცენტით მეტს 1990 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. დოლარის დაცემასთან ერთად ამ აქციების ფასიც ეცემა უცხოურ ვალუტაზე გადაანგარიშებით, მიუხედავად იმისა, რომ აქციები იმავე დონეზეა."

გაზეთი "ფაინენშალ ტაიმსი" კომენტარს უკეთებს კრემლის გადაწყვეტილებას - უფრო ფართო ავტონომიური უფლებები მიანიჭოს ჩეჩნეთს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"როგორც კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, ჩეჩნეთისთვის ავტონომიის მინიჭების გეგმა უახლოეს თვეებში მომზადდება. სერგეი იასტრჟემბსიკმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა 50-კაციან ჯგუფს, თავისი ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრ ვოლოშინის მეთაურობით, სთხოვა 1 ოქტომბრისათვის წარმოადგინოს რეკომენდაციები. ამდენად, ჩეჩნეთმა უნდა მიიღოს უფრო მეტი თავისუფლება შედარებით იმასთან, რუსეთის ფედერაციის დანარჩენი რესპუბლიკები რომ სარგებლობენ. ამ გეგმამ რიგი რუსი პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია, სახელდობრ იგი გააკრიტიკა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის უფროსმა აჰმად კადიროვმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ფაქტობრივ თავისუფლებას, 90-იან წლებში რომ სარგებლობდა ჩეჩნეთი, კავკასიის ამ რესპუბლიკისთვის ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანია".
XS
SM
MD
LG